მთავარი » დაზღვევა » ოჯახის ექიმები შესაძლებლობების ზღვარზე არიან – სადაზღვევო სექტორი პაციენტების მართვაში ცვლილებებს ითხოვს

ოჯახის ექიმები შესაძლებლობების ზღვარზე არიან – სადაზღვევო სექტორი პაციენტების მართვაში ცვლილებებს ითხოვს

სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტების მართვის პროტოკოლის შეცვლას სთხოვს, რათა ოჯახის ექიმებზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მათ უკეთ შეძლონ კოვიდპაციენტების მართვა.

jandacva.ge-ს ინფორმაციით, არსებულ პრობლემებსა და შესაძლო ცვლილებებზე სასაუბროდ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან 4 სადაზღვევო კომპანიის – „არდის,“ „ჯიპიაის,“ „იმედი ელის“ და “ბენეფიტის” წარმომადგენელთა შეხვედრა გუშინ გაიმართა. აღნიშნული კომპანიები ბაზრის 75 %-ს ფლობენ.

როგორც jandacva.ge-ს სადაზღვევო კომპანია „არდის“აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ განუცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში, „ომიკრონის“ ფართო გავრცელებისა და ამავდროულად, მისი მსუბუქი მიმდინარეობის გამო, ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება, რაც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება. ეს კი ჯანდაცვის პირველადი რგოლისთვის გაუსაძლისი იქნება.

ჯაფარიძის თქმით, პრობლემა ჯერ კიდევ მაშინ წარმოიშვა, როცა დღიურად 4-5 ათასი ახალი შემთხვევა იყო. დღეს კი, მისი განცხადებით, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია. ამას ემატება ის, რომ პაციენტები, ხშირ შემთხვევაში, არ ითვალისწინებენ არსებულ მდგომარეობას და ექიმებისგან ოპერატიულ და ხარისხიან მომსახურებას მოითხოვენ, ასევე ხშირად აკრიტიკებენ და არაკორექტულად მოიხსენიებენ მათ იმ დროს, როდესაც ოჯახის ექიმები შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ, საკუთარი შვებულებისა და ოჯახის წევრებთან ყოფნის ხარჯზე ემსახურებიან ერთდროულად უამრავ ადამიანს.

მიხეილ ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ ოჯახის ექიმებზე დატვირთვა არ შემცირდება, დღიურად 15-20 ათასი ინფიცირების შემთხვევაში, ისინი ფიზიკურად ვერ შეძლებენ მუშაობას და ეს რგოლი კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.

დატვირთვის შემცირების გზა კი, ჯაფარიძის თქმით, ორია: პირველი – არა კოვიდპაციენტებისთვის გეგმიური და პროფილაქტიური მომსახურების გადავადება, თუმცა ამას მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი შეიძლება ჰქონდეს, და მეორე – კოვიდპაციენტების მართვის პროტოკოლის შემსუბუქება, რასაც ომიკრონის მსუბუქი მიმდინარეობა შესაძლებელს ხდის. თუმცა, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ცვლილებები სამედიცინო ხასიათისაა და ამიტომ ისინი ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

„როდესაც დაზღვეულს სურს პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება, მას უნდა შეეთავაზოს, რომ გადადოს ამის გაკეთება, რათა ექიმმა დრო სხვა, უფრო მძიმე შემთხვევების მართვას მოახმაროს. გარდა ამისა, ახლა იმდენად რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, რომ აუცილებლობის გარეშე, პროფილაქტიკური მიზნებისთვის კლინიკაში ვიზიტი საფრთხეებთანაა დაკავშირებული და შესაძლოა, პროფილაქტიკურ კვლევებზე მისული ადამიანი კოვიდპაციენტი გახდეს. გარდა ამისა, უნდა შეიცვალოს კოვიდპაციენტების ბინაზე მართვის პროტოკოლი და შემსუბუქდეს ის, ცხადია, სამედიცინო კრიტერიუმების საფუძველზე. მაგალითად, შესაძლოა ამოღებულ იქნას გარკვეული ანალიზები ინფიცირების პერიოდში, შემცირდეს ზარების სიხშირე და ა.შ. თუმცა ეს მთლიანად სპეციალისტების და ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტია, რადგან ეს სამედიცინო სფეროა. თუმცა ფაქტია, რომ ცვლილებები აუცილებელია, რადგან ექიმების რესურსი ფიზიკურად ვერ გაიზრდება, რეზიდენტებს ხომ არ მოვიყვანთ ოჯახის ექიმებად?“ – აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.

მისივე თქმით, კოვიდპანდემიამ ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის სისუსტე გამოავლინა, რომლის შესახებაც სადაზღვევო სექტორი დიდი ხანია საუბრობს. თავად სადაზღვევო სექტორში, მისივე განცხადებით, ოჯახის ექიმის ინსტიტუტი საკმაოდ განვითარებულია, თუმცა ახლა, როდესაც მათზე უპრეცედენტო ზეწოლაა, ამ დატვირთვის შემსუბუქების გზები უნდა მოიძებნოს.

არდის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ახლა ქვეყანაში ისეთი პერიოდი დგას, როდესაც ადამიანებმა პასუხისმგებლობა თავადაც უნდა გაიაზრონ, მხოლოდ მედპერსონალისგან არ უნდა მოითხოვონ პასუხისმგებლობა და თავადაც უნდა გამოიჩინონ მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რათა, არააუცილებელი და პროფილაქტიკური კვლევებისთვის არ მოაცდინონ ოჯახის ექიმები, რომლებიც უკვე შეუძლებელს აკეთებენ.

სადაზღვევო ასოაციაციის პრეზიდენტის დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, თუ შეიცვლება გაიდლაინი და მსუბუქი პაციენტებთან ოჯახის ექიმების მხრიდან ზარის განხორციელების რაოდენობა შემცირდება, ამან შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზოგოს ოჯახის ექიმების რესურსი.ხოლო თუ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა გაგრძელდა, მისივე თქმით, უკვე შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს რეგულაციის მიღება, რომელიც ამბულატორიულ, არააუცილებელ სერვისებს ქვეყანაში დროებით შეაჩერებს. დევი ხეჩინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს არა მხოლოდ რეკომენდაციის, არამედ ვალდებულების სახით.

როგორია სამინისტროს პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით და შეიცვლება თუ არა მსუბუქი პაციენტების მართის გაიდლანი – ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ასევე

კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს – მონაცემი წლიდან წლამდე პრაქტიკულად არ იზრდება

2021 წელს სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 305,5 მლნ. ლარი შეადგინა (გასულ წელს 267,6 …