მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ორსულის ინფიცირება ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების ალბათობას არ ზრდის“

„ორსულის ინფიცირება ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების ალბათობას არ ზრდის“

ორსული ქალის კოვიდ 19-ით ინფიცირება ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების ალბათობას არ ზრდის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დედათა და ბავშვთა მიმართულების ხელმძღვანელმა ლელა შენგელიამ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, უახლესი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ორსულებს ინფიცირების შემთხვევაში ხშირად აქვთ მძიმე და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი რისკები. პრობლემები ექმნებათ ბავშვებსაც. შესაბამისად, ასეთ პაციენტებს, ხშირ შემთხვევაში  ინტენსიური მოვლა და რეანიმაცია ესაჭიროებათ. ამიტომ ყველაზე ეფექტიანი დაცვა იმუნიზაციაა.

ლელა შენგელიას განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2020 წლის მონაცემების გაანალიზების შედეგად, როცა  „დელტა“ და სხვა ახალი შტამები არ ცირკულირებდა, მივიდა დასკვნამდე, რომ ორსულებში კოვიდინფექცია დაკავშირებულია

ნაადრევ მშობიარობების ზრდასთან, მათი ინტენსიური მოვლის განყოფილებაში გადაყვანასთან  და მკვდრადშობადობის შემთხვევების მატებასთან.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი შტამი გავრცელდა, მრავალი კოჰორტული კვლევა ჩატრდა და ერთერთმა მათგანმა დაადასტურა, რომ დაინფიცირების შემთხვევაში 22-ჯერ იზრდება დედის სიკვდილის რისკი. ხოლო თუ მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდება, ამ ოპერაციის შედეგად კლინიკური პარამეტრების  გაუარესების საფრთხეები მომატებულია.

შენგელიას განცხადებით, კოვიდ ვაქცინაციის დამცველობითი როლი ორსულებში განსაკუთრებით მაღალია: კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინირებულ ორსულებში  1,4% ქალი დაინფიცირდა, აუცრელებს შორის კი 11,3%.

მედიკოსის თქმით, რისკების დამატებით ფაქტორს ქმნის ორსულის სხეულის დიდი მასა, ქრონიკული დაავადებები და 35 წელზე მაღალი ასაკი.

ამასთან, ლელა შენგელიას განცხადებით, დელტა შტამის გავრცელების შემდეგ გართულებების შემთხვევები კიდევ უფრო გახშირდა.

მისი შეფასებით, საქართველოში ორსულთა აცრების ტემპები მსოფლიო მაჩვენებელს ჩამოუვარდება, თუმცა ბოლო პერიოდში ეს პროცესში ჩვენს ქვეყანაშიც გააქტიურდა.

მისი მონაცემებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 22200 ორსულია რეგისტრირებული, მათგან მინიმუმ ერთხელ 9,7%-ია აცრილი.

ლელა შენგელიას განმარტებით, თუ ქალი დაორსულებამდე ფაიზერის გარდა, რომელიმე ვაქცინით აიცრა და ორსულობა ამის შემდეგ დადგა, ორსულობის პერიოდში მას „ფაიზერის“ ვაქცინის მიღება შეუძლია.

რაც შეეხება ვაქცინაციის ვადებს ორსულობის პერიოდში. ექსპერტებისა და სამედიცინო ორგანიზაციების ნაწილი ფიქრობს, რომ პირველ ტრიმესტრში ორსულის აცრა არ არის რეკომენდებული, თუმცა, ლელა შენგელიას განცხადებით, ბოლო დროინდელი რეკომენდაციებით, კერძოდ ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მტკიცებულებების თანახმად, ვაქცინაცია ნებისმიერ ტრიმესტრში დასაშვებია და ორსული რაც შეიძლება დროულად უნდა აიცრას, რათა მისი იმუნიზაცია ორსულობის მესამე ტრიმესტრამდე დასრულდეს, რადგან სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი ყველაზე მეტი გართულება.

ლელა შენგელია ასევე ამბობს, რომ აცრა აუცილებელია ძუძუთი კვების დროსაც, როდესაც ვაქცინით გამომუშავებული ანტისხეულების გარკვეული ნაწილი დედის რძიდან ბავშვის ორგანიზმში ხვდება და ისიც დაცული ხდება.

იხილეთ ასევე

თბილისში ბაღების ნახევარზე მეტი დახურულია, ქვეყნის მასშტაბით კი 108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა

ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. ინფორმაციას …