მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » “პაციენტების გარდაცვალების 70%-ზე მეტი ჰოსპიტალში შეძენილ ინფექციებზე მოდის”

“პაციენტების გარდაცვალების 70%-ზე მეტი ჰოსპიტალში შეძენილ ინფექციებზე მოდის”

როგორი უნდა იყოს კლინიკაში შიდა ინფექციების კონტროლი? ამ საკითხზე განმარტებებს ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის სამედიცინო დირექტორი ირაკლი გოგოხია აკეთებს და ამბობს, რომ კლინიკებში პაციენტების გარდაცვალების მიზეზებს შორის 70%-ზე მეტი სწორედ ნოზოკომიურ, ანუ ჰოსპიტლის შიდა ინფექციებს უკავშირდება. ამასთან, მისივე თქმით, ისეთ ელემენტარულ ფაქტორს, როგორიც მედპერსონალის მიერ ხელების სწორად დაბანაა, შეუძლია კლინიკის შიგნით ინფექციების გავრცელება მკვეთრად შეამციროს.

ირაკლი გოგოხია სამედიცინო დაწესებულებაში უსაფრთხოების რამდენიმე აუცილებელ სტანდარტს ასახელებს, მათ შორისაა შენობის დიზაინი, ასევე უსაფრთხო სარემონტო მასალების გამოყენება. რაც შეეხება სამედიცინო ნაწილს, უსაფრთხოების ზომები ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული რეანიმაციებში, საოპერაციოებსა და პალატებში, სადაც უშუალოდ მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს.

„შესაძლოა, ექიმმა სწორად დაგეგმოს მკურნალობის სქემა, სწორი დანიშნულება მისცეს პაციენტს, მაგრამ ვენტილაციის სისტემა იყოს გაუმართავი და ამის გამო მოხდეს ინფექციის გავრცელება ან სხვა უსაფრთხოების სისტემები არ იყოს გამართული და ამის გამო გართულდეს პაციენტი. შენობის ნაწილს რაც შეეხება, საღებავები, რომელიც გამოიყენება რემონტის დროს, უნდა იყოს ანტიბაქტერიული და ანტისტატიური, რეგულარულად უნდა იწმინდებოდეს და მუშავდებოდეს იატაკი. აუცილებლად უნდა იყოს  გათვალისწინებული სამედიცინო ნარჩენების ზონირება – ის, თუ როგორ ხდება მათი გატანა, ხომ არ ხდება მათი გადაკვეთა სუფთა ზონებთან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პაციენტების გარდაცვალების 70%-ზე მეტი მოდის ინფექციებზე, კერძოდ ჰოსპიტალში შეძენილ ინფექციებზე და არა საყოფაცხოვრებო პირობებში შეძენილ ინფექციებზე, რომელთა მართვა გაცილებით მარტივია, რადგან ისინი არ არიან რეზისტენტული შტამებით წარმოდგენილი. თუ ჰოსპიტალი ნორმალურად არის დალაგებული და დამუშავებული და პერსონალი იცავს ინფექციების კონტროლის მექანიზმებს, ჩვენ შეგვიძლია მინიმუმ 30-40%-ით შევამციროთ ჰოსპიტალური ინფექციების გავრცელება. თუ ჰოსპიტალში 80%-მდე მივაღწევთ იმას, რომ ხელს სწორად იბანს სამედიცინო პერსონალი, თუნდაც ამით შეგვიძლია, დრამატულად შევამციროთ ინფექციების გავრცელება. მეორე ნაწილი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენებაა. ანტიბიოტიკო თერაპია მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი: თუ პაციენტს არ სჭირდება ანტიბიოტიკი და რამდენიმე მტკიცებულება არ გაგვაჩნია ექიმებს, ანტიბიოტიკი არ უნდა დაინიშნოს, რადგან ანტიბიოტიკოთერაპია არის რეზისტენტური შტამების, ე.წ. ჰოსპიტალური ინფეციების გავრცელების ერთერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, რომელთან ბრძოლა ძალიან რთულია,“ – განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.

მან ყურადღება გაამახვილა საექთნო სფეროს მიმართ, რადგან სწორედ ექთნებზეა დამოკიდებული ინფექციების კონტროლი. მისივე თქმით, მანიპულაციების სტერილურად ჩატარება ამ კუთხით გადამწყვეტია – მაგალითად, თუნდაც ვენაში წამლის შეყვანა. ასევე მაღალი ხარისხის უნდა იყოს სახარჯი მასალა, განსაკუთრებით პროთეზები.

ამ ეტაპამდე, ერთადერთი კლინიკა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციების კუთხით დამრღვევ დაწესებულებად დაასახელა, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოა. კლინიკამ 20 ოქტომბრიდან ჰოსპიტალური პაციენტების მიღება შეაჩერა.

„გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ, მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გამოსწორება. შესაბამისად, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ, რეფერირებაში შესაბამისი პროფილის კლინიკებში,“ – განაცხადა რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლიანა ჭუმბურიძემ. იმის შესახებ, რომ 20 ოქტომბრიდან სტაციონარულ პაციენტებს ვერ მიიღებდა, იაშვილის კლინიკამ ინფორმაცია 19 ოქტომბერს გაავრცელა და მიზეზად მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაასახელა.

კლინიკებში ინფექციების კონტროლის კუთხით არსებულ ვითარებაზე ზურაბ აზარაშვილმა ერთერთი პირველი ხმაურიანი განცხადება მიმდინარე წლის აპრილში გააკეთა. მაშინ მან აღნიშნა, რომ რამდენიმე კლინიკაში ინფექციების კონტროლის კუთხით სამწუხარო და სავალალო მდგომარეობაა. მისი თქმით, აუდიტის სამსახურის და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხრიდან რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება შემოწმება ინფექციების კონტროლის, ასევე პროტოკოლებისა და გაიდლაინების სწორად მკურნალობის შესწავლის და ფინანსური კუთხითაც.

კლინიკებში ნოზოკომიური, ანუ შიდა ინფექციების კონტროლის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც.

ტიკარაძემ განაცხადა, რომ ზოგ შემთვევაში პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.

 

იხილეთ ასევე

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები რისკ-ჯგუფებისთვის

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს …