მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პანდემიამ ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემა გააღრმავა – მათი ანალიზები მოხუცი პაციენტების ანალიზებს დაემსგავსა

პანდემიამ ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემა გააღრმავა – მათი ანალიზები მოხუცი პაციენტების ანალიზებს დაემსგავსა

საქართველოში პანდემიამ ბავშვთა შორის ჭარბი წონის პრობლემა გაამწვავა. ამიტომ, სპეციალისტები მოუწოდებენ მშობლებს, შვილები  პანდემიის პერიოდში შემცირებულ ფიზიკურ აქტივობებს დაუბრუნონ. ამასთან, აკონტროლონ მისი ანალიზები და იზრუნონ მათ ჯანსაღ კვებაზე.

ბავშვთა ენდოკრინოლოგ ნინო ხელაძის განცხადებით, დღეს ბავშვებში ისეთი პრობლემები გვხვდება, რომლებიც 10-15 წლის წინ მცირე ასაკისთვის დამახასიათებელი საერთოდ არ იყო.

ენდოკრინოლოგის თქმით, ბავშვის წონაზე ზრუნვა დედამ მშობიარობისთანავე უნდა დაიწყოს, ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ჩვილის ძუძუთი კვება, 2 წლის ასაკიდან კი, გარკვეული პრობლემების შემთხვევაში, აუცილებელია ღვიძლის გაცხიმოვნების ხარისხის, ძილის ხარისხის კვლევა, სისხლში გლუკოზის დონის შემოწმება, ასევე მის ქცევაზე დაკვირვება, ძილის აპნოეს, სახსრების ტკივილის კონტროლი და ა.შ. 3 წლიდან კი უკვე წნევის გაზომვა იწყება.

„გარკვეული ასაკიდან მოდის ჰიპერტენზიის და მეორე ტიპის დიაბეტის რისკი. 10-15 წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, რომ ბავშვს შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტი დამართნოდა, ეს სასაცილო იქნებოდა. დღეს კი ეს  რეალობაა და სამწუხაროდ, არა ერთი და ორი ასეთი პაციენტია,“ – აღნიშნა ენდოკრინოლოგმა.

მისივე თქმით, პანდემიამ ცხოვრების არაჯანსაღი წესის კუთხით არსებული ვითარება კიდევ უფრო გააუარესა, რადგან ბავშვებმა შეწყვიტეს სხვადასხვა სპორტზე სიარული და მათ ნაწილს ის ჯერაც არ განუახლებია, რაც, ექიმის თქმით, მიუღებელია. ამიტომ ის ურჩევს მშობლებს, შვილები დააბრუნონ სპორტულ წრეებზე. ამასთან, აკონტროლონ, რომ ეკრანთან მათ მიერ გატარებული დრო რაც შეიძლება შეამცირონ. იზრუნონ, რომ არ მოხდეს ბავშვის ძილის დარღვევა.

10-11-12 წლის ასაკიდან კი რეკომენდებულია ანალიზების გაკეთება სისხლში ქოლესტერინის დონის, ლიპიდური ცვლის პანელის, სისხლში შაქრის და ინსულინის გაზომვის მიზნით.

„ზოგ შემთხვევაში, როდესაც ამ ანალიზების შედეგებს ვუყურებთ, გვგონია, რომ ეს ბავშვის კი არა, ბებიისა და ბაბუის ანალიზების პასუხია,“ – განაცხადა ნინო ხელაძემ.

 

იხილეთ ასევე

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები რისკ-ჯგუფებისთვის

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს …