მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის“ –  სწავლა გამკაცრებული რეგულაციებით დაიწყო

„პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის“ –  სწავლა გამკაცრებული რეგულაციებით დაიწყო

პირბადე ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების არარსებობის პირობებში, მისი ტარებით მოზარდს არანაირი რისკი არ ექმნება. ამის შესახებ პედიატრი მაია ხერხეულიძე აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი რეალურ სივრცეში განახლდა.

ახალი რეგულაციების თანახმად, ადმინისტრაციულ პერსონალთან და მასწავლებლებთან ერთად, ნებისმიერი კლასის მოსწავლეს, სკოლის შენობაში ყოფნისას პირბადე უნდა ეკეთოს. სკოლების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, მუდმივად აკონტროლონ პირბადის სწორი ტარება და, მისი მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევაში, მოსწავლეს და შენობაში მყოფ სხვა პირებს მიუთითონ პირბადის გასწორების შესახებ.

სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა მშობლების ნაწილის სტატუსები, რომლებშიც ისინი ამტკიცებენ, რომ პირბადე ბავშვის ორგანიზმში ჟანგბადის შეღწევას ხელს უშლის და მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია.

პედიატრი მაია ხერხეულიძე კი ამბობს, რომ პირბადის ტარების შედეგად, შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ ალერგიულ ბავშვებს, მაგალითად, განუვითარდეთ დერმატიტი პირბადით დაფარულ მონაკვეთზე. ამასთან, ექიმის მითითებით პირბადე შესაძლოა არ ატარონ ასთმის ან  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მქონე ბავშვებმა. თუმცა პედიატრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირბადის ტარებას არ შეუძლია მოზარდს გრძელვადიანი, მათ შორის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები შეუქმნას. მისი განმარტებით, პირბადე თავისუფლად ატარებს ჰაერს და ის მხოლოდ მსხვილი ნაწილაკების სასუნთქ სისტემაში მოხვედრისგან იცავს ადამიანს. მედიკოსის თქმით, პირბადის ტარებას თან ახლავს დისკომფორტი, განსაკუთრებით ამოსუნთქვისას გამოყოფილი ნახშირორჟანგის დაგროვების და პირბადის შიდა შრის დატენიანების გამო, თუმცა პირბადის მოხმარების შედეგად სერიოზული გართულებების გამოწვევის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

პედიატრის განმარტებით, ვირუსის წინა ტალღებისგან განსხვავებით, შეიცვალა რეგულაციები და თუ მანამდე პირბადის ტარება 6 წლის ასაკიდან იყო აუცილებელი, ახლა შეიქმნა სიტუაცია, როცა ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, ასევე დახურულ სივრცეში ბავშვებს პირბადე 2 წლის ასაკიდან უნდა გავუკეთოთ, თუმცა უმჯობესია, ასეთ ადგილებს მოზარდები საერთოდ ავარიდოთ, გვყავდეს ხალხისგან მოშორებით და დავიცვათ ჰიგიენის წესები.

ცნობისთვის: სკოლებისგან განსხვავებით, საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება სავალდებულო არ არის.

მაია ხერხეულიძის თქმით, დაინფიცირების მომეტებული საფრთხეების პირობებში, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ბავშვის იმუნურ სისტემაზე და, პირველ რიგში, სწორი კვება შევთავაზოთ.

 

იხილეთ ასევე

Georgia e-Health – “მწვანე პასპორტის” აპლიკაცია ხვალიდან ამოქმედდება

Georgia e-Health – ასე ჰქვია საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილ, ე.წ. მწვანე პასპორტების აპლიკაციას. ამის შესახებ უწყებათაშორის …