მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » პრემიერი საყოველთაო ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებს აღიარებს, თუმცა მათი გამოსწორება არ შეუძლია
პრემიერი პარტიის მიდგომას ჯანდაცვის თემებზე დაეთანხმა, როცა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღიარა,რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ფინანსური პრობლემები აქვს.

პრემიერი საყოველთაო ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებს აღიარებს, თუმცა მათი გამოსწორება არ შეუძლია

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საყოველთაო ჯანდაცვაში შექმნილ პრობლემებს აღიარებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერი პარტიის მიდგომას ჯანდაცვის თემებზე დაეთანხმა, როცა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს აღიარა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ფინანსური პრობლემები აქვს.

„გასულ კვირას პრემიერმა კვირკაშვილმა აღიარა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ფინანსური პრობლემები აქვს და იგი ცვლილებას საჭიროებს. იგი დაეთანხმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიდგომას, რაც გულისხმობს ჯანდაცვაზე გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები ისე გადანაწილდეს, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, მიიღონ ჯანდაცვის უფრო სრულყოფილი პაკეტი”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, კვირიკაშვილი ასევე ეთანხმება ”ნაციონალური მოძრაობის” მიდგომას, რომ მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებმა თავად შეიძინონ ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტები.

”საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ასეთი პირების მონაწილეობა ფულს სწორედ გაჭირვებულ ადამიანებს აკლებს, რაც დაადასტურა კიდეც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა. აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან იმ პირთა რიცხვი, რომელსაც თავად შეეძლო ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტების შეძენა, ეკონომიკურ აღმავლობასთან და დასაქმებულთა რიცხვის მატებასთან ერთად, სულ უფრო იზრდებოდა.

2012 წლიდან ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, ეკონომიკურ სტაგნაციას და სოციალური ფონის გაუარესებას მოჰყვა ის, რომ მათაც კი, ვინც თავად ახერხებდა ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტების შეძენას, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართვა მოუწია. შესაბამისად, სახელმწიფოს სულ უფრო მეტად გაუჭირდა, ფული მიზნობრივად ყველაზე ღარიბ ადამიანებზე მიმართოს”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის თქმით, როგორც ეკონომიკის მინისტრი, სწორედ კვირიკაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი გამტარებელი, ”სავალალო შედეგებს დღეს იგი თავადაც აღიარებს, თუმცა რაიმეს შეცვლა და გამოსწორება არ შეუძლია”.

”შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივი დახმარების პროგრამად გარდაქმნის აუცილებლობაზე მან 4 თვის წინ პარლამენტში გამოსვლისასაც ისაუბრა. სამწუხაროდ, კონკრეტული ქმედება მის საუბარს არ მოჰყოლია ისევე, როგორც ვერცერთი კონკრეტული ნაბიჯი ვერც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგა”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, შექმნილ მდგომარეობაში გამოსავალი 2016 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” გადარჩევა და ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბებაა, რომელიც მოქალაქეებისათვის საჭირო ცვლილებებს განახორციელებს. 

ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

„დიარჯის“ სისტემაში ცვლილებები იგეგმება

თვის ბოლოს მომზადდება პაკეტი, რომელშიც გაერთიანდება „დიარჯის“ სისტემაში საჭირო ცვლილებების ჩამონათვალი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის …