მთავარი » მსოფლიო » ქვეყნები, რომლებიც წარმატებული ვაქცინაციით ეპიდემიას ამარცხებენ

ქვეყნები, რომლებიც წარმატებული ვაქცინაციით ეპიდემიას ამარცხებენ

რამდენად მუშაობს ვაქცინაცია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს თუ არა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრა პირდაპირ კავშირშია ეპიდემიის შესუსტებასა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასთან. ვაქცინაციის კუთხით წარმატებული ქვეყნები ან კითხვას ცალსახა პასუხს სცემენ. სწორედ იმუნიზაციის სწრაფი ტემპების შედეგია ის, რომ ამ სახელმწიფოებში შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა, ინფიცირებისა და გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი კი მინიმუმამდეა შემცირებული.

ისრაელი:  მასობრივი ვაქცინაციის დაწყება – 2020 წლის 20 დეკემბერი, მინიმუმ ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 60,2%

ისრაელმა 1 ივნისს შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნა. ხელისუფლების განცხადებით, დაავადების მნიშვნელოვანი კლება ვაქცინაციის დამსახურებაა.

2020 წლის სექტემბერში ისრაელი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მეორადი კარანტინი შემოიღო. მიზეზი ეპიდემიის მეორე ტალღის პერიოდში დაავადების შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გახდა. დეკემბრის ბოლოს უკვე რიგით მესამე კარანტინი გამოცხადდა.

7 თებერვლიდან კი ხელისუფლებამ რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო: გაუქმდა სახლიდან კილომეტრზე მეტი მანძილი გასვლის აკრძალვა, გაიხსნა ეროვნული პარკები და ნაკრძალები. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში წარმატების მოპოვება ვაქცინაციის დამსახურებაა.

„ესაა უზარმაზარი მიღწევა ისრაელის მოქალაქეებისა და ჯანდაცვის სისტემისთვის. ჩვენ ერთად ამოვძირკვავთ კორონავირუსს“ – განაცხადა აპრილში ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა იული ედელშტეინმა. ქვეყანაში, სადაც იანვრის პიკზე დღე-ღამეში ინფიცირების 8 ათასი შემთხვევა რეგისტრირდებოდა, აპრილის ბოლოდან დღეში მხოლოდ 100 დაინფიცირებული ვლინდება.

მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ისრაელი მალევე გახდა მსოფლიოს ლიდერი მოსახლეობის ვაქცინირებული წილის მაჩვენებლით. ქვეყანამ იმუნიზაციის ტემპების აკრეფვა Pfizer-თან დადებული სპეციალური ხელშეკრულების წყალობით შეძლო, რომლის თანახმად, ვაქცინის სანაცვლოდ ქვეყანა მას კამპანიის მიმდინარეობის შესახებ მონაცემებს მიაწვდიდა. ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა Pfizer-ის მიერ შექმნილი პრეპარატი მაღალ  ფასად მიიღო: Bloomberg-ის მონაცემებით, ისრაელმა ერთ დოზაში 30 დოლარი გადაიხადა იმ დროს, როდესაც ევროკავშირს ერთი დოზა პრეპარატი 18,34 დოლარი დაუჯდა.

იანვარში ვაქცინაციის კიდევ ერთი სტიმული გახდა „მწვანე პასპორტების“
შემოღება, რომლებმაც 6 თვე იმოქმედა იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრა გაიკეთა ან უკვე გადაიტანა კოვიდი. ამ საბუთით ისრაელის მოქალაქეს შეეძლო რესტორანში, თეატრში, კინოსა და გამოფენებზე სიარული. თუმცა 1 ივნისიდან ამ დოკუმენტის ტარების ვალდებულება გაუქმდა. სავალდებულო მოთხოვნებს შორის რჩება ნიღბის ტარება შენობებში და უცხოეთში გასვლის შეზღუდვა. შესვლა აკრძალულია იმ ქვეყნებში, სადაც, ისრაელის ხელისუფლების შეფასებით, კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხე მაღალია. მათ შორისაა თურქეთი, რუსეთი და უკრაინა.

აშშ  – მასობრივი ვაქცინაციის დაწყება – 2020 წლის 14 დეკემბერი, მინიმუმ ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 51,1%

იანვარში The New York-მა დაწერა, რომ ლოჯისტიკური პრობლემების გამო ვაქცინაციის კამპანია გრაფიკს ჩამორჩებოდა. თებერვალში „გიგანტური“ ლოჯისტიკური პრობლემების შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა და საკუთარი წინამორბედი დონალდ ტრამპი ვაქცინაციის პროცესის ცუდ დაგეგმვაში დაადანაშაულა.

25 თებერვალს კი ახალმა პრეზიდენტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ოპტიმისტური პოსტი, რომელშიც 50 მილიონი ვაქცინირებულის შესახებ განაცხადა. ბაიდენმა პირობა დადო, რომ მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში 200 მილიონი აცრა გაკეთდებოდა. ამ ნიშნულის მიღწევა მან აღნიშნული ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე შეძლო. ბაიდენის მომდევნო მიზანი  4 ივლისამდე, ანუ დამოუკიდებლობის დღემდე ზრდასრული მოსახლეობის 70%-ის იმუნიზაციაა.

ვაქცინაციის კამპანიის წარმატება Bloomberg-მა ფარმაცევტული კომპანიების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკით ახსნა: აშშ-ის მთავრობამ ადგილობრივ მწარმოებლებთან გააფორმა კონტრაქტები, რომლებიც პირველ რიგში შიდა დაკვეთების შესრულებას ითვალისწინებს. დე-ფაქტო ესაა ვაქცინების ექსპორტის აკრძალვა, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები მსგავს შეზღუდვებს უარყოფენ.

რაც შეეხება შტატებში არსებულ ეპიდსიტუაციას, წლის დასაწყისიდან ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდებოდა. ზოგადად, სხვადასხვა შტატში განსხვავებული მდგომარეობაა, თუმცა მაისის ბოლოდან ინფექციის გავრცელების შემცირება 41  შტატში, ასევე ვაშინგტონში ფიქსირდება.

დიდი ბრინატეთი – მასობრივი ვაქცინაციის დაწყება – 2020 წლის 8 დეკემბერი, მინიმუმ ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 58,7%

დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინაციის ტემპებით ევროკავშირს ჯერ კიდევ მარტში გადაუსწრო. ლონდონმა მალევე დაამტკიცა ვაქცინა და იმუნიზაციის კამპანიის დაწყებისთანავე AstraZeneca-ს ვაქცინების პარტია მიიღო.  Bloomberg-ის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთი აღნიშნული ვაქცინის უმსხვილესი მიმღებია.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ივლისის ბოლოს შეძლებენ ვაქცინის შეთავაზებას ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობისთვის, რაც მთელი მოსახლეობის 80%-ია.

დიდ ბრიტანეთში დაავადების გავრცელების შემცირება წლის დასაწყისიდან ფიქსირდება. 17 მაისს ქვეყანამ შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი დაიწყო. გასართობი დაწესებულებები სანიტარული ზომების დაცვით მუშაობენ. თუმცა ახლა ხელისუფლება ქვეყნის რამდენიმე ნაწილში ახალი შტამების გავრცელების გამოა შეშფოთებული.

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. წამლებისა და პროდუქტების კონტროლის სააგენტომ განაცხადა, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დასკვნა, რომლის თანახმადაც ვაქცინა ამ ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხოა. ბავშვების აცრა უკვე რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო იმ იმედით, რომ მოზარდების ვაქცინაცია ხელს შეუწყობს პანდემიის დასრულებას. მაგალითად, გასულ თვეში აშშ-მა და ევროკავშირმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ვაქცინაცია 12-15 წლის ასაკის ბავშვებში დაიწყონ.

იხილეთ ასევე

Covid-19-ის აფეთქება იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე – რა ხდება სეიშელის კუნძულებზე

სეიშელის კუნძულებმა, სადაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილია …