მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » რა ცვლილებები უნდა შევიდეს საყოველთაო ჯანდაცვაში – უმრავლესობის და ოპონენტების პოზიციები
რა ცვლილებები უნდა შევიდეს საყოველთაო ჯანდაცვაში – უმრავლესობის და ოპონენტების პოზიციები.გადაცემა ბიზნესკონტაქტი -დიმიტრი ხუნდაძე,ზურაბ ჭიაბერაშვილი.

რა ცვლილებები უნდა შევიდეს საყოველთაო ჯანდაცვაში – უმრავლესობის და ოპონენტების პოზიციები

გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამის საყოველთაობის პრინციპი უნდა შეიცვალოს ან შესწორდეს.

ზუსტად იგივეს ამბობდა კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრობის დროსაც და თვლიდა, რომ მემარცხენე დამოკიდებულებები მემარჯვენეთი უნდა შეგვეცვალა. რამდენად ადვილი იქნება ეს შემობრუნება და არის თუ არა საჭირო?

ზურაბ ჭიაბერაშვილი: პირველ რიგში მინდა გულისტკივილი გამოვთქვა გურჯაანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც გაჭირვებული ადამიანი წამლის ფულის სათხოვნელად სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებაში მივიდა და იქ მომხდარი კამათის შემდეგ გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ამაში უცილობლად არის დღევანდელი მთავრობის და პირადად მინისტრ სერგეენკოს ბრალი.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ათი ათასობით ადამიანს სრულიად უსამართლოდ მოეხსნა სოციალური დახმარება და ეს ადამიანები დარჩნენ სრულიად უსახსროდ. ძალიან ბევრ მათგანს წამლები ესაჭიროება და წამლის გაძვირებულ ფასს ვეღარ ეწევიან.

დავით სერგეენკომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასეულობით თანამშრომელი პირდაპირ შეატოვა ამ გაჭირვებულ მოსახლეობას და სამინისტროდან არანაირი მკაფიო ინსტრუქცია არ მიდის რაიონულ განყოფილებებში საიმისოდ, რომ მკაფიო მეთოდოლოგიით ამ ადამიანებს აღუდგეთ სოციალური დახმარება და ის დაძაბული ფონი, რასაც ყოველდღიურად ვხვდებით გამგეობებში, ქალაქის მერიებში და სოციალური მომსახურების სააგენტოებში, როგორმე მოიხსნას.

ყველა კვლევამ და განსაკუთრებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  კვლევამ, USAID-სა და მსოფლიო ბანკის მიერ ერთობლივად ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში ღარიბებს შეძლებულებთან შედარებით მდგომარეობა გაუუარესდათ, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება გაძვირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას. ამიტომ, ბუნებრივი, თავის მოწონება იმით, რომ ამდენი ფული იხარჯება ჯანდაცვაში, არ კმარა მაშინ როდესაც ადამიანები ჩვენს თვალწინ ღარიბდებიან და უუარესდებათ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

სწორედ ამას ლაპარაკობენ უცხოელი მოწვეული ექსპერტები, მაგრამ ამას რაში ჭირდებოდა უცხოელი ექსპერტების მოწვევა და ამაში ფულის ყრა, როდესაც ამას ჩვენ ვლაპარაკობთ პირველივე დღიდანვე, რომ აუცილებელია მიზნობრივად განსაზღვრა – ვის ეხმარება სახელმწიფო და ვის ვერ ეხმარება. ჩვენ რომ ვიყოთ მდიდარი და შეძლებული ქვეყანა, ან ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ფულს დებდეს საკუთარი ჯიბიდან,ვინ იქნებოდა ამის წინააღმდეგი?

მაგრამ ვერც ძალიან მდიდარი ქვეყნები ახერხებენ, რომ 100%-იანი დაფარვა სახელმწიფოს ხარჯზე ქონდეს ყველას. ამიტომ კვირიკაშვილის განცხადება მოულოდნელობა არ არის, პირიქით, მისი განცხადება ავლენს იმ უუნარობას და არაკომპეტენტურობას, რაც მთავრობაშია, როდესაც ორი მინისტრი ან პრემიერ მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი ერთმანეთთან ვერ თანხმდება ყველაზე ბაზისურ რაღაცაზე.

– მოსახლეობის დამოკიდებულებებში ასე მკვეთრად არ არის ასახული ის პრობლემები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ. კვლევების თანახმად კმაყოფილების დონე მეტნაკლებად მაინც შენარჩუნებულია. რა არის ამის მიზეზი? 

– გეთანხმებით. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვაზე დღეს მეტი ფული იხარჯება, ეს უდავოდ კარგია, მაგრამ ჩვენი კრიტიკა ეხება არა იმას, რატომ იხარჯება ამდენი ფული, არამედ იმას, თუ ვიზე იხარჯება ეს ფული. ხშირად ექიმის უფასო კონსულტაცია ეკუთვნის ისეთ ადამიანს, რომელიც კონსულტაციის თანხას თავისი ჯიბიდან ისედაც გადაიხდიდა. მეორე ადამიანს ათი ლარის წამალი ვერ უყიდია და ყველგან გაიგონებთ ფრაზას: „რად მინდა ექიმთან უფასო კონსულტაცია თუ წამალს ვერ ვიყიდი?“ თუ სწორად ვერ განვსაზღვრეთ, ეს თანხები როგორ იხარჯება, ყოველთვის დავდგებით ამ პრობლემების წინაშე.

შედარებით შეძლებულები მოიხმარენ უფრო ეფექტურად, ვიდრე ისინი ვისაც ყველაზე მეტად ჭირდებათ. მინისტრი არ უნდა იმალებოდეს ზოგადი განმარტებების და განსაზღვრებების უკან. კონკრეტულად უნდა თქვას, რას აპირებს და მან საპარლამენტო კომიტეტზე აღიარა, რომ თითქმის 3 წელია ეს პრობლემა დგას. 2013 წლის 1 ივლისიდან მან იცის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კერძო დაზღვევაც აქვს და საყოველთაო ჯანდაცვითაც სარგებლობენ.

– თუ არის ნათელი ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროგრამის წარმატებულობას ან წარუმატებლობას ზომავს? 

– აქ გადავდივართ იმ მიდგომაზე, რომელსაც დიდი ხანია ვთავაზობთ და გულისხმობს შემდეგს: ყველაზე გაჭირვებულ ადამიანს ქონდეს მაქსიმალური პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს წამლებს. ხოლო რაც შეეხება შეძლებულ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ თავისი ჯიბიდან შეიძინონ დაზღვევის კერძო პაკეტები და ამაზე სამწუხაროდ ძალიან დაგვიანებულად პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი საუბრობდა, აქ სახელმწიფოს როლი არის, რომ დაიცვას ადამიანები კატასტროფული ხარჯისგან.

შეძლებული ადამიანები თავისი ჯიბიდან ხარჯავენ, მაგრამ თუ ლიმიტები ამოეწურათ და თავისი ჯიბიდან ვეღარ წვდება, რა თქმა უნდა ბინის გაყიდვა არ უნდა მოუწიოს და სახელმწიფომ ხარჯისგან უნდა დააზღვიოს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის ყველაზე ხარჯთეფექტური პროგრამა“, – ამის შესახებ “ბიზნესკონტაქტის” ეთერში ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პროგრამა წარმატებულია, თუმცა ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პროგრამას მასაც სჭირდება კორექტირება. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეჩერებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

“ვეთანხმები პრემიერის ნათქვამს, მაგრამ მას ვისაც როგორც უნდა ისე იგებს. საყოველთაო ჯანდაცვა არის წარმატებული პროექტი, რომელმაც ჩვენი მოსახლეობა გაღატაკებისგან იხსნა, მაგრამ ნებისმიერ პროგრამას სჭირდება კორექტირება, რათა მოსახლეობამ მეტი სარგებელი ნახოს. ეს პროგრამა არ გაჩერდება, ის არ არის საარჩევნო პროგრამა და არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის ყველაზე ხარჯთეფექტური პროგრამა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში შემცირებულია, ასევე მნიშვნელოვნად შემცირებულია 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შობადობა გაიზარდა და ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ. ინდიკატორებიდან გამომდინარე, ამ პროგრამის მართვა მიმდინარეობს კარგად.

რაც შეეხება დეფიციტს, ზოგადად ჯანდაცვითი ხარჯები ყველგან არის მზარდი. ხდება აპელირება, თითქოს ბიუჯეტი ვერ გაუძლებს, მაგრამ გეტყვით, რომ ეს პროგნოზი არ გამართლდება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

commersant.ge

იხილეთ ასევე

„დიარჯის“ სისტემაში ცვლილებები იგეგმება

თვის ბოლოს მომზადდება პაკეტი, რომელშიც გაერთიანდება „დიარჯის“ სისტემაში საჭირო ცვლილებების ჩამონათვალი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის …