მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » რა გავლენა მოახდინა საყოველთაო ჯანდაცვამ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელზე?
ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა და ეს მეტწილად საყოველთაო ჯანდაცვის დამსახურებაა, რომელმაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაზარდა.

რა გავლენა მოახდინა საყოველთაო ჯანდაცვამ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელზე?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგად საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა – ამ განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად აკეთებენ. ერთერთი ბოლო, ვინც ამის შესახებ განაცხადა, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაა.

რამდენიმე თვის წინ იგივე თქვა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა და ეს მეტწილად საყოველთაო ჯანდაცვის დამსახურებაა, რომელმაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაზარდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში 2013 წელს ამოქმედდა.

„კომერსანტი“ დაინტერესდა რას აჩვენებს სტატისტიკა ამ მიმართულებით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებელი ბოლო 2 წლის განმავლობაში შემცირებულია.

სტატისტიკის მიხედვით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2013 წელს 75,2 წელი იყო, ხოლო 2014 -2015 წლებში 72,9 წელი.  თუმცა, როგორც „კომერსანტს“ სტატისტიკის სამსახურში განუმარტეს, ეს ცვლილება 2014 წელს საყოველთაო აღწერის ჩატარების შედეგად მოხდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირებულია, შესაბამისად, დაიკლო სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელმაც. 

„კომერსანტმა“ ასევე შეისწავლა ბოლო წლებში გარდაცვალების მაჩვენებელი ასაკობრივ ჭრილში. გარდაცვლილთა რიცხოვნობა წლიდან წლამდე იზრდება. თუ 2013 წელს 48 553 გარდაცვლილი ფიქსირდებოდა, 2014 წელს 49 087 ადამიანია დაღუპული, ხოლო 2015 წელს 49 121. ამასთან, ასაკობრივ ჭრილში გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად მხოლოდ 70-74 ასაკობრივ ჭრილში მცირდება, დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებში თითქმის ყველგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმატებს.

რას ნიშნავს ეს სტატისტიკა და რა გავლენა მოახდინა მასზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ – „კომერსანტმა“ შეფასებისთვის რამდენიმე სპეციალისტს მიმართა.

ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ჯანდაცვის პროგრამას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ემოქმედა, რადგანაც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უფრო სხვა ფაქტორები ახდენენ გავლენას, ვიდრე ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაა.

მისი განმარტებით, სოცოცხლის ხანგრძლივობისთვის მნიშვნელოვანია გარემო, სანიტარული პრობები, საკვები და ზოგადად ქვეყანაში არსებული კეთილდღეობის მაჩვენებელი.

საქართველოში ჯანდაცვაში რომ არაფერი მოხდეს და ეკონომიკა გაიზარდოს, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება. ჯანდაცვა არ არის მთავარი ფაქტორი ამ მიმართულებით. ჯანდაცვის რეფორმამ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება გაზარდოს მაგალითად აფრიკის ქვეყანაში, თუ მალარიით იღუპება ათასობით ადამიანი. მაშინ ჯანდაცვა მოქმედებს, მაგრამ საქართველოსნაირ ქვეყანაში ეს არ მუშაობს“,- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაური მეგრელიშვილს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა და ამას ისიც ადასტურებს, რომ პენსიონერთა რიცხვი იზრდება, რაც სხვა წლებში არ ფიქსირდებოდა.

„საავადმყოფოში ადრე პაციენტს ვერ ნახავდით, ახლა გადატვირთულია. არა იმიტომ, რომ მაშინ ჯანმრთელი იყო ხალხი და დღეს დაავადდა. უბრალოდ მაშინ მისვლის საშუალება არ ჰქონდათ და ახლა აქვთ. რა თქმა უნდა, სიცოცხლის ხანგრძლივობის მატება უნდა იყოს. დღეს სტენოკარდია რომ აქვს პაციენტს, მას ხვალ და ზეგ აუცილებლად ინფარქტი ექნება.

დღეს თუ პაციენტს აქვს სტენდირების საშუალება საყოველთაო ჯანდაცვით, ის ხვალ ინფარქტად აღარ იქცევა, ანუ ადამიანი გადარჩება სიკვდილს. ე.ი. გაიზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა. თუ ადრე ამით 50 წლის ადამიანი იღუპებოდა, ახლა აღარ იღუპება, რაც აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე“,- აცხადებს მირიან წიკლაური. 

მისივე თქმით, შეუძლებელია საყოველთაო ჯანდაცვას არ ჰქონდეს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაზე გავლენა გამომდინარე იქიდან, რომ სიკვდილიანობის მთავარი გამომწვევი დაავადება დღეს გულ-სისხლ-ძარღვთა ავადმყოფობებია, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შედის.

„დღეს ამ დაავადების მქონე ადამიანებს აქვთ საშუალება ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა. ასეთი დაავადების მქონე ადამიანს მეტი შანსი აქვს, რომ დღეს გადარჩეს, შესაბამისად, იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობაც“,- აცხადებს მირიან წიკლაური.

commersant.ge

იხილეთ ასევე

კლინიკას, რომელიც მედპერსონალის მინიმალურ ხელფასს არ გადაუხდის, შესაძლოა საქმიანობა შეუჩერდეს

თუკი დადასტურდება, რომ კლინიკის მენეჯმენტმა მედპერსონალს სამუშაო პირობები მინიმალური ხელფასის გადახდისგან თავის არიდების მიზნით გაუუარესა, …