მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » რა პერიოდში და რა ხანგრძლივობით გამოიმუშავებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ანტისხეულებს – პრეპარატის მახასიათებლები

რა პერიოდში და რა ხანგრძლივობით გამოიმუშავებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ანტისხეულებს – პრეპარატის მახასიათებლები

 

ინსტრუქციის („ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროდუქტის მახასიათებლების აღწერა“) თანახმად, ვაქცინა აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ COVID-19-ის ვაქცინის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. ის ნაჩვენებია 18 და უფროსი ასაკის პირების აქტიური იმუნიზაციისთვის. AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინით ვაქცინაციის კურსი მოიცავს ორ დამოუკიდებელ დოზას, თითოეული 0.5 მლ-ის ოდენობით. მეორე დოზა უნდა გაკეთდეს პირველი დოზის გაკეთებიდან 4-12 კვირაში. ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის და მონაცემები ხელმისაწვდომი არაა.

რაც შეეხება დამცველობის ხანგრძლივობას, ის ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ისევე, როგორც ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, შეიძლება AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინით ვაქცინაციამ ვაქცინის ყველა მიმღები ვერ დაიცვას.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინის ზოგადი უსაფრთხოება ეფუძნება გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ კლინიკური კვლევების გაერთიანებული მონაცემების შუალედურ ანალიზს.

დოკუმენტის თანახმად, ისევე, როგორც სხვა კუნთშიდა ინექციების შემთხვევაში, AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინა სიფრთხლით უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებსაც თრომბოციტოპენია ან ნებისმიერი სახის კოაგულაციის დარღვევა აქვთ ან ისეთ პაციენტებში, რომლებიც ანტიკოაგულაციურ მკურნალობას გადიან, რადგან ასეთ პაციენტებს კუნთშიდა ინექციის დროს შეიძლება სისხლდენა ან სისხლჩაქცევები განუვითარდეთ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცნობილი არ არის, ვაქცინაციის სქემაზე ისეთივე რეაქცია ექნებათ თუ არა დარღვეული იმუნური რეაქციის უნარის მქონე პირებს, მათ შორის, პაციენტებს, რომლებიც მკურნალობას გადიან იმუნოდეპრესანტებით, როგორიც იმუნოკომპეტენტურ პირებს.

ორსულ ქალებში AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინის გამოყენების შემთხვევების ან ვაქცინის მიღების შემდეგ დაორსულებული ქალების შესახებ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მონაცემები არსებობს. მონაცემები არასაკმარისია ვაქცინებთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ცხოველების რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ კვლევები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინით ვაქცინაცია ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინა არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე. თუმცა, ნაწილში ზოგიერთმა უარყოფითმა რეაქციამ შეიძლება დროებითი გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.

ყველაზე ხშირად აღრიცხული გვერდითი რეაქციები იყო – ინექციის ადგილის მგრძნობელობა (>60%); ტკივილი ინექციის ადგილზე, თავის ტკივილი, დაღლილობა (>50%); მიალგია, სისუსტე (>40%); ჰიპერთერმია, შემცივნება (>30%); ართრალგია, ცხელება (>20%). გვერდითი რეაქციების უმეტესობა იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და ჩვეულებრივ, მათი ალაგება ხდებოდა ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში. პირველ დოზასთან შედარებით, გვერდითი მოვლენები მეორე დოზის მიღების შემდეგ უფრო მსუბუქად გამოვლინდა და ნაკლები სიხშირით ხასიათდებოდა.

ვაქცინაციის შემდეგ, მონაწილეებში, რომლებიც საწყის ეტაპზე სერონეგატიურები იყვნენ (ანუ მათ სხეულში არ იყო ანტისხეულები), ანტისხეულების გამომუშავება დაფიქსირდა 98%-ზე მეტ მონაწილეში პირველი დოზიდან 28-ე დღეს, ხოლო მეორე დოზიდან 28-ე დღეს – 99%-ზე მეტ მონაწილეში. უფრო მაღალი ანტისხეულები დაფიქსირდა დოზების ინტერვალის გაზრდისას.

იხილეთ ასევე

ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა და 761 შეადგინა. გუშინ ეს მაჩვენებელი 687 …