მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » რა შემთხვევაში არ ჩაითვლება COVID-1 9 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად

რა შემთხვევაში არ ჩაითვლება COVID-1 9 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, COVID- 1 9 – თან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და გარდაცვალების სამედიცინო ცნობის შევსების ინსტრუქცია დამტკიცდა.

შესაბამისი ბრძანების მიხედვით, ინსტრუქციაში გარდაცვალების ყველა შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია COVID-19-თან, ორ ჯგუფად იყოფა:

შემთხვევები, როდესაც COVID-19 წარმოადგენს სიკვდილის პირველად მიზეზს;

სხვა დაავადებით განპირობებული გარდაცვალების შემთხვევები, როდესაც COVID-19 წარმოადგენს სიკვდილის გამომწვევი ძირითადი დაავადების დამამძიმებელ  გარემოებას.

ინსტრუქციაში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება სიკვდილის პირველადი მიზეზის შესახებ უნდა მიიღოს მკურნალმა ექიმმა ტესტირების, კლინიკური სურათისა და დაავადების მიმდინარეობის ანალიზის საფუძველზე; COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილი არის კლინიკურად დადგენილი ამ დაავადების შედეგად დამდგარი სიკვდილი, როდესაც აღნიშნული დაავადება იყო ლაბორატორიულად დადასტურებული; არ უნდა ფიქსირდებოდეს COVID-19-ით დაავადებას და სიკვდილს შორის სრული გამოჯანმრთელების პერიოდი; COVID-19 უნდა განისაზღვროს სიკვდილის პირველად მიზეზად ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სიკვდილის დადგომა გამოიწვია ან სავარაუდოდ გამოიწვია აღნიშნულმა ინფექციამ, ან ხელი შეუწყო/დააჩქარა სიკვდილის დადგომას. არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ქრონიკული დაავადებების ან დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები COVID-19–ით გამოწვეული სიკვდილის უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან. ქრონიკულ დაავადებებში შედის არაგადამდები დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, დიაბეტი ან შეზღუდული შესაძლებლობები. ასეთ დროს ადრე არსებული ქრონიკული დაავადებები განიხილება, როგორც COVID-19-ის მიმდინარეობის დამამძიმებელი გარემოება.

სიკვდილის პირველად მიზეზად COVID-19-ის განსაზღვრა უნდა დაეყრდნოს პათოლოგიური მოვლენების თანმიმდევრობას. ამ შემთხვევაში COVID-19-ის გართულებები (პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, სეპტიცემია და სხვ.) უნდა ასახავდეს ლოგიკურ პათოგენეზურ ჯაჭვს, რომელიც იწვევს სიკვდილის დადგომას. ამ თანმიმდევრობის ჩამოყალიბებისთვის მიზანშეწონილია პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაში, დიაგნოზთან ერთად, აუცილებლად ფიქსირდებოდეს ყველა გართულება, რომელიც გახდა ლეტალური შედეგის უშუალო და შუალედური მიზეზი. ასევე, მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს და უნდა მიეთითოს თითოეული პათოლოგიური მდგომარეობის ხანგრძლივობა.

იმ შემთხვევაში, როდესაც ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19-ის დამახასიათებელი მძიმე კლინიკური სიმპტომატიკა გრძელდება და ვითარდება ფატალური შედეგი, დამდგარი სიკვდილი მიეკუთვნება COVID-19-ით სიკვდილიანობას, იმ შემთხვევაშიც, თუ ვირუსის ორგანიზმიდან ელიმინაცია ასწრებს კლინიკური სიმპტომების ალაგებას.

 

მძიმე ქრონიკული დაავადებების და COVID-19-ის თანაარსებობის შემთხვევაში კი, როდესაც COVID-19-ის ვირუსი ორგანიზმიდან ელიმინირებულია (ტესტირების შედეგზე დაყრდნობით) და მისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომატიკა ალაგებულია და სახეზეა ადრე არსებული ქრონიკული დაავადების კლინიკური მახასიათებლები, გარდაცვალების შემთხვევა არ მიეკუთვნება COVID-19-ით სიკვდილიანობას.

ამასთან, ინსტრუქციის თანახმად, COVID-19-ზე ტესტირების დადებითი შედეგი არ ნიშნავს იმას, რომ სიკვდილი აუცილებლად გამოწვეულია COVID-19-ით.

კოვიდ-ინფექცია შესაძლოა თანაარსებობდეს სხვა დაავადებასთან ან წარმოადგენდეს მის დამამძიმებელ გარემოებას. სხვა დაავადებით განპირობებული გარდაცვალების შემთხვევები, როდესაც COVID-19 წარმოადგენს სიკვდილის გამომწვევ ძირითადი დაავადების დამამძიმებელ  გარემოებას, შემდეგია: COVID-19-ით დაავადებული ადამიანი შესაძლოა გარდაიცვალოს სხვა დაავადებით ან უბედური შემთხვევით, ასეთი შემთხვევები არ წარმოადგენს COVID-19-ით სიკვდილს და არ უნდა მიეთვალოს COVID-19-ით გარდაცვალებების რაოდენობას. თუ ჩაითვალა, რომ COVID-19-მა ხელი შეუწყო სიკვდილის დადგომას, ის უნდა განისაზღვროს როგორც თანმხლები დაავადება. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიეთითოს სიკვდილის გამომწვევი გარეგანი მიზეზი.

სიკვდილის პირველადი მიზეზის განსაზღვრა უნდა დაეყრდნოს პათოლოგიური მოვლენების თანმიმდევრობას, რომელიც უნდა ასახავდეს ლოგიკურ პათოგენეზურ ჯაჭვს, რომელიც იწვევს სიკვდილის დადგომას. ამ თანმიმდევრობის ჩამოყალიბებისთვის მიზანშეწონილია პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაში, დიაგნოზთან ერთად, აუცილებლად ფიქსირდებოდეს ყველა გართულება, რომელიც გახდა ლეტალური შედეგის უშუალო და შუალედური მიზეზი. ასევე მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს და უნდა მიეთითოს თითოეული პათოლოგიური მდგომარეობის ხანგრძლივობა.

 

 

იხილეთ ასევე

საქართველოში “დელტა პლუსი” გამოჩნდა – შტამი, რომელიც “დელტასთან” შედარებით კიდევ უფრო გადამდებია

საქართველოში “დელტა პლიუსის” შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ …