მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რა შემთხვევაში შეგიძლიათ შეძენილი მედიკამენტის დაბრუნება – განმარტებები

რა შემთხვევაში შეგიძლიათ შეძენილი მედიკამენტის დაბრუნება – განმარტებები

დასაშვებია თუ არა შეძენილი მედიკამენტების აფთიაქში დაბრუნება?

ეს საკითხი სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობას და შეკითხვებს იწვევს. მომხმარებელთა ნაწილს საკუთარი მაგალითები მოჰყავს და აცხადებს, რომ შეცდომით ნაყიდი მედიკამენტი აფთიაქში არ გადაუცვალეს. მაგალითად ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, მისმა მეუღლემ კონკრეტული მედიკამენტი სიროფის სახით შეიძინა, მათ შვილს კი აბები სჭირდებოდა, თუმცა აფთიაქში, სადაც წამალი იქნა შეძენილი, მედიკამენტი აღარ დაიბრუნეს, რის გამოც პოსტის ავტორი აღშფოთებას გამოხატავდა და შემთხვევას მომხმარებელთა უფლებების დარღვევად განიხილავდა.

არსებობს თუ არა შეძენილი მედიკამენტის დაბრუნების საერთო წესი? jandacva.ge-მ ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართა, სადაც აღნიშნეს,  რომ მსგავსი, გაწერილი სტანდარტი არ არსებობს და კომპანიები საკუთარი შიდა რეგულაციებით ხელმძღვანელობენ.

ფარმაცევტთა ასოციაციაში კი ამბობენ, რომ მედიკამენტის დაბრუნება დაუშვებელია, რადგან ეს GMP სტანდარტის დარღვევაა. მათი განმარტებით, წამლის გაყიდვის შემდეგ მისი შენახვის პირობები, შესაძლოა დაირღვეს, ასეთი მედიკამენტის ისევ აფთიაქში გაყიდვა კი უსაფრთხო არ არის.

სააფთიაქო ქსელ “ჯიპისი“-ში განმარტავენ, რომ მედიკამენტის დაბრუნების პრაქტიკას მიმართავენ, თუმცა – მკაცრად განსაზღვრული პირობებით. კერძოდ, თუ მომხმარებელი კომპანიას წამალს შეძენის დღესვე დააბრუნებს და, ამასთანავე, წარადგენს შესაბამის ჩეკს, ასევე, თუ ფარმაცევტი დარწმუნდება, რომ არ დარღვეულა ჰერმეტულობა (მაგალითად, აბები ფირფიტაშია მოთავსებული ან სიროფის თავსახური არაა მოხსნილი), და ამასთან, საუბარია მედიკამენტზე, რომელსაც არ სჭირდება სამაცივრე რეჟიმი (შესაბამისად, მისი შენახვის პირობები არ დარღვეულა) მედიკამენტის დაბრუნება შესაძლებელია. „ჯიპისიში“ აღნიშნულ პრაქტიკას მომხმარებლების უფლებების მაქსიმალური დაცვით ხსნიან და ამბობენ, რომ ამავე დროს, არ უნდა დაირღვეს სხვა მომხმარებლის ინტერესი, რომელიც დაბრუნებულ მედიკამენტს შეიძენს.

რაც შეეხება ფარმაცევტის შეცდომას, კომპანიაში ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში წამალს უპრობლემოდ იბრუნებენ, თუნდაც გახსნილ მდგომარეობაში. მას, ბუნებრივია, რეალიზაციიდან იღებენ, თანხას კი სრულად აბრუნებენ.

მათივე განმარტებით, დაბრუნებას არ ექვემდებარება „დაშლილ“ მდგომარეობაში გაყიდული მედიკამენტი, რადგან ამ შემთხვევაში რთულია დადასტურება, რეალურად იგივე მედიკამენტს აბრუნებს თუ არა მომხმარებელი.

ჯიპისიში“ ასევე განმარტავენ, რომ ჩვილ ბავშვთა კვების, კერძოდ, ფაფების და რძის პროდუქციის შემთხვევაში პროდუქციას უკან არ იბრუნებენ და ამ კუთხით გამონაკლისი არ დაიშვება.

იხილეთ ასევე

ასოციაცია: ლარის რამდენიმედღიანი გამყარება, მედიკამენტების ფასზე ამ ეტაპზე ვერ აისახება

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ ლარის რამდენიმე დღის სტაბილიზაცია …