მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » რაც უფრო ნაკლებია პაციენტის დაყოვნების მაჩვენებელი, მით უფრო მაღალი დონის არის კლინიკა – DRG-ის კიდევ ერთი პრინციპი

რაც უფრო ნაკლებია პაციენტის დაყოვნების მაჩვენებელი, მით უფრო მაღალი დონის არის კლინიკა – DRG-ის კიდევ ერთი პრინციპი

რაც უფრო ნაკლებია დაყოვნების მაჩვენებელი, მით უფრო მაღალი დონის არის კლინიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ კლინიკა ორგანიზებულია, დიაგნოზის დასმა სწრაფად ხდება და შესაბამისად, მკურნალობაც სწრაფად იწყება.

ამის შესახებ თსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის პროფესორმა ნანა ყაზახაშვილმა გამოცემა „თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბარში განაცხადა.

„სამედიცინო სერვისების ხარისხის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება და კლინიკაში პაციენტის დაყოვნების მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა ექნება, რასაც მეორენაირად სპეციალისტები ინტელექტუალურ მაჩვენებელსაც უწოდებენ, ანუ რაც უფრო კარგია დაყოვნების მაჩვენებელი, მით უფრო მაღალი დონის არის კლინიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ კლინიკა ორგანიზებულია, დიაგნოზის დასმა სწრაფად ხდება და შესაბამისად, მკურნალობაც სწრაფად იწყება. დაყოვნების მაჩვენებელი, რომელიც DRG-ის პროგრამაში ჩადებულია – ერთგვარი კონტროლის მექანიზმია. მაგალითად, თუ კლინიკა დაიწყებს ძვირადღირებული დიაგნოზების წერას, მეტი დაფინანსების მიღების მიზნით, მაშინ უნდა აჩვენოს, რომ პაციენტი კლინიკაში დიდი ხნით ყოვნდება, რაც არცერთი კლინიკისთვის არ არის კარგი. ეს კონტროლის ე.წ. ჯვარედინი საშუალებაა, რადგან სამედიცინო დაწესებულება ყველანაირად უნდა ეცადოს პაციენტი გაუმართლებლად არ დააყოვნოს კლინიკაში, მიაწოდოს ხარისხიანი სერვისი, უმკურნალოს ახალი მეთოდებით, იზრუნოს სამედიცინო პერსონალის უწყვეტ განათლებაზე, მოამარაგოს კლინიკა ახალი აპარატურით…. ანუ ეს პროგრამა კონტროლის ბევრ მექანიზმს ითვალისწინებს“.   “, – აღნიშნა ნანა ყაზახაშვილმა.

მისი თქმით, DRG უფრო პროგრესული მოდელია და განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა იყენებს სტაციონარული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის.

„მანამდე კლინიკაში (განსაკუთრებით რეანიმაცია/ინტენსიური თერაპიის პალატებში) გატარებული საწოლდღეების მიხედვით ხდებოდა დაფინანსება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც DRG მოდელი მოაგვარებს, დაავადებების რეგისტრაციაა. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა ყველა დაავადების მკურნალობას არ მოიცავს, შესაბამისად, კლინიკა ცდილობდა პაციენტის დაავადება ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მომიჯნავე დაავადებისთვის მიესადაგებინა დაფინანსების მიღების მიზნით. შედეგად, რიგი დაავადებებისა საერთოდ აღარ რეგისტრირდებოდა. შესაბამისად, ქვეყანაში დაავადებების აღრიცხვის ხარისხი გაუმჯობესდება,“- განაცხადა ყაზახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბრიდან საქართველოში DRG – სამედიცინო მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში ერთსა და იმავე მომსახურებას ერთი ტარიფი ექნება. პაციენტები მხოლოდ იმ თანხას გადაიხდიან, რასაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისი თანაგადახდის წილი, რომელიც ამ დროისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარების დიფერენცირების მიხედვით 0-დან 30%-მდე მერყეობს.

იხილეთ ასევე

ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო, 59 სამედიცინო დაწესებულება 253 000 ლარით დაჯარიმდა

მიმდინარე წელს, შიდა ინფექციებზე 91 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა, საიდანაც ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო 59 …