მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » რატომ არ უნდა ვატაროთ 6-7 წლის ბავშვი „წრეებზე“ და რატომ არ უნდა ვიჩქაროთ მისი სკოლაში შეყვანა

რატომ არ უნდა ვატაროთ 6-7 წლის ბავშვი „წრეებზე“ და რატომ არ უნდა ვიჩქაროთ მისი სკოლაში შეყვანა

ახალი სასწავლო და სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პედიატრი თამარ ოგბაიძე მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს. მისი თქმით, ბავშვის ბაღში მიყვანის საუკეთესო ასაკი 3 წელია. ამასთან, ბაღში მიყვანა მნიშვნელოვანია პატარის სენსორული მოტორიკის განვითარებისა და სოციალიზაციისთვის. პედიატრის თქმით, მშობლებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ბავშვი მიეჩვიოს და დარჩეს ბაღში.

„იდეალური ვიარიანტი ბაღში მისაყვანად 3 წელია, როცა პატარას მთელი რიგი უნარჩვევები აქვს – შეუძლია მოუაროს თავის თავს, მოხდეს სოციალიზაცია, უკვე შეუძლია დედასთან განშორება. პირველ რიგში უნდა ვეცადოთ, ბაღში მიყვანამდე ავუხსნათ რა ელის მას, რომ მიდის სხვა გარემოში, სხვა ბავშვებთან. სასურველია, ბაღი და მასწავლებელი ბაღში მისვლამდე გავაცნოთ – ნახოს შენობა, ოთახი, სადაც მოუწევს დარჩენა, ასევე სათამაშოები, რომლებითაც უნდა ითამაშოს. განშორების პერიოდში შესაძლოა იტიროს, მაგრამ ეს ეტაპი მან უნდა გადალახოს, რისთვისაც ზოგჯერ ბავშვს ექიმის და ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება,“- აღნიშნა თამარ ოგბაიძემ.

რაც შეეხება საკითხის სამედიცინო მხარეს, პედიატრის თქმით, ბაღის ასაკს ძალიან ხშირი ავადობა ახასიათებს, რაც ნორმაა და ხშირად პედიატრები „ბაღის დაავადებებსაც“ უწოდებენ.

„ბავშვი – ესაა სუფთა იმუნიტეტი, რომელიც უცხო გარემოში მიდის, სადაც ბევრი ვირუსია. მეტწილად ესაა სასუნთქი გზების ინფექციები. ბაღის ასაკის ბავშვი წელიწადში საშუალოდ 8-10-ჯერ ავადობს, ხველა და ცხვირიდან გამონადენი კი შეიძლება 2-3 კვირამდე გაგრძელდეს. ანუ წლის მესამედი მას ახველებს. მაგრამ თუ არაა ქვედა სასუნთქი გზებისა და სხვა გართულებები, ეს პრობლემა არ არის,“ – განაცხადა თამარ ოგბაიძემ.

ის კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: მისი თქმით, არ შეიძლება, 6-7 წლის ბავშვი მოვწყვიტოთ თამაშს და უამრავ წრეზე ვატაროთ. ეს, პედიატრის განმარტებით, შეუსაბამოა ბავშვის ფსიქიკისთვის.

ამასთან, ოგბაიძის განცხადებით, სკოლისთვის მზაობა არ ნიშნავს წერა-კითხვის ცოდნას, ეს, პირველ რიგში, უნარების ქონას გულისხმობს. ამავე მიზეზით პედიატრი ამბობს, რომ შესაძლოა ბავშვი სკოლის დაწყების პერიოდისთვის არ იყოს სკოლისთვის მზად და ასეთ შემთხვევაში სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, ერთი წლის შემდეგ მიიყვანონ შვილი სკოლაში, რადგან თანატოლებისგან ჩამორჩენამ შესაძლოა თვითრწმენა შეურყიოს, რაც სერიოზული პრობლემების გამომწვევი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

იხილეთ ასევე

ალერგიის სეზონი სრულდება – რატომ უგრძელდება ადამიანების ნაწილს ალერგიის სიმპტომები?

მაღალი ალერგენული თვისებების სარეველა მცენარეების ყვავილობა დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, …