მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » რატომ გახშირდა კოვიდის პირველი აცრის შემდეგ ინფიცირების ფაქტები – მაია ბუწაშვილის შეფასება

რატომ გახშირდა კოვიდის პირველი აცრის შემდეგ ინფიცირების ფაქტები – მაია ბუწაშვილის შეფასება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „ფეისბუქის“ საშუალებით იმ შემთხვევებს ეხმაურება, როდესაც პირველი დოზით აცრის შემდეგ, ადამიანები კოვიდით დაინფიცირდნენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ასეთი დაახლოებით 300-მდა ფაქტია დადასტურებული.

მაია ბუწაშვილი ვარაუდობს, ამის მიზეზი შეიძლება ორი ფაქტორი იყოს: ერთი – რომ ადამიანები პირველივე აცრის შემდეგ სათანადოდ აღარ იცავენ სიფრთხილის წესებს, და მეორე – აცრის დროს და აცრის შემდგომ მოსაცდელ სივრცეებში ინფექციის კონტროლი კარგად არ ხდება.

„ცალკეულ შემთხვევებზე დაყრდნობით სტატისტიკაზე ლაპარაკი არასწორია და არ მიყვარს, მაგრამ ამ ერთეული შემთხვევების ერთობლიობა (ჩემამდე მოსული) მაფიქრებინებს, რომ კოვიდის პირველი აცრის შემდეგ საკმაოდ ბევრი ადამიანი ინფიცირდება კორონავირუსით. ამის მიზეზი არ ვიცი რა არის, მაგრამ სავარაუდოა, რომ ან ადამიანები პირველივე აცრის შემდეგ მცდარად მშვიდდებიან, რომ რისკი შეუმცირდათ და სათანადოდ აღარ იცავენ სიფრთხილის წესებს, ან აცრის დროს და აცრის შემდგომ მოსაცდელ სივრცეებში ინფექციის კონტროლი კარგად არ ხდება და ზოგიერთები იქ ინფიცირდებიან.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი პირადი ვარაუდებია, მაგრამ მეტი სიფრთხილე არ გვაწყენდა.

გარდა ამისა, ძლივს ცოტა მივიწყებული გადაკოცნა ყოველი შეხვედრისას (მათ შორის ფორმალური ჟესტის სახით, სულ რომ არ გიჟდები იმ ადამიანის კოცნაზე), მგონი ისევ აღდგა და არა მგონია, კარგი იდეა იყოს. კოვიდი ჯერ არსად არ წასულა და მართლა ვისთანაც ჩახუტება გვინდა, იმათ თუ გვინდა თავისუფლად ჩავეხუტოთ, სხვა ადამიანებისგან დისტანცირება ამ მხრივ ძალიან გამოგვადგება,“ – წერს ბუწაშვილი.

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …