მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რეგულაცია პირველ ეტაპზე 1330 მედიკამენტზე ამოქმედდება – წამლების კატალოგი უკვე გამოქვეყნდა

რეგულაცია პირველ ეტაპზე 1330 მედიკამენტზე ამოქმედდება – წამლების კატალოგი უკვე გამოქვეყნდა

უკვე გამოქვეყნდა რეფერენტული ფასების სისტემას დაქვემდებარებული მედიკამენტების კატალოგი, რომელიც 1330 წამალს მოიცავს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“წამალზე ფასის დადგენა არის ის მექანიზმი, რომელსაც ევროპის თითქმის ყველა და მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყანა იყენებს, რადგან წამალზე ფასის მერყეობა პირდაპირ აისახება იმაზე, თუ რამდენად ვახერხებთ, დავიცვათ მოქალაქეების ხელმისაწვდომობა ყველაზე საჭირო მედიკამენტებზე და მივცეთ მათ გრძელვადიანი ან გარკვეულ პერიოდში მკურნალობის შესაძლებლობა,“ – აღნიშნა გაბუნიამ.

მისი თქმით, ის ოთხი ქვეყანა, რომელთა ფარმაცევტული ბაზარიც საქართველომ საკუთარი რეფერენტული სისტემის ჩამოსაყალიბებლად შესადარებლად აიღო, არის: ბულგარეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და ლატვია. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ამ 4 ქვეყანას შესადარებლად აქვს კიდევ 15 ქვეყანა და შესაბამისად გამოდის, რომ ამ 4 ქვეყანასთან ერთად საქართველოს შედარება ხდება ყველა ამ ქვეყანასთანაც. თამარ გაბუნიას თქმით, რადგანაც შესადარებელი არეალი ფართოა, არის შესაძლებლობა, განისაზღვროს, რა შეიძლება იყოს მაქსიმალური ზღვრული ფასი, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაც შევინარჩუნოთ და არც ზედმეტის გადახდა მოუწიოს სახელმწიფოს და მოქალაქეებს.

თამარ გაბუნიას განცხადებით, კანონი უკვე ძალაშია,  დღეიდან გამოქვეყნდა ფასების კატალოგი და 15 თებერვლიდან აფთიაქებმა მომხმარებლებს სწორედ ამ დადგენილი ფასებით უნდა შესთავაზონ ის მედიკამენტები, რომლებიც პირველ ეტაპზე განისაზღვრა კატალოგის მიხედვით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დღევანდელი კატალოგი მოიცავს 1330 მედიკამენტს, რაც კიდევ უფრო გაფართოვდება და თავდაპირველად დაემატება ყველაზე ბაზისური მედიკამენტები, შემდეგ კი მთელ ფარმაცევტულ ბაზარს მოიცავს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეირჩა პირველ ეტაპზე ონკოლოგიურთან ერთად ქრონიკული მედიკამენტები, გაბუნიას თქმით, ქრონიკული დაავადებები ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი ტვირთია.

მისივე ინფორმაციით, უკვე მზადაა ელექტრონული მოდელი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რეალურ დროში დავაკვირდეთ რეფერენტული ფასწარმოქმნის კანონმდებლობის ფარგლებში განსაზღვრული მედიკამენტების მოძრაობას საბაჟოდან დაწყებული იმით დამთავრებული, როგორ მოძრაობს ეს მედიკამენტები ქვეყანაში და რა ფასად იყიდება.

„რა თქმა უნდა არის სანქცირების მექანიზმიც. პირველი დარღვევის შემთხვევაში, თუ ეს არის საცალო გაყიდვის დონეზე, არის გაფრთხილება, ასევე საბითუმო გაყიდვის დონეზე. თუ მოხდა მეორე დარღვევა, საცალო დონეზე არის ჯარიმა 5 ათასი ლარი, საბითუმო დონეზე 15 ათასი ლარი. ესეც იმიტომ, რომ თავიდან ავიცილოთ რისკები დარღვევებთან დაკავშირებით და ვაკონტროლოთ ეს სისტემა, რადგან აღსრულება არის ერთერთი მთავარი ფაქტორი, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს სისტემა,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ.

მათივე ცნობით, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს. თუკი სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა, ფასი დაკორექტირდეს.

მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

ცვლილება ქვეყანაში მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად.

იხილეთ ასევე

ვატო სურგულაძე – რეფერენტული ფასები ბაზრიდან ხარისხიან მედიკამენტებს გააქრობს

ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის, ვატო სურგულაძის თქმით, წამლების ფასზე ზღვრის დაწესებამ, მიუხედავად რიგი ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილობრივ …