მთავარი » დაზღვევა » “16-ლარიანი პაკეტით ხარისხიანი დაზღვევის მიღება შეუძლებელია”- რა უშლის ხელს სექტორის განვითარებას

“16-ლარიანი პაკეტით ხარისხიანი დაზღვევის მიღება შეუძლებელია”- რა უშლის ხელს სექტორის განვითარებას

საქართველოში დაზღვევა (როგორც სახელმწიფო პროგრამები, ისე კერძო სადაზღვევო სექტორი) ადამიანის საჭიროების მხოლოდ 40%-ს ფარავს. ამის შესახებ jandacva.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მაგალითად, როდესაც მძიმე პაციენტის მოვლაა საჭირო, ოჯახებს ათასობით ლარის გადახდა უწევთ სპეციალიზებულ დაწესებულებებში ან მომვლელის დასაქირავებლად.

განვითარებულ ქვეყნებში კი, მისი განცხადებით, ეს ხარჯები დაზღვევის მხრიდან იფარება. მართალია, ყველა ქვეყანას დაზღვევის განსხვავებული სქემა აქვს, მაგრამ პრინციპია ჯიბიდან გადახდების შემცირება, რაც საქართველოში მიღწეული არ არის.

გარდა იმისა, რომ სოციალური მდგომარეობა ადამიანებს ხარისხიანი სადაზღვევო პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას არ აძლევს, პრობლემაა სადაზღვევო კულტურის არარსებობაც, რაც კარგ პაკეტებზე მოთხოვნის არარსებობას განაპირობებს.

დევი ხეჩინაშვილს მოჰყავს მაგალითი, როდესაც ერთერთ დაწესებულებაში ყოფნისას, დასაქმებულებმა მას შესჩივლეს, რომ სადაზღვევო კომპანია ცუდად ემსახურებათ და ბევრ სერვისს არ ფარავდა.

„როდესაც მოვიკითხე, თუ როგორი სადაზღვევო პაკეტი ჰქონდათ ორგანიზაციაში მომუშავეებს, მითხრეს, რომ 16-ლარიანი დაზღვევა აქვს. როგორ შეიძლება, ასეთი დაბალი პაკეტით ხარისხიანი სერვისი მიიღო?“ – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში პრობლემაა გრძელვადიანი კონტრაქტების არარსებობა. მაგალითად,როდესაც კორპორატიული დაზღვევის ვადა ამოიწურება, მოსარგებლეები ახალი კონტრაქტის დადებისას იგივე სადაზღვევო კომპანიასთან მაღალი ფასის გადახდაზე უარს ამბობენ და მას სხვა კომპანიის დაბალფასიანი შეთავაზებით ანაცვლებენ.  შესაბამისად, იკარგება ლოიალობის პრინციპი.

„დასავლეთის ქვეყნებში არის ასეთი გამოცდილება: სადაზღვევო კომპანია კორპორატიული დაზღვევით მოსარგებლე ადამიანების მომსახურების საფუძველზე აკეთებს  ანალიზს და მას დამსაქმებელს წარუდგენს. ანალიზში მოცემულია, თუ რა ტენდენციები იკვეთება დასაქმებულებში – რა ჩივილებით მიმართავენ ისინი ყველაზე მეტად სამედიცინო დაწესებულებებს, რა რისკებია და ა.შ. შედეგად, სადაზღვევო კომპანია დამსაქმებელს აძლევს რეკომენდაციას, რომ დასაქმებულებს გარკვეული მედიკამენტები შეუძინოს, იზრუნოს მათი ჯანმრთელობის გართულების პრევენციის გზებზე, ამით კი თავად ეს კომპანია იქნება დაზღვეული გარკვეული რისკებისგან. საქართველოში კი გრძელვადიანი კონტრაქტები არ იდება, რადგან არ არსებობს ლოიალურობის პრინციპი და ყველაფერს ფასი წყვეტს, ამიტომაც მსგავსი პრაქტიკა ჩვენთან არ არის,“ – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად და ზოგადად, დაზღვევის განსავითარებლად სადაზღვევო სექტორი უნივერსალური, სავალდებულო პაკეტის შემოღებას ითხოვს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ამ საკითხის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია.

იხილეთ ასევე

„დიარჯის“ მოდელზე, სავარაუდოდ, კერძო სადაზღვევო სექტორიც გადავა

ჩვენ ვიმუშავებთ სადაზღვევო კომპანიებთან და ლოგიკური იქნება, რომ დიარჯის მეთოდზე გადასვლის პროცესში სადაზღვევო სექტორიც ჩაერთოს. …