მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » როგორ შევამსუბუქოთ კოვიდის ნეგატიური შედეგები – ჯანმოს ახალი ბროშურა ქართულ ენაზე

როგორ შევამსუბუქოთ კოვიდის ნეგატიური შედეგები – ჯანმოს ახალი ბროშურა ქართულ ენაზე

გამოვიდა ბროშურა და რეკომენდაციები COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების პროცესში მყოფი მოზრდილებისთვის.

ბროშურით სარგებლობა შეუძლიათ როგორც პირებს, რომლებიც გადიან ჰოსპიტალიზაციის შემდგომ პერიოდს, ასევე, გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც არ დასჭირდათ ჰოსპიტალში მკურნალობა. ექიმებისგან მიღებულ სამედიცინო დახმარებასთან ერთად, ბროშურა ადამიანებს დამატებითი ინფორმაციის მიღებასა და ზრუნვის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ეს არის მეორე გამოცემა იმ ბროშურისა, რომელიც თავდაპირველად 2020 წლის შუა პერიოდში გამოიცა და რამდენიმე განახლებულ განყოფილებასა და ახალ თემას მოიცავს. ბროშურა შედგენილია რეაბილიტაციის სპეციალისტების მიერ, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებთან კონსულტაციის საფუძველზე. ამასთან, ბროშურის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით პოსტ-კოვიდური მდგომარეობის შესახებ და ახალი მტკიცებულებები ძალიან სწრაფად იჩენს თავს. ბროშურა ჯანმოს ევროპის ბიურომ გამოსცა.

ბროშურაში მოცემულია არაერთი პრაქტიკული რჩევა. მაგალითად, დასურათებულია რამდენიმე პოზიცია, რომელმაც შეიძლება შეგიმსუბუქოთ ქოშინთან და სუნთქვის გაძნელებასთან დაკავშირებული მდგომარეობა. ასევე ხაზგასმულია ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა, თუმცა ფიზიკური დატვირთვის განახლების პროცესი უნდა დაიყოს ფაზებად. ასევე მოცემულია რჩევები გახანგრძლივებული ხველის დროს. ამ რეკომენდაციებს შორისაა: სცადეთ ცხვირით სუნთქვა ნაცვლად პირისა. სცადეთ დაბალ შაქრიანი, მოხარშული ტკბილეული. სცადეთ „ხველის შეჩერების ვარჯიში“. როგორც კი დახველების სურვილი გაგიჩნდებათ, დახურეთ პირი და აიფარეთ ხელი (შეაჩერეთ ხველა). ამავე დროს, გადაყლაპეთ ნერწყვი. შეაჩერეთ სუნთქვა – გააკეთეთ პაუზა. პაუზის შემდეგ, როდესაც განაგრძობთ სუნთქვას, მშვიდად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ცხვირით. თუ ხველა დაგეწყოთ ღამით, კუჭის რეფლუქსის გამო, შეეცადეთ დაწვეთ გვერდზე ან გამოიყენოთ ბალიშები, თავის ზემოთ წამოსაწევად. ბროშურაში ასევე მოცემულია რეკომენდაციები კვებასთან, ყნოსვასთან და გემოსთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში.

ბროშურაში ასევე გამახვილებულია ყურადღება ყურადღების, მეხსიერებისა და აზროვნების პრობლემებზე. რეკომენდაციებს შორისაა შემდეგი რჩევები: შეეცადეთ იმუშაოთ წყნარ გარემოში, ყურადღების გაფანტვის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურის საცობები. თუ ტექსტის კითხვისას ყურადღება გეფანტებათ, გამოყავით ტექსტის ნაწილი ქაღალდის დახმარებით, ან გამოიყენეთ თითი, როგორც მარკერი. ნუ იჩქარებთ და ნუ შეეცდებით ერთდროულად დიდი მოცულობის ინფორმაციის მიღებას, ეს შეიძლება შეცდომის მიზეზი გახდეს.

„COVID-19-ით ავადობა და გახანგრძლივებული სიმპტომები შეიძლება იქცეს სტრესულ გამოცდილებად, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს განწყობაზე. უჩვეულო არ არის სტრესის, შფოთვის (ღელვა, შიში) ან დეპრესიის (ცუდი განწყობა, სევდა) განცდა. შეიძლება გაგიჩნდეთ აზრები, თქვენს გადარჩენასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ თუ ვირუსი რთული ფორმით გადაიტანეთ. ასევე განწყობაზე შეიძლება იმოქმედოს იმედგაცრუებამ, რომ ჯერ კიდევ ვერ უბრუნდებით ყოველდღიურ საქმიანობას ჩვეული რეჟიმით,“ – ნათქვამია ბროშურაში და იქვე მოცემულია რეკომენდაციები ასეთი შემთხვევისთვის.

ბროშურა ასევე შეიცავს სიმტპომების მონიტორინგის დღიურს. ბროშურა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

იხილეთ ასევე

Bloomberg: ჩინეთის კრემატორიუმები COVID-19-ით გარდაცვლილთა ცხედრებით გადავსებულია

პეკინში, შანხაისა და ჩინეთის სხვა ქალაქებში კრემატორიუმები გადავსებულია, კორონავირუსით გარდაცვლილთა ნათესავები იძულებულები არიან გრძელ რიგებში …