მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » როგორ უნდა დაუკავშირდეს ინფიცირებული ორსული სპეციალურად გადამზადებულ მეან-გინეკოლოგს

როგორ უნდა დაუკავშირდეს ინფიცირებული ორსული სპეციალურად გადამზადებულ მეან-გინეკოლოგს

რესპუბლიკური საავადმყოფო COVID-19–ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის მიზნით მობილიზებულ დაწესებულებად განისაზღვრა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ძალაში 27 აგვისტოდან შევიდა.

ბრძანების თანახმად, კლინიკამ უნდა უზრუნველყოს COVID-19– ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა და მეთვალყურეობა ცენტრალური ონლაინ კლინიკის ექიმების (მათ შორის, ორსულების მართვა – მეან-გინეკოლოგების) მეშვეობით და ასევე სხვა დავალებების შესასრულებლად ჩართოს ონლაინ კლინიკის სხვა თანამშრომლები.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ჯავარა უგრეხელიძის განმარტებით, სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად მათი კლინიკის რესურსების მობილიზაცია გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე გადაწყდა. მისი თქმით, გუნდი დაკომპლექტებულია 40-მდე მედიკოსით, რომლებიც ბინაზე მყოფი პაციენტების მართვას მოახდენენ და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რაც შეეხება ორსულებს, ჯავარა უგრეხელიძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევაში, მათ ონლაინ-კლინიკაში შემავალ მეან გინეკოლოგთან 112-ის ოპერატორი გადაამისამართებს. შესაბამისად, მათთვის არ იცვლება ის ქმედებები, რომლებსაც ინფექციის დადასტურების შემთხვევაში ნებისმიერი პაციენტი მიმართავს – კერძოდ, უნდა დარეკონ 112-ში და დააფიქსირონ მათი ინფიცირების, ასევე ორსულობის ფაქტი.

უგრეხელიძე ამბობს, რომ, ზოგადად, ორსულების შემთხვევაში ინფექციის მართვა სტანდარტული პროტოკოლით მიმდინარეობს, თუმცა ასეთი შემთხვევების გახშირების გამო, მათ შორის ფსიქოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ორსულთა სამართავად სპეციალურად დატრენინგებული მეან-გინეკოლოგები ყოფილიყვნენ გამოყოფილები.

იხილეთ ასევე

თურქეთი საქართველოსთვის, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მედიკამენტების დაბალ ფასად მიწოდებას გეგმავს

თურქულმა მხარემ საქართველოს,  სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში,  შესაძლოა,  ფარმაცევტული პროდუქცია დაბალ ფასში მიაწოდოს. ამის შესახებ თურქეთში …