მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საჭიროა თუ არა კოვიდვაქცინაციამდე მომზადება – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

საჭიროა თუ არა კოვიდვაქცინაციამდე მომზადება – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ ადამიანი სრულიად ჯანმრთელია და არანაირი ფონური დაავადება არ აქვს, ასეთ შემთხვევაში ვაქცინაციისთვის მომზადების ცნება არ არსებობს.

თუმცა, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს აქვს მძიმე ალერგიული ანამნეზი, ბრონქული ასთმა, ან რაიმე ალერგიული გამოხატული რთული დაავადება, სანამ კოვიდვაქცინაციაზე მივა, რამდენიმე დღით ადრე მკურნალ ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიაროს.

“თუ ადამიანს აქვს რაიმე ქრონიკული პათოლოგია, იგივე სისხლძარღვების დაავადება, შედედების მიდრეკილება, ამ შემთხვევაშიც ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია. სხვა არცერთი დაავადება, არცერთი მედიკამენტი, რომელსაც ადამიანები იღებენ, ვაქცინის წინააღმდეგობას არ წარმოადგენს.

ვაქცინის წინააღმდეგობაა, როდესაც ადამიანს რაიმე მწვავე დაავადება სჭირს, იმ წუთში ავად არის, გაციება ან სხვა რაიმე, თუ არის 18 წლამდე ასაკის და არის ორსული. სხვა შემთხვევაში ვაქცინა შეიძლება დროებით გადაიდოს, ანუ სანამ ალერგიის ექიმთან, ან გულის ექიმთან მივალთ.

თუ ადამიანს პირობითად მაღალი პროტრომბინი აქვს, აცრა რა შუაშია, ისედაც რისკი ჰქონია, რაიმე რომ არ დაემართოს. მაღალ პროტრომბინს ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღება. თუ ადამიანს მდგომარეობა მოუწესრიგებელი აქვს, ჯერ იმკუნრალოს და მერე აიცრას“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “ბიზნესპარტნიორთან“.

რამდენად რეკომენდირებულია გაზაფხულზე, სეზონური ალერგიის მქონე ადამიანების ვაქცინაცია, ამასთან დაკავშირებით ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს:

“გაზაფხულის ალერგიის ყველა პაციენტს ჩვენ ვაძლევთ სამკურნალო წამლებს. ამ წამლების მიღება გრძელდება, დაავადების გაკონტროლება ალერგიული წამლების ფონზე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვაქცინა გაიკეთოს“,- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, “ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა, 15 მარტიდან კი, ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე იცრებოდა სამედიცინო პერსონალი. ვინაიდან ვაქცინაციის პროცესში დაბალი აქტვობა იყო, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დღეიდან ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით ასაკის პირებიც ჩაერთონ.

“ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში გუშინ შემოვიდა. პრეპარატი 6 სამედიცინო დაწესებულებაში გადანაწილდება.  ვაქცინაციის მსურველებს “ფაიზერსა” და “ასტრაზენეკას” შორის არჩევნის გაკეთების საშუალება აქვთ.

 

წყარო: business-partner.ge

იხილეთ ასევე

ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა და 761 შეადგინა. გუშინ ეს მაჩვენებელი 687 …