მთავარი » დაზღვევა » სადაზღვევო კომპანიები დაზღვეულებს მომსახურების შესაძლო შეფერხების შესახებ აფრთხილებენ

სადაზღვევო კომპანიები დაზღვეულებს მომსახურების შესაძლო შეფერხების შესახებ აფრთხილებენ

სადაზღვევო კომპანიები ყოველდღიურად ავრცელებენ მომხმარებლებისადმი მიმართვებს, რომლებშიც სოლიდარობისკენ მოუწოდებენ. ქვეყანაში 112500 აქტიური შემთხვევაა და ამ პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას ოჯახის ექიმები მართავენ, რომელთა რესურსი შეზღუდულია.

სადაზღვევო კომპანია „არდი“ თავის დაზღვეულებს მოუწოდებს, ექიმებს მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში მიმართონ.

NCDC-ის მიერ დამტკიცებული პროტოკოლის მიხედვით, ექიმი დაგიკავშირდებათ დაავადების დადასტურების პირველივე დღეს, ხოლო მომდევნო დღეებში გამოხატული სიმპტომების მიხედვით მე-3, მე-6 და მე-9 დღეს.

თუ ხართ მაღალი რისკის ჯგუფი (ჩვილი, ასაკოვანი, ორსული ან თანმხლები ქრონიკული დაავადების მქონე პირი), ასეთ შემთხვევაში ექიმს ექნება ინდივიდუალური მიდგომა და მოკითხვის სიხშირე იქნება სტანდარტული პროტოკოლისგან განსხვავებული.

პირველივე კონსულტაციის დროს ექიმი მოახდენს თქვენს ინფორმირებას იმ საყურადღებო სიმპტომების შესახებ, რომელთა დაწყების შემთხვევაში საჭიროა თქვენი მხრიდან უკუკავშირი.

თქვენს კოვიდ-ექიმთან ან მორიგე ექიმთან დასაკავშირებლად მიიღებთ სპეციალურ საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, რომლითაც შეგეძლებათ ისარგებლოთ საყურადღებო სიმპტომების გამოვლენისთანავე.

Covid19-ით ინფიცირებულ პაციენტთა უმრავლესობას არ სჭირდება დამატებითი კვლევები ან სპეციფიკური მკურნალობა. მეტიც, საჭიროების გარეშე და თვითნებურად მიღებულმა წამლებმა, მაგ: ანტიბიოტიკებმა, სტეროიდებმა ან შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა, შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.

გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ იზოლაციის წესები, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის გავრცელება თქვენს გარემოცვაში.

გახსოვდეთ, რომ არდიში თქვენს ჯანმრთელობაზე კომპლექსურად ზრუნავენ: პირველადი შეფასების ექიმი, მეთვალყურეობის ექიმი, რომელიც თქვენ პერიოდულად გიკავშირდებათ და მედიკოსთა მრავალრიცხოვანი გუნდი, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ თქვენს პირად ექიმთან და აკვირდებიან თქვენს ჯანმრთელობას.

ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის რჩევები და შედეგად ხელი შეუწყვეთ დაავადების მიმდინარეობას მსუბუქ ფორმებში, თანმდევი გართულებების გარეშე.

გაითვალისწინეთ, რომ 2 წლიანი უწყვეტი პანდემიის პირობებში ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ლაბორატორიები და თითოეული ჩვენი პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულება, მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს შესაძლებლობის უკიდურეს ზღვარზე. ამიტომ, გთხოვთ, გამოიჩინოთ სოლიდარული პასუხისმგებლობა და მიმართეთ მათ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, რითიც შექმნით გაცილებით თავისუფალ კორიდორს, მძიმედ მიმდინარე კოვიდპაციენტების სრულყოფილი და დროული მომსახურებისთვის.

პანდემიას აუცილებლად დავამარცხებთ მხოლოდ ერთობლივი ძალებით და საერთო პასუხიმგებლობის გაზიარებით .

გისურვებთ ჯანმრთელობას,“- ნათქვამია „არდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაზღვეულებს სპეციალური განცხადებით მიმართა “ირაომაც“:

„ინფიცირების შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, შეკრებებს… არსებული სტატისტიკის მიხედვით უნდა ველოდოთ ინფიცირების გაორმაგებულ ზრდას თებერვალში.

შემთხვევები მატულობს, როგორც დაზღვეულებში, ასევე ირაოს თანამშრომლებს შორისაც, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დროებითი შეფერხება მომსახურების გაწევისას, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. ამ რთულ პერიოდში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი სიმშვიდისა და  ჯანმრთელობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.“

იხილეთ ასევე

ოჯახის ექიმები შესაძლებლობების ზღვარზე არიან – სადაზღვევო სექტორი პაციენტების მართვაში ცვლილებებს ითხოვს

სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტების მართვის პროტოკოლის შეცვლას სთხოვს, რათა ოჯახის …