მთავარი » დაზღვევა » სადაზღვევო პაკეტები სამედიცინო სერვისების დიდ ნაწილს არ ფარავს – რატომ არ იზრდება პოლისის საშუალო ღირებულება

სადაზღვევო პაკეტები სამედიცინო სერვისების დიდ ნაწილს არ ფარავს – რატომ არ იზრდება პოლისის საშუალო ღირებულება

საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო დაზღვევა არსებული სამედიცინო სერვისების დაახლოებით 40%-ს ფარავს, განვითარებულ ქვეყნებში კი ეს მონაცემი 95%-ია. ამის შესახებ jandacva.ge-ს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით,  კერძო სექტორში ერთი სტანდარტული პაკეტის საშუალო ღირებულება 36 ლარია, რაც ბოლო 5 წელიწადში მხოლოდ 4 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. ხეჩინაშვილის თქმით, ამ თანხით ხარისხიანი სერვისის მიღება შეუძლებელია და ამის გამოცაა, რომ მაგალითად, რეაბილიტაციისა და მოვლის სერვისებს სადაზღვევო პაკეტები არ ფარავს. მსგავს სერვისს არ ითვალისწინებს არც საყოველთაო ჯანდაცვა. შედეგად კი, მაგალითად, როდესაც ფეხის ოპერაციის შემდეგ ადამიანს გრძელვადიანი რეაბილიტაცია სჭირდება, ან პაციენტი ლოგინადაა ჩავარდნილი, მას პრობლემებთან გამკლავება საკუთარი სახსრებით უწევს.

„იმისთვის, რომ ეს სერვისები განვითარდეს, ბაზარზე გარკვეული რაოდენობით შესაბამისი მოთხოვნა უნდა გაჩნდეს. ეს კი საქართველოსთვის რთულია, რადგან მსგავსი სადაზღვევო პაკეტები ძვირი ღირს და ქვეყანაში მათი მომხმარებელი უნდა გაჩნდეს. უცხოეთში ასეთი სერვისები ცალკე პაკეტებადაა გამოტანილი,“ – აცხადებს ხეჩინაშვილი.

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს საყოველთაო და კერძო დაზღვევას შორის არსებულ სტრუქტურულ სხვაობაზეც – მისი თქმით,  კერძო სადაზღვევო სისტემა პირველადი ჯანდაცვის რგოლზეა ორიენტირებული (ამბულატორია, სტომატოლოგია, მედიკამენტები), საყოველთაო ჯანდაცვა კი – ჰოსპიტლებზე. ანუ, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ადამიანს ეუბნება, რომ თუ რაიმე კრიტიკული დაემართება, მიხედავს მას. თუმცა დაავადების პრევენცია, ცხოვრების ჯანსაღი წესი პრიორიტეტი არ არის.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2021 პირველ კვარტალში ჯანმრთელობის დაზღვევის მოქმედი პოლისების რაოდენობა 626,876-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11 ათასით გაზრდილი მაჩვენებელია. სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 17% სარგებლობს.

 

იხილეთ ასევე

“არდის” აღმასრულებელი დირექტორი: სადაზღვევო ბაზარზე უკვე გაჩნდა COVID-19-თან დაკავშირებული პროდუქტები

Jandacva.ge-ს ინტერვიუ სადაზღვევო კომპანია “არდის” აღმასრულებელ დირექტორ მიხეილ ჯაფარიძესთან – პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ბევრ …