მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » სამედიცინო დახმარების ადგილების მოწყობა – კომპანიებისთვის ახალი, ევროპული ვალდებულება ამოქმედდა

სამედიცინო დახმარების ადგილების მოწყობა – კომპანიებისთვის ახალი, ევროპული ვალდებულება ამოქმედდა

კომპანიები ვალდებული ხდებიან, საკუთარ შენობაში, სამუშაო სივრცეში, განათავსონ პირველადი სამედიცინო დახმარების ერთი ან მეტი ოთახი ან ამ მიზნით გამოყონ სპეციალური ადგილი.

ამის შესახებ ნათქვამია სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა.

დოკუმენტის თანახმად, საწარმოს სიდიდის, სამუშაოს სპეციფიკის, ავარიული სიტუაციების სიხშირისა და სიმძიმის ხარისხის მიხედვით, სამუშაო სივრცეში უნდა იყოს ერთი ან მეტი პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახი ან შესაბამისი გამოყოფილი ადგილი.

პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახები უნდა აღიჭურვოს პირველადი სამედიცინო დახმარების დანადგარებითა და აღჭურვილობით, ამასთანავე, უნდა იყოს სათანადო წესით ნიშანდებული და შესაძლებელი უნდა იყოს საკაცით გადაადგილება. საჭირო რაოდენობის პირველადი დახმარების ყუთები განთავსებული უნდა იყოს ყველა სამუშაო სივრცეში. ასეთი ადგილები უნდა იყოს სათანადო წესით ნიშანდებული და იოლად ხელმისაწვდომი დასაქმებულთათვის.  შრომის ინსპექციის განმარტებით, ისევე როგორც აქამდე მოქმედი კანონმდებლობის შემთხვევაში, ამ კუთხითაც დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ხდება ბიზნესოპერატორის გაფრთხილება, ხოლო დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – დაჯარიმება.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში მოქმედ კომპანიებში სამედიცინო ოთახებისა და სივრცეების გამოყოფის პრაქტიკა გავრცელებული არ არის, ამიტომ დამსაქმებლებს ამ კუთხით ზომების მიღება მოუწევთ.

ახალი ვალდებულება ექიმის კადრის ყოლას არ გულისხმობს, თუმცა, როგორც შრომის ინსპექციაში jandacva.ge-ს განუმარტეს, ეს ვალდებულება მანამდეც უკვე მოქმდებდა მძიმე და საშიშპირობებიანი საწარმოებისთვის.

რეგლამენტი მიღებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში.

რეგლამენტი ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს შენობა-ნაგებობებში განთავსებულ სამუშაო სივრცეებთან მიმართებაში.

დოკუმენტი არეგულირებს შედეგ საკითხებს:   შენობების მედეგობა და კონსტრუქციული სიმტკიცე, სახანძრო უსაფრთხოება, საევაკუაციო გზები და გასასვლელები, საფრთხის შემცველი ადგილები, ესკალატორები და მოძრავი სავალი ბილიკები, ასევე, სატვირთო პლატფორმები და პანდუსებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე განსაზღვრულია დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრები, მათ შორის: მიკროკლიმატი, განათება, ვენტილაცია.

რეგლამენტით ასევე დადგენილია მინიმალური მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულთა და ორსული ქალებისათვის.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …