მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » სამედიცინო კომპანიებმა კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის ბაზარზე მრავალფეროვანი შეთავაზებები გამოიტანეს

სამედიცინო კომპანიებმა კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის ბაზარზე მრავალფეროვანი შეთავაზებები გამოიტანეს

სამედიცინო პროფილის კომპანიებმა კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებული პირების მოზიდვისთვის მრავალფეროვანი მარკეტინგული კამპანიები წამოიწყეს და ბაზარზე სპეციალური პაკეტები გამოიტანეს. ქვეყანაში ამ მომენტისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების 300 ათასამდე დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. სხვადასხვა, მათ შორის საერთაშორისო კვლევებით, პოსტკოვიდური სინდრომი კოვიდგადატანილი პაციენტების დაახლოებით 30%-ს უვითარდება. შესაბამისად, ამ კუთხით სარეაბილიტაციო სერვისებზე მიმართვიანობა მზარდია და სამედიცინო კომპანიებიც ბაზარზე გაჩენილ სრულიად ახალ მოთხოვნას ახალი მარკეტინგული კამპანიებით პასუხობენ.

ერთერთი მასშტაბური შეთავაზება “ევექსი ჰოსპიტლებმაგამოიატანა და  თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სპეციალური ცენტრებიც ამოქმედდება, მათ შორის სპეციალურად ბავშვებისთვის. შეთავაზების მიხედვით, კოვიდ-გადატანილი პაციენტების ჯანმრთელობაზე როგორც ფიზიკური, ისე – ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი ზრუნავს. ცენტრებში შესაძლებელია ამბულატორიული და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩაატარა საკუთარი კვლევა, რომლითაც გამოიკვეთა, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების 70%-ს აქვს გარკვეული ჩივილები, სამედიცინო დაწესებულებებს კი მათმა ნახევარმა მიმართა. პაკეტის ფარგლებში სხვადასხვა ფასდაკლებაც მოქმედებს.

სარეაბილიტაციო შეთავაზებები გაჩნდა სხვადასხვა კურორტზეც. მათ შორისაა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, ბორჯომი ლიკანი და სხვა.

კონკრეტული პროფილის დაწესებულებებმა კი კოვიდგადატანილი პაციენტების მოსაზიდად იმ შესაძლო გართულებებზე გააკეთეს აპელირება, რომელთაც თავად მკურნალობენ. მაგალითად „ციტო“ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე წერს, რომ  მამაკაცებში ფერტილობის უნარი შესაძლოა დაქვეითდეს COVID-19 ის გადატანიდან 72-90 დღის განმავლობაში, ასევე, შესაძლებელია, ვირუსმა გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლების ანთებითი დაავადება.

„სასურველია წყვილმა, რომელიც გეგმავს ორსულობას ან უნაყოფობის შემთხვევაში ესაჭიროება მკურნალობა, გაიაროს რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია,“ – ნათქვამია კომპანიის სარეკლამო განცხადებაში.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა jandacva.ge-სთან ამბობს, რომ მსგავსი გართულებები, შესაძლოა, მართლაც იყოს კოვიდგადატანილ პაციენტებში ისევე, როგორც ნებისმიერი ისეთი დაავადების გადატანის შემდეგ, რომელიც სხვადასხვა ორგანოს აზიანებს. ექიმის განმარტებით, კოვიდ 19-ის შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული გართულების შესახებ ჯერ სათანადო ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა, მისივე თქმით, კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების მიერ შესაძლო გართულებებზე  ხაზგასმა ბუნებრივია მათი მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე და ამაში არაკეთილსინდისიერება არ იკვეთება. პირიქით, გოგინავა ამბობს, რომ მსგავსმა შეთავაზებამ შესაძლოა, ადამიანს უბიძგოს ისეთი გამოკვლევის ჩატარებისკენ, რომელსაც სტანდარტულ სიტუაციაში არ ჩაიტარებდა, რაც დადებითი ტენდენციაა.

პოსტკოვიდური პაციენტების მიზიდვას ცდილობს „მედიც“, რომლის სპეციალიზაციაც კოსმეტოლოგია, ლაზერული ეპილაცია, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია და პროქტოლოგიაა.

კომპანია ფეისბუქ გვერდის, სმს-შეტყობინებითა და სხვა საკომუნიკაციო არხებით მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ შესაძლოა წონის კლებამ ან მატებამ, კანის სიმშრალემ, თმის ცვენამ და სხვა სიმპტომებმა შეაწუხონ. ამ ყველაფრის გამოსასწორებლად კი კონსულტაციებს, შემდეგ ეტაპზე კი სხვადასხვა პროფილის სპეციალისტის (ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, სტომატოლოგი,  ფიზიოთერაპევტი) მომსახურებასაც სთავაზობს, როგორც თავად ამბობენ, შეღავათიანი ტარიფებით.

სამედიცინო ბაზარზე გამოტანილ შეთავაზებებს სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი ელდარ პირმისაშვილი აფასებს. მისი თქმით,  პანდემიის პერიოდში ჯანმრთელობაზე ზრუნვა და იმუნიტეტის ამაღლება მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა საშუალო და მაღალი შემოსავლების თანამედროვე დასაქმებული ადამიანებისთვის.

„ჩემი დაკვირვებით, გაიზარდა მოთხოვნა თავის მოვლის და გამაჯანსაღებელ პროცედურებსა და სერვისებზე. ხოლო  რადგან გაჩნდა მოთხოვნილება, კომპანიების მარკეტინგული შეთავაზებები მოერგო არსებულ სიტუაციას და მოხდა სპეციალური შეთავაზებების მომზადება, რაც სრულიად ნორმალური და ლოგიკურია. ახალი შეთავაზებები სწორედ შექმნილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. სამედიცინო სფეროს შეთავაზებები ძალიან ნათელი და მკაფიო უნდა იყოს, რომ არ მოხდეს მხოლოდ ემოციურ და გაუაზრებლობის ფონზე  ასეთი სერვისების გაყიდვა, მათი მთავარი პასუხისმგებლობაა იმოქმედონ როგორც პასუხისმგებლიანმა კომპანიებმა და არ „დააშინონ“ ისედაც დასტრესილი საზოგადოება. მთავარი გზავნილი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება უნდა იყოს და ამ პროცესში მათი პროდუქტების და სერვისების ეფექტურობის მნიშვნელობაზე ხაზგასმაა საჭირო,“ – აცხადებს პირმისაშვილი.

 

იხილეთ ასევე

თოდუას კლინიკა მწეველებს ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგს სთავაზობს  

ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ფილტვის კიბოს მომატებული რისკის მქონე მოქალაქეებს უფასო სკრინინგს – კომპიუტერულ ტომოგრაფიას …