მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი სწავლის საფასურის გაზრდას ითხოვს

სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი სწავლის საფასურის გაზრდას ითხოვს

ქვეყანაში სამედიცინო განათლებაზე  სტუდენტისთვის გამოყოფილი გრანტი ძალიან მცირეა. ამიტომ დაფინანსების მოდელი უნდა შეიცვალოს – ასეთი პოზიცია აქვს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ზურაბ ვადაჭკორიას, რომელმაც ამ თემზე გამოცემა edu.aris.ge-სთან ისაუბრა.

„გრანტი – 2250 ლარი ძალიან მცირეა. განსაკუთრებით, სამედიცინო განათლებისთვის. ეს საკამათო არაა, აღიარებულია, რომ ყველაზე ძვირი სამედიცინო განათლება ჯდება. 2010 წლამდე სწავლა 1500 ლარი ღირდა, 2010 წლიდან 2250 ლარი გახდა და მას მერე გაიყინა. ლარმა განიცადა ინფლაცია, დევალვაცია, მაგრამ ფასი იგივე დარჩა. ძალიან მარტივი წინადადება გვაქვს, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვაყენებთ – საქართველოს მთავრობამ, კონკრეტულად კი ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დათვალოს რამდენ ექიმია საჭირო ყოველწლიურად ქვეყანაში. ჩვენ კი ვიცით, დაახლოებით, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს რიცხვი ჩვენ ვთქვათ. დავუშვათ, დადგინდა, რომ ქვეყანაში, ყოველწლიურად, 300 ექიმია საჭირო. გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე პირველი 300 სტუდენტი სრულად დაფინანსდეს. ამ პირველმა სამასმა მიიღოს 100 პროცენტიანი გრანტი, დანარჩენმა კი გადაიხადოს. ოღონდ, იმდენივე. სამას მეერთესაც ნუ წავართმევთ სწავლის უფლებას, მაგრამ ან გადაიხადოს, ან სამას საუკეთესოში მოხვდეს. ნურც იმ სამასს წავართმევთ არჩევანის თავისუფლებას – აირჩიოს რომელ უმაღლეს სასწავლებელში წავა,“- აღნიშნა ზურაბ ვადაჭკორიამ.

მისი თქმით, ეს სამასი საუკეთესო სტუდენტი მინიმუმ, ოთხმაგი გრანტით უნდა დაფინანსდეს, რადგან სწავლის საფასური 9000 ლარი მაინც უნდა იყოს.

„მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამ ფასად ექიმის მომზადება არ არსებობს. რეალურად, სტუდენტის მომზადება 9000-ზე ბევრად ძვირიც კი ჯდება. იცით რას ვაკეთებთ? უცხოელი სტუდენტებისგან ვიღებთ თანხას და ვაბალანსებთ. ჩვენთან ახალგაზრდები 81 ქვეყნიდან სწავლობენ. ყოველი მესამე სტუდენტი უცხოელია და ჩვენმა სტუდენტებმა შესანიშნავად იციან, რომ მათი მეშვეობით ვაკეთებთ დოტაციას, რაც სწორი არ არის. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ არსებული დაფინანსებით ამ უნივერსიტეტის მომავალი ვერ დავინახეთ. ან უნდა ვყოფილიყავით ჩაძირული უმაღლესი სასწავლებელი, ან ამ გზით წავსულიყავით,“- განაცხადა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა.

მისი თქმით, ამერიკულ პროგრამაზე გადასახადი 13 500 დოლარია, ტრადიციულ პროგრამაზე კი 8 000 დოლარი. აქ სწავლა ევროკავშირის ზოგიერთ უნივერსიტეტთან შედარებითაც კი უფრო ძვირია, საერთაშორისო სტუდენტებისთვის დაწესებული გადასახადის კუთხით. თუმცა, უნივერსიტეტი მაინც ზარალდება.

იგი განსაკუთრებულ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ქვეყანამ უნდა იცოდეს, რამდენი ექიმი სჭირდება მას.

„საკითხავია, გვინდა კი ამდენი ექიმი? პანდემიამ აჩვენა, რომ ზოგიერთ სპეციალობაში დეფიციტი გვაქვს, მაგრამ იქ არ მიდიან, რადგან იქ რეზიდენტურაში კიდევ ფული უნდა იხადონ. აი ეს უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ, სადაც დეფიციტია. მედიცინაში ჭარბწარმოება ქვეყანას ძვირი დაუჯდება. ამიტომ უნდა იცოდეს რამდენი ექიმი სჭირდება. გერმანიას, ავსტრიას ექიმების დანაკლისი აქვს, რადგან ძვირი ჯდება. ჩვენთან კიდევ იაფია და ბევრია,“- აღნიშნა ზურაბ ვადაჭკორიამ.

იხილეთ ასევე

“რესპუბლიკურ საავადმყოფოს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს  – ლევან გოფოძემ თანამდებობა დატოვა

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას “რესპუბლიკურ საავადმყოფოს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან …