მთავარი » ახალი ამბები » „სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობისთვის დაზღვევა არაა პირველადი საჭიროების პროდუქტი“

„სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობისთვის დაზღვევა არაა პირველადი საჭიროების პროდუქტი“

ინფლაციის მიუხედავად, სადაზღვევო კომპანიები ახერხებენ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების ღირებულების ზრდის 10%-ის ფარგლებში შენარჩუნებას. ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო ტენდერებში სხვადასხვა სამინისტრო არ ზრდის ბიუჯეტს და სადაზღვევო კომპანიები იძულებულები არიან მაქსიმალურად შეაჩერონ გაძვირების პროცესი. ამასთან, ხეჩინაშვილის თქმით, პრობლემაა ის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის, სამწუხაროდ, დაზღვევა არაა პირველადი საჭიროების პროდუქტი.

შეკითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს ფასების შეზღუდული ზრდა  მომსახურების ხარისხის გაუარესებას, დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ ამის საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან სადაზღვევო კომპანიებს აქვთ სერიოზული მცდელობა, გაუფრთხილდნენ იმიჯს და შეინარჩუნონ მომსახურების ის სტანდარტები, რასაც კლიენტები მიჩვეულები არიან.

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი ბოლო პერიოდის ტენდენციებზე საუბრობს და ამბობს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოხმარება გაზრდილია – თუ კოვიდის მასშტაბური გავრცელების დროს ადამიანები ერიდებოდნენ სხვადასხვა სერვისის მიღებას – თუ ეს აუცილებელი საჭიროება არ იყო – ახლა აღიდგინეს ის დანაკლისი, რაც მომსახურებაში ჰქონდათ. ამიტომ მომსახურების სიხშირე გაზრდილია. დევი ხეჩინაშვილის თქმით, სადაზღვევო ინდუსტრიისა და პოლისების ღირებულების მხრივ უმნიშვნელოვანესი პროცესია, რა მოხდება მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით და რა შედეგი ექნება ხელისუფლების ნაბიჯებს, რომელთა მიზანიც თურქეთიდან მედიკამენტების დაბალ ფასად შემოტანაა. „ვნახოთ, რა შედეგი ექნება ამას საერთო ფარმაცევტულ დანახარჯებზე.  შესაძლოა სწორედ ამაშია რესურსი, წამალზე დანახარჯები სტაბილური იყოს და ამას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჯანმრთელობის დაზღვევაზე.

თუ ამ ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, ის პროცესები, რაც ამ მიმართულებით ხდება, ჩემთვის საიმედოა,“- განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

იხილეთ ასევე

„კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ 5 დღით ადრე გავიგეთ“ – ყოფილი კოვიდ-კლინიკები მძიმე 8-თვიანი პერიოდისთვის ემზადებიან

იმის შესახებ, რომ სახელმწიფო კოვიდ-კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადადიოდა, სამედიცინო დაწესებულებებმა კონტრაქტის შეწყვეტამდე 5 დღით …