მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „საქართველოში 6 თვემდე ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე ახალშობილთა მხოლოდ 20%-ია, რაც საგანგაშოა“

„საქართველოში 6 თვემდე ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე ახალშობილთა მხოლოდ 20%-ია, რაც საგანგაშოა“

საქართველოში 6 თვემდე ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე ახალშობილთა მხოლოდ 20%-ია, რაც საგანგაშოა. ამის შესახებ მედიცინის დოქტორმა ნანი ყავლაშვილმა „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ” კანონის აღსრულების კონტროლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის თქმით, საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო კანონი, რომლის მიზანია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა უსაფრთხო და ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფის, ბუნებრივი კვების პრაქტიკის ხელშეწყობის, დაცვის და პროპაგანდის, აგრეთვე ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების გავრცელების რეგულირების გზით.

მისივე შეფასებით,კანონის მიღებიდან გასული დრო საკმარისია იმისათვის, რომ შევაფასოთ რამდენად მიაღწია მან დასახულ მიზნებს, თუ ვერ მიაღწია, რა გარემოებებმა შეუშალა ხელი.

ზაზა ლომინაძის თქმით, 2021 წლის ნოემბრიდან მოცულობითი სამუშაო შესრულდა, მიღებულ იქნა ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებიდან, კლინიკებიდან და ორგანიზაციებიდან, კონტროლის დასრულების შემდეგ კი ანგარიში და რეკომენდაციები შემუშავდა.

ნანი ყავლაშვილის განცხადებით, ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვების რაოდენობა რომ გაიზარდოს, მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის, აუცილებელია ბუნებრივი კვების პოპულარიზაცია და ადვოკატირება, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გაზრდა, ხელოვნური საკვების შემომტანი და დისტრიბუტორი კომპანიების მუშაობაზე მონიტორინგის გაძლიერება, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში პატრონაჟის სისტემის აღდგენა, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მოხმარებაზე კონტროლის დაწესება, ეროვნული რძის ბანკის შექმნა და სხვა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით კი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბუნებრივი კვების მიმართ ყურადღება მოდუნდა და ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ბალანსი დაირღვა. მისივე თქმით, ერთობლივი, აქტიური მუშაობა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ბუნებრივი კვების მიმართ მიდგომები შეიცვალოს და „სამინისტრო ამისათვის ყველაფერს გააკეთებს“.

იხილეთ ასევე

“მოლოდინი, რომ კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდება, არ გვაქვს”

მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდება, არ გვაქვს – რესპირაციული ვირუსების ბუნებიდან გამომდინარე, აცივების კვალდაკვალ, …