მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში „ასტრაზენეკათი“ 55 წელზე დაბალი ასაკის პირები ამ ეტაპზე არ აიცრებიან

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ 55 წელზე დაბალი ასაკის პირები ამ ეტაპზე არ აიცრებიან

საქართველოში „ასტრაზენეკის“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას  55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის, თუ  ნებისმიერი სხვა ჯგუფი“, – აღნიშნა გაბუნიამ. მისი თქმით, ამ ეტაპზე “ასტრაზენეკას” აცრისთვის ასაკობრივი ჯგუფის გაფართოება არ მოხდება. ვინც უკვე ჩაიტარა ამ პრეპარატით აცრა, შეუძლია მეორე აცრა ჩაიტაროს, როცა მოუწევს 8 და 12-კვირიანი ინტერვალით იმუნიზაცია.

მინისტრის მოადგილის თქმით, გაგრძელდება „ასტრაზენეკას“ მოწოდება, რადგან 55 წელს გადაცილებულ პირთა წრე საკმაოდ ფართოა.

შეგახსენებთ: ევროპის წამლის სააგენტომ განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინისა და თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი დაადგინა. ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ “„ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში შეტანილი უნდა იყოს უჩვეულო თრომბები და დაბალი თრომბოციტები. EMA შეახსენებს ჯანდაცვის პროფესიონალებს და ვაქცინის მიმღებ ადამიანებს, რომ გაითვალისწინონ თრომბის ძალიან იშვიათი შემთხვევების ალბათობა, თრომბოციტების დაბალ დონესთან ერთად ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში. ჯერჯერობით, დაფიქსირებული შემთხვევათა უმეტესობა 60 წლამდე ასაკის ქალებში ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში გამოვლინდა. ამჟამად არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, კონკრეტული რისკის ფაქტორები არ არის დადასტურებული“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ კომიტეტმა მხედველობაში მიიღო ამჟამად არსებული ყველა მტკიცებულება. ევროპის წამლის სააგენტო ვაქცინირებულ ადამიანებს ურჩევს, მაშინვე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, თუკი გამოუვლინდათ რომელიმე სიმპტომი.

„დაფიქსირებული თრომბებისა და დაბალი თრომბოციტების კომბინაცია ძალიან იშვიათია და ვაქცინის საერთო სარგებელი COVID-19– ის პრევენციაში აჭარბებს გვერდითი მოვლენების რისკს. მედიკამენტების რისკების შეფასების კომიტეტი ხაზს უსვამს სწრაფი სამედიცინო მკურნალობის მნიშვნელობას. თრომბების და დაბალი თრომბოციტების ნიშნების შემჩნევით და მათი ადრეული მკურნალობით, ჯანდაცვის პროფესიონალებს შეუძლიათ დაეხმარონ პაციენტებს გამოჯანმრთელებაში და თავიდან აიცილონ გართულებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს თამარ გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ თრომბოემბოლიური გართულებები არის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა, ისევე როგორც ანაფილაქსია. ამდენად, მოწოდებაა, რომ ამ ტიპის გართულებებს ყურადღება მივაქციოთ. “ამ ტიპის სურათი უფრო ახალგაზრდა პირებშია დადგენილი. ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 30 წლამდე პირებისთვის აღარ გაუწიოს რეკომენდაცია „ასტრაზენეკას“ გამოყენებას. ზოგიერთი ქვეყანა უფრო მაღალ ასაკს მიიჩნევს, 55 და 60 წელს,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში “დელტა პლუსი” გამოჩნდა – შტამი, რომელიც “დელტასთან” შედარებით კიდევ უფრო გადამდებია

საქართველოში “დელტა პლიუსის” შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ …