მთავარი » დაზღვევა » საქართველოში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება

საქართველოში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება

წლის ბოლოს საქართველოში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სქემა მომზადდება. ამის შესახებ jandacva.ge-ს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია ევროკავშირის ექსპერტებისა და მსოფლიო ბანკის მონაწილეობით. როდის ამოქმედდება აღნიშნული დაზღვევა ქვეყანაში, ვადებს ხეჩინაშვილი ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ პროცესი დაწყებულია და ასეთი დაზღვევის ამოქმედების აუცილებლობა დღის წესრიგში დგას.

ამასთან, ხეჩინაშვილის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიებს ეს პროდუქტი აქვთ და ქვეყანაში უკვე ათასობით ექიმს აქვს ის შეძენილი.

პროდუქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ, როდესაც საექიმო შეცდომის გამო პაციენტს ჯანმრთელობა უზიანდება, სადაზღვევო კომპანია, სადაც ექიმია დაზღვეული, დაზარალებულს ზარალს უნაზღაურებს. ეს ზარალი შეიძლება იყოს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარების გამოსწორებისთვის საჭირო მკურნალობა და მედიკამენტები, შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში კი მომავალში მისაღები შემოსავლის ანაზღაურება. ასევე კომპენსაცია ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, რაც ექიმის გადაცდომის შედეგად დადგა.

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ექიმების მხრიდან აღნიშნული პროდუქტის შეძენის მოტივაცია დამსაქმებელ კლინიკებთან გაფორმებული ხელშეკრულებებია, რომლებიც პროფესიული გადაცდომის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურებას მთლიანად ექიმს აკისრებენ. ამასთან, დევი  ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ეს შეთავაზებები არ არის მაღალი სტანდარტის, ლიმიტები ძირითადად დაბალია და არ ფარავს ყველა შესაძლო ზარალს.

„მსოფლიოში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სხვადასხვა მოდელი არსებობს. საქართველოსთვის რა მოდელი უნდა ამოქმედდეს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა და ეს რთული საკითხია. მსგავსი დაზღვევის პრინციპია, პაციენტის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაუროს მომავალში მის მიერ მისაღები შემოსავლები, მკურნალობის ხარჯები, მორალური ზიანი და ა.შ. რამდენად შეესაბამებოდა ექიმის ქმედებები არსებულ გაიდლაინებს,

უნდა დადგინდეს სასამართლოს ან პროფესიული გაერთიანების მიერ. ეს უკანასკნელი კი საქართველოში ძალიან გაუმართავია და ამ მიმართულებითაც ბევრი მუშაობაა საჭირო. თუმცა, როდესაც სავალდებულო დაზღვევის სისტემა ამოქმედდება, ექიმი ბევრად დაცულად იგრძნობს თავს და პროფესიულ საქმიანობასაც უფრო სტაბილურად და ხარისხიანად გააგრძელებს,“ – აცხადებს  დევი ხეჩინაშვილი.

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიები ექიმებს სთავაზობენ შესაძლო რისკებისგან დაზღვევას მცდარი სამედიცინო ქმედების შემთხვევაში.
ექიმის პასუხისმგებლობის დაზღვევა მედიკოსს იცავს ლიცენზიის შეჩერებით ან ჩამორთმევით გამოწვეული შემოსავლის დაკარგვისგანაც.

იფარება პაციენტის ჯანმრთელობის გართულების ან გარდაცვალების გამო დაკისრებული დამატებითი მკურნალობის ან კომპენსაციის გაღების ვალდებულება მიუხედავად ექიმის ბრალეულობისა, საჩივრის წინააღმდეგ თავის დასაცავი ხარჯები.

 

იხილეთ ასევე

“არდის” აღმასრულებელი დირექტორი: სადაზღვევო ბაზარზე უკვე გაჩნდა COVID-19-თან დაკავშირებული პროდუქტები

Jandacva.ge-ს ინტერვიუ სადაზღვევო კომპანია “არდის” აღმასრულებელ დირექტორ მიხეილ ჯაფარიძესთან – პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ბევრ …