მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში ფოლიუმის მჟავის მიღებას დაორსულებამდე 10-დან მხოლოდ 2 ქალი იწყებს

საქართველოში ფოლიუმის მჟავის მიღებას დაორსულებამდე 10-დან მხოლოდ 2 ქალი იწყებს

საქართველოში ფოლიუმის მჟავის მიღება დაორსულებამდე 10-დან მხოლოდ 2 ქალს აქვს დაწყებული. ესაა ვიტამინი, რომელიც ნაყოფს ზურგის და თავის ტვინის უმძიმესი დაზიანებისგან იცავს.

ამის შესახებ მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრნობით აცხადებს.

მისი თქმით, დაორსულებამდე, წყვილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს სხვადასხვა კვლევა და ასევე ქალმა უნდა დაიწყოს ფოლიუმის მჟავის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნერვულ სისტემას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, რომლის გამოსწორება დაბადების შემდეგ შეუძლებელია და ადამიანის ინვალიდიზაცია გარდაუვალია.

მეან-გინეკოლოგის განმარტებით, ნერვული ფირფიტის წარმოქმნა განაყოფიერებიდან მე-18 დღეს იწყება. 24-ე დღეს კი ნერვული მილის ფორმირება უკვე დასრულებულია, ანუ როცა ორსულობის ტესტზე ორი ხაზი პირველად გამოჩნდება, ნაყოფის ნერვული მილის დაზიანება უკვე დასრულებულია.

კერძოდ, არ არის ზურგის ტვინის მფარავი კანი, ხდება ზურგის ტვინის ტრავმირება, სითხის გამოდინება და ამის შემდეგ უკვე ზიანდება თავის ტვინი, რაც ჰიდროცეფალიას იწვევს. პროცესი ჩასახვიდან ძალიან სწრაფად ვითარდება, მშობიარობის შემდეგ კი მედიკოსებს მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობისა და თავის ტვინის გადარჩენა შეუძლიათ, ინვალიდიზაცია კი გარდაუვალია. კერძოდ, ქვედა კიდურები დაზიანებულია, ასევე დაზიანებულია მხედველობა, კუჭი, კიდურები, რისი შეცვლაც შეუძლებელია.

მამუკა ნემსაძის თქმით, ამერიკაში, გერმანიაში, ბრაზილიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ტარდება ოპერაციები ორსულობის ეტაპზე, რაც ინვალიდიზაციას მნიშვნელოვნად ამცირებს, თუმცა საქართველოში მსგავსი ძვირადღირებული ოპერაციები არ ტარდება.

მეან-გინეკოლოგი ამბობს, რომ ფოლიუმის მჟავა ესაა ვიტამინი, რომლის მიღებაც ექიმის დანიშნულების გარეშე შეიძლება, ამიტომ ქალი არ უნდა დაელოდოს გინეკოლოგთან პირველ ვიზიტს და დაორსულებამდე სამი თვით ადრე, ორსულობის დაგეგმვის ეტაპზევე დაიწყოს ფოლიუმის მჟავის მინიმალური დონის მიღება.

იხილეთ ასევე

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები რისკ-ჯგუფებისთვის

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს …