მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყო – როდიდან და რა ფასად გამოჩნდება ვაქცინები კერძო ქსელებში

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყო – როდიდან და რა ფასად გამოჩნდება ვაქცინები კერძო ქსელებში

დღეიდან საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უკვე არის 4-კომპონენტიანი მაღალეფექტიანი ვაქცინების 200 ათასი დოზა, რომელიც სახელმწიფომ რისკჯგუფებში შემავალი მოქალაქეებისთვის შეიძინა.

გაბუნიას თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება და მისი მიზანია, რისკების მქონე ადამიანები გრიპის ცირკულაციის დაწყებას მომზადებული შეხვდნენ და ამასთან, თავიდან ავიცილოთ ვირუსის შემთხვევები.

რაც შეეხება რისკჯგუფებს, რომლებისთვისაც ვაქცინაცია უფასოა, ესენი არიან თანმხლები ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის მქონე, ასევე დიალიზზე მყოფი და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები.

„მათ ესაჭიროებათ ვაქცინაცია, რათა თავი დაიცვან გართულებებისგან, რომელიც გრიპის ვირუსს ახასიათებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ორსულებში, სამედიცინო პერსონალში და პირებში, ვინც დახურული ტიპის დაწესებულებებში მუშაობენ და ცხოვრობენ. ესაა ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრები, პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული და პატიმრობის დაწესებულებებში მყოფი პირები,“- განმარტა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, გრიპის ვირუსი ამ ეტაპზე არ ცირკულირებს, თუმცა არის ადენოვირუსები, რინო და სხვა რესპირაციული ვირუსები. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ვაქცინა დროულად გაიკეთონ, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას გარკვეული დრო სჭირდება.

რაც შეეხება რისკჯგუფებში არ მყოფ მოქალაქეებს, რომლებსაც ფასიანი ვაქცინის გაკეთება სურთ, როგორც „ევექსში“ აცხადებენ,  „კომერციული ვაქცინა“ სავარაუდოდ ხვალიდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება დამისი ფასი ამ სეზონზე 80 ლარია.

იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც უფასო ვაქცინაციაა შესაძლებელი, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ალერგიის სეზონი სრულდება – რატომ უგრძელდება ადამიანების ნაწილს ალერგიის სიმპტომები?

მაღალი ალერგენული თვისებების სარეველა მცენარეების ყვავილობა დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, …