მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში ქალების 60%-ს ანორგაზმია აქვს –  სპეციალისტები სკოლებში სქესობრივი განათლების შემოღებას ითხოვენ

საქართველოში ქალების 60%-ს ანორგაზმია აქვს –  სპეციალისტები სკოლებში სქესობრივი განათლების შემოღებას ითხოვენ

იმ ქვეყნებში, სადაც სქესობრივი განათლების სისტემა გამართულია, სქესობრივი ცხოვრების დებიუტი გადავადებულია. ანუ მოზარდები უფრო გვიან ასაკში იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას. ასე უპასუხა რეპროდუქტოლოგმა, პროფესორმა ჯენარო ქრისტესაშვილმა  შეკითხვას იმის შესახებ, რამდენად საჭიროა სქესობრივი განათლება სკოლებში და ხომ არ შეუწყობს ეს ხელს სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას. ექიმის თქმით, სქესობრივი განათლება სექსუალურ განათლებასთან არ უნდა გავაიგივოთ და იგი უნდა ემსახურებოდეს მოზარდის გარკვეული ფაზებისთვის მომზადებას. მაგალითად, გოგონამ მენსტრუაციის დაწყებამდე უნდა იცოდეს, რა არის მენსტრუაცია, ამიტომ მეოთხე კლასში სქესობრივი განათლების ფარგლებში საუბარი უნდა იყოს ჰიგიენის ნორმებზე.

რეპროდუქტოლოგ არჩილ ხომასურიძის თქმით კი, „ჟორდანიას კლინიკის“  მცდელობების მიუხედავად, საქართველოში ამ საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდა. მას მოჰყავს დანიისა და შვედეთის მაგალითი, სადაც, მისი თქმით, სქესობრივი განათლება სკოლებში მეოთხე კლასიდან იწყება.

ხომასურიძის თქმით, ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სქესობრივი განათლება დაკანონებულია, საქართველოსგან განსხვავებით სქესობრივი მოშლილობები იშვიათია. მაგალითად, დანიაში ანორგაზმია 25%-ია, საქართველოში კი 60%.

არჩილ ხომასურიძე განმარტავს, რომ ქალებს, ვისაც ანორგაზმია აქვთ, ხშირად უვლინდებათ ნერვიული და ფსიქიკური პრობლემები, რაც გადადის არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალურ პრობლემებში, რადგან ადამიანი ნერვიულობს ამის გამო და ოჯახში კომუნიკაციის დამყარება უჭირს. ანუ ეს ყველაფერი აისახება ცხოვრების ხარისხზე.

ჯენარო ქრისტესაშვილის თქმითაც, ანორგაზმია ქალს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მაგალითად, საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ანორგაზმია საშვილოსნოს ვარიკოზთანაა კავშირში, რადგან ორგაზმის დროს სისხლი აწვება მენჯის ღრუში არსებულ ორგანოებს, ხოლო შეკავების დროს სტაზი ანუ ვენური შეგუბება ხდება.  ქრისტესაშვილის განცხადებით, ეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მეცნიერულად, კვლევების შედეგადაა დადასტურებული.

მეცნიერულად დასაბუთებულია ისიც, რომ კეთილთვისებიანი მიომები გაცილებით ხშირია სწორედ ანორგაზმიის მქონე ქალებში.

სწორედ მსგავსი გართულებების თავიდან აცილების მიზნით სპეციალისტები ხელისუფლებას სქესობრივი განათლების დანერგვას ურჩევენ.

არჩილ ხომასურიძის თქმით, დანიის მაგალითი, სადაც სქესობრივი განათლება მეოთხე კლასიდანაა დანერგილი და სადაც ქალების მხოლოდ 25%-ს აქვს ანორგაზმიის პრობლემა, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული დისციპლინის შემოღება განათლების სისტემაში. მისი თქმით, „ჟორდანიას ინსტიტუტმა“ ჯერ კიდევ წლების წინ შესთავაზა განათლების სამინისტროს სქესობრივი განათლების დანერგვის სქემა, რომლის თანახმად, ეს საგანი ჯერ სამედიცინო უნივერსიტეტის ზედა კურსების პროგრამაში შევიდოდა, 2-3 წელიწადში, თუკი დადებითი გამოხმაურება მოჰყვებოდა, ქვედა კურსებზე დაინერგებოდა, ამის შემდეგ გადავიდოდა სხვა პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში, შემდეგ სკოლებში და ასე მივიდოდა ის მეოთხე კლასამდე. ამასთან, არჩილ ხომასურიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება უხეშად არ უნდა გადმოვიღოთ და ამ პროცესში საქართველოს კულტურული, სოციალური, ეთნიკური და რელიგიური თავისებურებები უნდა იყოს გათვალისწინებული.

ხომასურიძის თქმით, მართალია გეგმა მოიწონეს, თუმცა მის განსახორციელებლად არაფერი გაკეთებულა. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სქესობრივი განათლების დანერგვას დიდი მნიშვნელობა აქვს რეპროდუქციული და ზოგადად, მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

იხილეთ ასევე

ძუძუს კიბოს მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ

#ნუგანგვასხვავებთ – თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში 28 ივნისს, 13:00 საათზე, ძუძუს კიბოს …