მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » საქართველოში სასწრაფო დახმარების მოტოციკლები გამოჩნდებიან – მედიკოსების გადამზადება უკვე დაიწყო

საქართველოში სასწრაფო დახმარების მოტოციკლები გამოჩნდებიან – მედიკოსების გადამზადება უკვე დაიწყო

საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოტოციკლები გამოჩნდებიან. პარამედიკოსები სამედიცინო მოტოციკლით შეძლებენ გადაადგილებას, რაც გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უფრო ოპერატიულსა და ეფექტურს გახდის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომელიც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ექიმების, ექთნებისა და მძღოლების საკვალიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

გამოცდები როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკული ნაწილს მოიცავს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდებს ორ წელიწადში ერთხელ აბარებენ, მანამდე კი საგანმანათლებლო ცენტრში მოსამზადებელ ტრენინგებს ესწრებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილმა მოადგილე ილია ღუდუშაურთან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელ ალექსანდრე კუტიბაშვილთან ერთად, ცენტრში მიმდინარე პროექტები და არსებული გამოწვევები განიხილა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, კლინიკებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებში მომსახურების ხარისხის გაზრდა სამინისტროს პრიორიტეტია.

15 ივლისს „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, მოტოტრანსპორტით სამედიცინო დახმარების სპეციალიზაციის კურსი უნდა იყოს აკრედიტებული ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

აღნიშნული პროექტის შესახებ პირველად ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, თანამდებობის დატოვებამდე მცირე ხნით ადრე ისაუბრა.

გასული წლის ნოემბერში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ 2022 წლიდან საქართველოში სამედიცინო მოტოციკლეტების შემოყვანა იგეგმება, რომლის საშუალებითაც მოტოპარამედიკოსები დაიწყებენ გადაადგილებას და სწრაფ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას განახორციელებენ.

სასწრაფო დახმარების მოტოციკლები (ambulance motorcycle) ევროპის და არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში ნაცნობი მოვლენაა. პარამედიკოსები ამ სატრანსპორტო საშუალებით „ექიმამდელი“ დახმარების გასაწევად მიდიან და სასწრაფო დახმარების ავტომობილის მისვლამდე უწევენ პირველად დახმარებას დაზარალებულს. მათ შეუძლიათ გამოძახების ადგილზე ავტომობილებზე სწრაფად მივიდნენ, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ავტოავარიებისა და სასწრაფო დახმარების პირველი კატეგორიის გამოძახებების შემთხვევაში.

გამოძახებაზე პარამედიკოსი მიდის რეანიმაციური ნაკრებით, რომლითაც პაციენტს პირველ დახმარებას უწევს. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მოტოტრანსპორტით სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდების შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს ბაზისური მედიკამენტებისა და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხას, განისაზღვრება ჯანდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. უცხოეთის ქვეყნების გამოცდილებით კი სასწრაფო დახმარების მოტოციკლში უნდა იყოს დეფიბრილატორები, ჟანგბადის ბალონი, ნაკრები ინტუბაციისთვის, გლუკომეტრი, ნაკრები რბილი ქსოვილების დაზიანების შემთხვევისთვის და ა.შ.

ყველა ქვეყანაში სასწრაფო დახმარების მოტოციკლების განსხვავებული ფერია მიღებული. მთავარია, რომ სატრანსპორტო ნაკადში მათი გარჩევა მარტივად იყოს შესაძლებელი, რათა მძღოლებმა ისინი დროულად დაინახონ და გზა დაუთმონ. მაგალითად, ევროპასა და აშშ-ში სასწრაფო დახმარების მოტოციკლები მკვეთრი ყვითელი ან ნარინჯისფერია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოტოციკლს შეუძლია ოპერატიულად მივიდეს იქ, სადაც დიდი ავტომილისთვის მისვლა რთულია საცობების ან გზის კონფიგურაციის გამო. მედიკოსს, რომელიც ამ ტრანსპორტით გადაადგილდება, უნდა ჰქონდეს პოლიტრავმების, სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, ასთმის, შაქრიანი დიაბეტის, გულის და სხვა დაავადებების მქონე პაციენტისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის უნარები.

სქემა ასე მუშაობს: გამოძახებაზე მიდიან სასწრაფო დახმარების მანქანა და პარამედიკოსი მოტოციკლით. ვიდრე მანქანა საცობებს გადის, მოტოციკლით მოძრავი პარამედიკოსი ასწრებს სიტუაციაში გარკვევას, პაციენტის სტაბილიზაციას და  მომზადებას ჰოსპიტალიზაციისთვის. თუ დაშავებული ბევრია, პარამედიკოსი დახმარების თანმიმდევრობას განსაზღვრავს.

არსებობს სასწრაფო მოტოციკლების მოდელები, რომლებიც პაციენტების ლოკალურ სამედიცინო ცენტრებში გადაყვანისთვისაა განკუთვნილი. მათში პატარა საკაცეა განთავსებული.

ასეთი ტრანსპორტის დანერგვის შემდეგ ეგვიპტის ქალაქ მალავიში დედების სიკვდილიანობა 60%-ით შემცირდა.

კონკრეტულად როდის დაიწყება საქართველოში ეს პროგრამა, რამდენი მოტოციკლის შემოყვანა იგეგმება – ეს და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …