მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრები არ არსებობს

საქართველოში სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრები არ არსებობს

სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ხათუნა საგანელიძე  jandacva.ge-სთან საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სპორტული მედიცინა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ჩართულობის გარეშე ვერ განვითარდება.

მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი ინვესტიცია და ინტელექტუალური ძალისხმევაც.

„კერძო სექტორი ამას სამთავრობო მხარდაჭერის გარეშე ვერ მოახერხებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დამტკიცებულია პროექტი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ მიერ, რომელიც სპორტული მედიცინის ძალიან კარგი კომპლექსის მშენებლობას, აღჭურვას და კადრების მომზადებას ითვალისწინებს.

პროექტი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ბოხუას ქუჩაზე განხორციელდება .ერთობლივი  მუშაობა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის უფრო კარგ და სწრაფ შედეგს გამოიღებს,

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ცენტრი საქართველოში არ არსებობს და სპორტული ექიმები ყველანაირად ვცდილობთ სპორტსმენები ფორმაში იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენი სპორტსმენები ამ ყველაფრის არსებობის გარეშე დებენ შედეგებს. ზურა კახაბრიშვილი არის ერთადერთი ყველაზე წარმატებული სპორტული ექიმი, რომელმაც შეძლო ტრამვირებული სპორტსმენი გაეყვანა ტოკიოში და მიეღო ოქროს მედალი, ეს სასწაულია “-აცხადებს საგანელიძე.

მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში არც სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი არსებობს და არც თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნება ახალგაზრდა სპორტსმენებმა ჩაიტარონ გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლისა და სხვა ტიპის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება.

„გენეტიკური ლაბორატორიის არსებობა იქნება უნიკალური შესაძლებლობა საქართველოსთვის, ვინაიდან  ის იქნება რეგიონული და მოემსახურება არამარტო საქართველოს, არამედ, მეზობელ ქვეყნებსაც“-აცხადებს საგანელიძე.

ინტერესდება თუ არა კერძო სექტორი სპორტულ მედიცინაში ინვესტიციებით განხორციელებით და მიმზიდველია თუ არა ეს მიმართულება, საგანელიძე განმარტავს, რომ ბიზნესის ინტერესი უნდა იყოს სოციალური პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ნებისმიერ ბიზნესს, თუ უნდა, რომ წარმატებული იყოს იმ ქვეყანაში სადაც ის საქმიანობს, ამისთვის ქვეყანა წარმატებული უნდა იყოს.

„ამ კუთხით თუ მივუდგებით, ბიზნესის ნებისმიერი წარმომადგენელი უნდა იყოს დაინტერესებული მხარდაჭერით. გარდა ამისა, თუ უნდათ, რომ სპორტში ჩადებული ფული იყოს მომგებიანი, უნდა იზრუნონ სპორტსმენების ჯანმრთელობაზე. ამაზე კი დღეს  სამწუხაროდ არავინ ზრუნავს. კარგი იქნება თუ ქვეყანაში არსებული ბიზნესები გაიზიარებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ფულს ქველმოქმედებაში ჩადებენ. “-აცხადებს საგანელიძე.

სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი აქცენტს სპორტულ მედიცინაში მოქმედ სპეციალისტებზეც აკეთებს და მათი გადამზადების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი ინფორმაცით, მარტო სპორტული ინფრასტრუქტურის არსებობა საკმარისი არ არის.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა 10 წლიანი გეგმის წარდგენისას სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და სპორტული მედიცინის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სპორტული მედიცინა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა და 10 წლის თავზე საქართველოში უნდა ფუნქციონირებდეს სულ მცირე 3 სპეციალიზებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სპორტსმენების ტრავმის შემდგომ სწრაფ და სრულყოფილ რეაბილიტაციას.

“სამედიცინო ცენტრების ბაზაზე იფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნება ახალგაზრდა სპორტსმენებმა ჩაიტარონ გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლისა და სხვა ტიპის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ წარმატებული კარიერა. საქართველოს ყველა რეგიონში, 10 წლის თავზე იფუნქციონირებს თანამედროვე, სპორტსმენის საჭიროებებზე მორგებული სულ მცირე ერთი მულტიფუნქციური კომპლექსი, სპორტის ძირითადი სახეობების განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით,“ – განაცხადა წულუკიანმა.

 

იხილეთ ასევე

ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების გამართვა და მათში მონაწილეობა, შესაძლოა, “კოვიდპასპორტის” მქონე ადამიანებისთვის დაუშვან

ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების გამართვა და მონაწილეობა, შესაძლოა, “კოვიდპასპორტის” მქონე ადამიანებისთვის ნებადართული გახდეს ორშაბათიდან შრომის …