მთავარი » დაზღვევა » საქართველოში სულ უფრო ცოტა ადამიანი ფიქრობს, რომ ჯანდაცვა სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს
საქართველოში მინიმუმ 1.4 მილიონი ზრდასრული მოქალაქე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ და მოქალაქემ უნდა გაინაწილოს.

საქართველოში სულ უფრო ცოტა ადამიანი ფიქრობს, რომ ჯანდაცვა სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს

მოსახლეობის 61%-ს მიაჩნია, რომ მაღალი შემოსავლის მქონე პირებმა დაზღვევაში მეტი თანხა უნდა გადაიხადონ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში, რომელიც ჩვენი დაკვეთით, “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) განახორციელა, მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2032 ადამიანმა მიიღო.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61%-ს მიაჩნია, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ სამედიცინო დაზღვევაში და ამით ნაწილობრივ დააფინანსონ იმ ადამიანების სამედიცინო დაზღვევაც, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს, რაც 5 პროცენტული პუნქტით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მოსახლეობის 18%-ს მიაჩნია, რომ ყველა ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და, შემოსავლის მიუხედავად, თავად დაფაროს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები. 

მოსახლეობის 44%-ს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები ნაწილობრივ სახელმწიფომ უნდა გაწიოს, ნაწილობრივ თავად ადამიანებმა, რაც 2015 წელთან შედარებით 19 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ სრულად უნდა გაწიოს 2015 წელთან შედარებით 12 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ამ მონაცემის შესაბამისი ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მინიმუმ 1.4 მილიონი ზრდასრული მოქალაქე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ და მოქალაქემ უნდა გაინაწილოს.

მოსახლეობის 41%-ს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ავადმყოფობის დროს ვერ მისულა ექიმთან იმის გამო, რომ კონსულტაციის ღირებულების მის მიერ გადასახდელი წილი მეტისმეტად მაღალი იყო, ხოლო 59%-ს ასეთი შემთხვევა არ ჰქონია.

ერთ-ერთ სერიოზული პრობლემად თვითმკურნალობა რჩება, კერძოდ მოსახლეობის 25%-ს ბოლო 12 თვის მანძილზე ანტიბიოტიკი ან ანტრიდეპრესანტი ექიმის დანიშნულების გარეშე მიუღია, ხოლო 74%-ს არ მიუღია. ეს მონაცემები, ერთის მხრივ, მიუთითებს, რომ ასიათასობით ადამიანი ეწევა თვითმკურნალობას, ხოლო მოსახლეობის 25%-ის დიდი ნაწილი რეცეპტების სისტემის გვერდის ავლით კვლავ ახერხებს რეცეპტული წამლების შეძენას. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიაჩნია, რომ: საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არის საკუთარ ჯანდაცვაზე ფინანსური პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს, თუ მას მასზე მორგებულ პაკეტს შესთავაზებენ.

„ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რაც საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით შეცვალოს, დაადგინოს, როგორია მოსახლეობის ამ ნაწილის მოლოდინები ჯანდაცვის სასურველ სერვისებთან დაკავშირებით და გამოთავისუფლებული რესურსი, როგორც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ისე, საზოგადოდ, უკეთესი ჯანდაცვისკენ მიმართოს.

აქ, ჩვენი აზრით, საუკეთესო გამოსავალია, სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩაანაცვლოს ბენეფიციარების გარკვეული კატეგორიებისთვის თანაგადახდის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები განახორციელებენ და ყველა ბენეფიციარს ექნება მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის არჩევის საშუალება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა შექმნას რეცეპტების სისტემის გვერდის ავლის პრევენციის ეფექტური მექანიზმი, მათ შორის უზრუნველყოს ელექტრონული რეცეპტების სისტემაზე დროული გადასვლა და ელექტრონული რეცეპტების სისტემის შედეგიანი მონიტორინგი”, – განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში”.

commersant.ge

იხილეთ ასევე

ონკოპაციენტები, რომლებსაც სადაზღვევო სისტემა სრულფასოვანი მკურნალობის გარეშე ტოვებს

40 წლის მაია ხარაიშვილის ისტორია არა მხოლოდ ერთი ონკოპაციენტის, არამედ ყველა იმ ადამიანის ისტორიაა, რომლებიც …