მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სარეცეპტო სისტემის გაუმართაობა მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მორიგი კრახია
მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა წამლის სწორი პოლიტიკის გატარება.ასევე, ვერ მიიყვანა ბოლომდე სარეცეპტო რეფორმა.

სარეცეპტო სისტემის გაუმართაობა მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მორიგი კრახია

მედიკამენტების მაღალი ფასი და ასევე, ხელმისაწვდომობა  კვლავ ძლიერ ტვირთად აწევს ჩვენ მოქალაქეებს. მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა წამლის სწორი პოლიტიკის გატარება.

ასევე, ვერ მიიყვანა ბოლომდე სარეცეპტო რეფორმა, – ამის შესახებ ”ჯი-ეიჩ-ენს” სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, რეცეპტების სისტემის დანერგვა, რომელიც აუცილებლად გასატარებელი რეფორმა იყო, თავიდანვე წარიმართა ნაკლოვანებებით და ბოლო 2 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა ამ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.

”სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული ის მიზნები, რასაც ამ სისტემის შემოღება ითვალისწინებდა. კერძოდ, რეცეპტების შემოღების მიზანი იყო, რომ აღკვეთილიყო თვითნებურად წამლების მიღება, შემცირებულიყო პოლიპრაგმაზია, ანუ დიდი რაოდენობით წამლების დანიშვნა და ამავე, დროს პაციენტებს არ შექმნოდათ წამლების ხელმისაწვდომობის პრობლემა.

რა ვითარება გვაქვს დღეს? უახლესი კვლევები და გამოკითხვები ადასტურებენ, რომ მოსახლეობის 51% თვლის, რომ ამ რეფორმამ ასეთი სახით უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მათზე და მათ ოჯახებზე, მოსახლეობის 82% აცხადებს, რომ წამლებზე ფასები გაზრდილია, საინტერესოა, რომ მოსახლეობის 41%-ს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ავადმყოფობის დროს ვერ მისულა ექიმთან იმის გამო, რომ კონსულტირების ფასი მაღალი იყო და ეს მათთვის დამატებითი მძიმე ფინანსური ტვირთია”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ იგივე საერთაშორისო გამჭირვალობის კვლევის მიხედვით, თვითმკურნალობა კვლავ რჩება სერიოზულ პრობლემად, კერძოდ მოსახლეობის 25%-ს ბოლო 12 თვის მანძილზე ანტიბიოტიკი ან ფსიქოაქტიური მედიკამენტი მაინც მიუღია ექიმის დანიშნულების და რეცეპტის გარეშე. ასე, რომ ვერცერთი ის მიზანი, რომელსაც რეცეპტის შემოღება ისახავდა მიზნად ვერ იქნა მიღწეული.

”უფრო მეტიც, როგორც საერთაშორისო ფონდ კურაციოს უახლესი კვლევა გვიჩვენებს, რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებზე ფასნამატი გაცილებით მეტია ვიდრე ურეცეპტოდ გასაცემ  მედიკამენტებზე, კერძოდ, რეცეპტულორი გინალბრენდებზე ფასნამატის დონე 89%-ით მეტია, ვიდრე ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე, რეცეპტულ გენერიკებზე ფასნამატის დონე კი მთელი  210%-ით უფრო მეტია, ვიდრე ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე”, – აცხადებს ჩიხლაძე.

ჩიხლაძე განმარტავს, რომ  რეცეპტი აუცილებელია, მაგრამ იმ არასწორი პოლიტიკისა და უნიათო მენეჯმენტის პირობებში რასაც მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს ნებისმიერი, თუნდაც კარგი წამოწყება მთავრდება კრახით.

”მიუხედავად მრავალი მოწოდებისა და დაპირებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ დაენერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რაც ბევრ იმ ნაკლოვანებას, რაზე ზემოთ ვისაუბრე მოაგვარებდა”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ghn.ge

იხილეთ ასევე

რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების ბაზრიდან გასვლის რისკი დაზღვეულია – სამინისტროს პოზიცია

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება არ ქმნის რისკს, რომ დიდი ფარმაცევტული კომპანიებისთვის საქართველო მიმზიდველი აღარ იქნება …