მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა 80%-მდე უნდა იყოს, თბილისში კი მხოლოდ 18%-ია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა 80%-მდე უნდა იყოს, თბილისში კი მხოლოდ 18%-ია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში პისიარ ტესტირება ჩაერთვება – ასეთია განახლებული გაიდლაინი, რომელსაც სკრინინგის ეროვნული ცენტრი გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ამზადებს და რომელიც დამტკიცების ეტაპზეა.

ამის შესახებ „ეროვნული სკრინინგცენტრის“ დირექტორმა ეთერ კიღურაძემ პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება მტკიცებულებაზე დაფუძნებული დოკუმენტი, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია აქამდე არსებული მეთოდები.

კიღურაძე სკრინინგის მოცვის გაზრდის აუცილებლობას უსვამს ხაზს და მოჰყავს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც 2021 წელს ქვეყანაში საშვილოსნოს ყელის კიბოს 281 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამასთან, პრობლემურია დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, რომლის მაჩვენებელი 41%-ის ფარგლებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალია დაგვიანებული დიაგნოსტიკის სტატისტიკა. ეს კი ქმნის სირთულეს როგორც გართულებების, ისე გამოსავლის კუთხით.

„დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციულ ღონისძიებებზე საუბარს, რომელიც მთლიანად აგვაცილებდა ამ დაავადებას, რადგან ჩვენ ვიცით მისი გამომწვევი მიზეზი და ესაა ადამიანის პაპილომავირუსი,“ – აცხადებს კიღურაძე და ვაქცინაციის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს, რომელიც, მისი თქმით, ადამიანს დაავადებისგან სრულად იცავს.

ამასთან, კიღურაძის ინფორმაციით, საქართველოში საშვილოსნოს ყელის სკრინინგზე მიმართვიანობა ძალიან დაბალია იმასთან შედარებით, რაც საერთაშორისო გაიდლაინებითაა განსაზღვრული. კერძოდ, თუ ამ უკანასკნელის თანახმად, სკრინინგით მოცვა სამიზნე პოპულაციის 70-80%-ს უნდა შეადგენდეს, თბილისში ეს მონაცემი 18%-ია, საქართველოს რეგიონებში კი – 7,8%, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და მეტყველებს იმაზე, რომ ქალებს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის ბარიერები აქვთ. ესაა, ერთის მხრივ, დიაგნოზის, მეორეს მხრივ კი პროცედურის შიში.

„ საინფორმაციო კამპანია და მასშტაბური, სახელმწიფოებრივი მიდგომა გამოასწორებდა ამ მიდგომას – ქალებს ექნებათ სრული ინფორმაცია დაავადების განვითარების და სკრინინგის სარგებლის, ასევე კვლევების უმტკივნეულო პროცედურების შესახებ. ეს უნდა იყოს ისეთ დონეზე აყვანილი, რომ, მართალია სკრინინგი ქალის გადასაწყვეტი და ნებაყოფლობით პროცედურაა, მაგრამ მას გარკვეული ვალდებულება უნდა ჰქონდეს თავისი თავის, ოჯახის და საზოგადოების წინაშე, რათა ეს კვლევები ჩაიტაროს. თანაც სახელმწიფო სკრინინგს მოსახლეობას უფასოდ სთავაზობს, რათა ქალმა გააგრძელოს მშვიდი და ჯანმრთელი ცხოვრება,“- აღნიშნა ეთერ კიღურაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ოჯახის ექიმების ჩართვის მიზნით, ასევე მნიშვნელოვანია სოფლის ექიმების საკითხი/ ზოგადად, სკრინინგი პირველადი ჯანდაცვის თემაა, სადაც უნდა მოხდეს მოსახლეობის სკრინინგის სტატუსის კონტროლი და ექიმებს დაევალათ ამ მიმართულებით მუშაობა.

ექიმების განმარტებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 35-50 წლის ასაკშია აუცილებელი, რადგან სწორედ ამ პერიოდშია კიბოსწინა პროცესის დაფიქსირების ყველაზე მაღალი ალბათობა.

იხილეთ ასევე

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები რისკ-ჯგუფებისთვის

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს …