მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობისათვის მისაღებია
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობისათვის მისაღებია

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობისათვის მისაღებია

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყების შესახებ დაანონსა.

აღნიშნულ რეფორმას საქართველოს ეკონომიკური რეაბილიტაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი – სოსო ღვარძელაშვილი გამოეხმაურა.

,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობისათვის ძალიან მისაღებია და შეღავათიანი, მაგრამ თვისობრივად ამ პროექტს რამდენიმე ხარვეზი აქვს:

ანალიზების სრული პაკეტი  და გამოკვლევების ფართო სპექტრი საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტში არ შედის. ვინაიდან ჩვენი ცენტრი სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებების კუთხით მუშაობს, სწორედ ამ ფენას შევეხები.

შეიძლება სოციალურად დაუცველი პირი მივიდეს ექიმთან და გამოკვლევებიც ჩაიტაროს, მაგრამ მას მეტწილად არ ექნება საშუალება ძვირადღირებული მედიკამენტების შესაძენად. ამ კუთხით უნდა დაინერგოს რაიმე სახის ცვლილება. კარგი იქნება, თუკი ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმისას ეს კომპონენტიც იქნება გათვალისწინებული“,– ამბობს ღვარძელაშვილი.

იგი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობის ეს ინიციატივა ძალიან კარგი წამოწყებაა. „ვინაიდან პროგრამა სულ ახლახან დაიწყო და დაახლოებით 5 ათასამდე ადამიანს აქვს პირველ რიგში მკურნალობით სარგებლობის საშუალება, ძნელია კონკრეტული შეფასებების გაკეთება. კარგი იქნება, თუ ამ 5 ათასი პირის გარდა C ჰეპატიტის დიაგნოზის  მქონე სხვა პირებიც მყისიერად შეძლებენ პროგრამაში ჩართვას“– აღნიშნა სოსო ღვარძელაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება. რეფორმაში ჯანდაცვის სამინისტროს მთავრობის კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს დახმარებას.

საქართველოს მთავრობას „გლობალ ალიანსთან“ გრძელვადიანი შეთანხმება აკავშირებს, რაც თავის მხრივ, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.

presa.ge

იხილეთ ასევე

მელანომის დიაგნოზის მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

მძიმე დაავადების მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.  მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტებმა  პეტიცია შეიმუშავეს, რათა …