მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » შეძლებს თუ არა ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური კლინიკა პაციენტებისა და მშობლების ნდობის მოპოვებას

შეძლებს თუ არა ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური კლინიკა პაციენტებისა და მშობლების ნდობის მოპოვებას

ონკოლოგიური დაავადების მკურნალობაში ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისა და მისი მშობლის (როცა საუბარია ბავშვების ონკოლოგიაზე) ნდობა კლინიკისა და ექიმის მიმართ და აუცილებელია, მათ თავად აირჩიონ მკურნალობის ის მექანიზმები და მეთოდები, რომლებიც მათთვისაა მისაღები.

ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ „ბი ემ ჯი“-ს ეთერში, ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური კლინიკის გახსნის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ასეთი პროფილის კლინიკის გახსნის გეგმების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრ ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნა და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება. ამ მიზნით, უწყებაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც თელ-ავივში, ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულებით წამყვან, სახელმწიფო კლინიკებში- Sheba Tel Hashomer Hospital“, “Ichilov Medical Center“ და
“Hadassah Medical Center იმყოფებოდნენ.

ისრაელის შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრები, ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გერმანიაში გაეცნობიან.

ნინო კობახიძის თქმით, არის ეტაპები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაიაროს ამ პროცესმა და ის უკუღმა არ წარიმართოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ, რომ სახელმწიფომ მიხედა ამ დაავადების მქონე ბავშვებს.

ნინო კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო კლინიკის გაკეთება გრძელვადიანი პერსპექტივაა. სახელმწიფოს საკუთარ მმართველობაში აქვს არაერთი კლინიკა და აქამდეც შეეძლო ერთი სართული მაინც დაეთმო ამ სერვისის განვითარებისთვის. რაც შეეხება კერძო სექტორს, რომელზეც სამედიცინო სერვისების ბაზრის 85% მოდის, კობახიძის თქმით, ერთი შეხედვით კერძო სექტორსაც შეეძლო გაეკეთებინა ეს მომსახურება და ხელმისაწვდომი გაეხადა ბავშვებისთვის.

თუმცა საუბარია ძალიან ძვირადღირებულ სერვისზე და შეუძლებელია, საქართველოში ბევრ მოქალაქეს ჰქონდეს გადადებული 150-200 ათასი ლარი სამკურნალოდ. თანაც, როგორც კობახიძე ამბობს, ეს თანხაც მიახლოებითია და ზოგ შემთხვევაში ის 200 ათასს და ნახევარ მილიონსაც აღწევს. ამიტომ კლინიკებიც თავს იზღვევენ, რომ არ შევიდნენ იმ სფეროში, რომელშიც ბოლომდე არ ვიცით როგორ დასრულდება.

„რაც შეეხება დაზღვევას, რომელიც მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმია და ბავშვები მაინც შეიძლება რომ დავაზღვიოთ, სადაზღვევო რისკები ამასაც მოიცავს და შესაძლოა მთელი საქართველოს ბავშვებიც იყვნენ  დაზღვეულნი. ამის ძალიან ბევრი მექანიზმია. სახელმწიფო კლინიკის კეთება დღეს რომ დავიწყოთ, 4-5 წელიწადში ალბათ გავალთ იმ მაქსიმალურ შედეგზე, რომელიც გვინდა რომ მივიღოთ,“ – აღნიშნა ნინო კობახიძემ.

მისი თქმით, ეს რთული და განგრძობადი დაავადებაა და დიაგნოსტიკიდან  დაწყებული რეაბილიტაციით დამთავრებული, საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.  არ აქვს მნიშვნელობა, უცხოეთშია თუ ადგილზე,  ბავშვებს უნდა ჰქონდეთ მკურნალობის შესაძლებლობა.

მისივე ინფორმაციით, 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში სიმსივნით დაავადებული 250-300 ბავშვია. მათი მკურნალობის დაფინანსებაში ჩართულია მერია და სოლიდარობის ფონდი, სადაც შემოწირულობები ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს შეაქვთ.

„თუ სახელმწიფო იტყვის, რომ 18 წლამდე ონკოლოგიურ ბავშვებს სრული მოცულობით ვაფინანსებთ და შესაძლოა ადგილზე შესთავაზოს სახელმწიფო კლინიკის სახით, ეს ისეთი დაავადებაა, რომ ნდობა კლინიკის და ექიმის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, თავად აირჩიოს მშობელმა და ბავშვმა მკურნალობის ის მექანიზმები და მეთოდები, რომლებიც მათთვისაა მისაღები.

მსოფლიო ვითარდება ამ კუთხით, ჩვენ ძალიან ჩამორჩენილები ვართ მიუხედავად იმისა, რომ აპარატურა შეიძლება ყველაზე მარტივია. ამ სამეცნიერო მიმართულებით აქტიური სამუშაოები ბოლო 10-15 წელია ნაკლებადაა ჩატარებული, ჩვენი კვალიფიციური ექიმები გადიან საზღვარგარეთ. მორფოლოგიით დაწყებული სხვა სამედიცინო ნოზოლოგიებით დამთავრებული, პრობლემაა ჩვენთვის, რაც არ უნდა სხვა რამ ვიძახოთ და ამას მხოლოდ ერთი კლინიკა ახორციელებს,“ – განაცხადა ნინო კობახიძემ.

 

იხილეთ ასევე

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა 80%-მდე უნდა იყოს, თბილისში კი მხოლოდ 18%-ია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში პისიარ ტესტირება ჩაერთვება – ასეთია განახლებული გაიდლაინი, რომელსაც სკრინინგის ეროვნული ცენტრი …