მთავარი » მსოფლიო » შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც მზისგან და კანის კიბოსგან დაგიცავთ

შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც მზისგან და კანის კიბოსგან დაგიცავთ

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ შექმნეს ახალი აპლიკაცია მობილური ტელეფონებისთვის, რომელშიც მოცემულია ლოკალიზებული ინფორმაცია ულტრაიისფერი გამოსხივების შესახებ. აპლიკაციაში SunSmart Global UV შესაძლებელია ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ამინდის 5 დღის პროგნოზი შერჩეული გეოგრაფიული წერტილისთვის.

პროგნოზში გამოყოფილია დროის ინტერვალები, როდესაც განსაკუთრებით საჭიროა მზის სხივებისგან დაცვა. ეს ინფორმაცია აუცილებელია სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, რათა იცოდნენ, როდის უნდა გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები, რაც, ჯანმოს განცხადების თანახმად, შეამცირებს კანის კიბოს და თვალების დაზიანების საფრთხეებს.

SunSmart Global UV-ის დაყენება Apple App-დან და Google Play-დან უფასოდაა შესაძლებელი. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ნიდერლანდურ, ესპანურ და გერმანულ ენებზე.

„არსებული მონაცემებით, ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება არის კანის კიბოს წამყვანი მიზეზი. ამიტომ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ და რა გზით დაიცვან მისგან თავი, – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა მარია ნეირამ, – ვიძლევით რეკომენდაციას, თითოეულმა ადამიანმა გამოიმუშავოს აპლიკაციით ყოველდღიურად სარგებლობის ჩვევა, რათა დაიცვას საკუთარი თავი და შვილები.“

2020 წელს მსოფლიოში კანის კიბოს 1,5 მილიონი შემთხვევა დადასტურდა.

ჯანმო აღნიშნავს, რომ მზე თითოეულ ადამიანს სჭირდება, ძირითადად D ვიტამინის გამომუშავებისთვის, რომელიც ძვლების დაავადებების – რახიტის, ოსტეომალაციისა და ოსტეოპოროზის პრევენციისთვისაა საჭირო. თუმცა მზის გადაჭარბებული გამოსხივება შესაძლოა საშიში და სასიკვდილოც კი იყოს. განსაკუთრებით ვერაგი ამ კუთხით ზაფხულის თვეებია.

ჯანმო აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული ავადობისა და გარდაცვალების თავიდან აცილება შესაძლებელია მარტივი წესების დაცვით: შუადღის საათებში მზეზე ნაკლები დრო გაატარეთ, პიკური  ულტრაიისფერი გამოსხივების დროს შეეცადეთ ჩრდილში იყოთ. ატარეთ მზისგან დამცავი ტანსაცმელი, ქუდი და სათვალე, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მზეზე ყოფნას მოვარიდოთ ბავშვები, რადგან ბავშვობაში დიდი დოზით მზის დასხივების მიღება მნიშვნელოვნად ზრდის სხვადასხვა დაავადების რისკს მომავალში.

იხილეთ ასევე

„მაიმუნის ყვავილს“ სახელწოდებას შეუცვლიან

„მაიმუნის ყვავილს“ სახელწოდებას შეუცვლიან. ამ მიზნით ექსპერტებთან კონსულტაციები დაწყებულია – ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. …