მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ,,შიდსი ჯერ არ დასრულებულა“ – შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) მთავარი გზავნილი სამოქალაქო საზოგადოებას

,,შიდსი ჯერ არ დასრულებულა“ – შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) მთავარი გზავნილი სამოქალაქო საზოგადოებას

,,შიდსი – ჯერ არ დასრულებულა“  – ამ გზავნილით შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) შიდსის მსოფლიო დღეს აღნიშნავს და მსოფლიო ლიდერებს, საერთაშორისო ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეახსენებს, რომ შიდსის პანდემიის დასასრულებლად  ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

გასული წლების მსგავსად, შიდსის მსოფლიო დღის კამპანიას სხვადასხვა აქტივობებით  AHF საქართველოც შეუერთდა და საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობით შეხვედრა გაიმართა.

„1 დეკემბერს ყოველწლიურად მსოფლიო აღნიშნავს შიდსის მსოფლიო დღეს. შიდსის ჯანდაცვის ფონდი წლევანდელ კამპანიას აღნიშნავს გზავნილით ,,შიდსი -ჯერ არ დასრულებულა“, ამით  ახსენებს მსოფლიო ლიდერებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ შიდსის პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ამისათვის ბევრია გასაკეთებელი. UNAID-ის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში შიდსის 1,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალურ სამიზნეს ერთი მილიონით აღემატება.  საქართველო, საბედნიეროდ, მიეკუთვნება დაბალი პრევალენტობის ქვეყანას, რაც საქართველოს მთავრობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია მოწოდება ტესტირებაზე, მკურნალობაზე, ასევე ყურადღების გამახვილება დაგვიანებულ მიმართვიანობაზე. ტესტირება აივ ინფექციის გამოვლენის ერთადერთი გზაა, შესაბამისად, ტესტირება და დროული მკურნალობა ხელს უწყობს ვირუსის სუპრესიას. მკურნალობას პრევენციის კუთხითაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ადამიანი, რომელიც მკურნალობას გადის, აღარ არის გადამდები“, -აღნიშნა შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერმა, ნინო ხეთაგურმა.

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ათწლეულში საქართველოს შიდსთან ბრძოლაში ძალიან დიდი მიღწევები აქვს და ეს იმის შედეგია, რომ სახელმწიფო ჯანდაცვაში ხალხზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს და დღეს ქვეყანაში შიდსზე მკურნალობა ხელმისაწვდომია, მთავარია დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია და მკურნალობა. ზაზა ლომინაძემ საზოგადოებას სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლაში ერთიანობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.

,,აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში  შიდსის შემთხვევების მატებაა. დღევანდელი დღის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ შიდსი ჯერ არ დასრულებულა. ყველას მოვუწოდებთ ტესტირებისკენ, ასევე მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს გავერთიანდეთ შიდსთან ბრძოლაში. სახელმწიფო ხალხზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს ჯანდაცვაში. ბოლო ათწლეულში შიდსთან ბრძოლაში საქართველოს დიდი მიღწევები აქვს. მიზანი არის ის,  რომ მთავრობის მიერ ათწლეულების განმავლობაში გაწეული ეს შრომა წყალში არ ჩაიყაროს. ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გაერთიანებისკენ სტიგმისა და  დისკრიმინაციის წინააღმდეგ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შიდსით არიან დაავადებულები“,-განმარტა ზაზა ლომინაძემ.

მოწვეულ საზოგადოებას მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძემ: ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის კონტროლის ცენტრის ორგანიზებით გამოქვეყნდა ჩვენი რეგიონის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ჯანმოს ევროპის რეგიონში 2,3 მილიონი ადამიანია ინფიცირებული აივ ინფექციით და ბოლო 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 24%-ით ნაკლები ადამიანის გამოვლენა მოხდა, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში. აქედან გამომდინარე, გამოვლენის საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დადგა ჩვენს წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მკურნალობის ეფექტურობის კუთხით დიდი მიღწევები გვაქვს, დაავადების გამოვლენის ნაწილში კიდევ ბევრია გასაკეთებელი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგულარული ტესტირება, რომელიც დაავადების გამოვლენის საშუალებას იძლევა, ამისათვის კი ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც სტიგმა და დისკრიმინაცია მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ბოლო წლებში დაინერგა ისეთი სიახლეები როგორებიცაა: თვითტესტირება, უკონტაქტო აპარატებით ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა. ქვეყანაში ტესტირების მხრივ არ გვაქვს საწუწუნო მდგომარეობა. გლობალური ანგარიშის მიხედვით წელიწადში ეს რიცხვი 442 000-ია, რაც ერთ-ერთ კარგ პოზიციაზე ამყოფებს საქართველოს რეგიონში, თუმცა დაავადების გამოვლენისთვის საჭიროა, გარემოს გაუმჯობესება, სადაც ადამიანები თამამად მოვლენ და ჩაიტარებენ ტესტირებას“.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტის დირექტორის მოადგილემ ნიკა ჩხარტიშვილმა საოზგადოებას საქართველოში არსებული სტატსტიკა გააცნოა და მათ პრევენციისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე ესაუბრა: ეს არის დაავადება, რომელიც შესაძლოა ყველას დაემართოს, ამისგან დაზღვეული არავინაა. აივით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით) დაინფიცირების საშიშროება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ გადადების რისკი იზრდება გარკვეული ქცევების არსებობის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერია აივ/შიდსით პაციენტების ანტივირუსული მკურნალობით მოცვისა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში ვირუსული არაგანსაზღვრადობის (სუპრესიის) მაჩვენებლებით. 2015 წლიდან, საქართველომ, პირველმა აღმოსავლეთ ევროპაში და ერთერთმა პირველმა მსოფლიოში, დანერგა პრინციპიუმკურნალე ყველას“, რაც გულისხმობს იმას, რომ მკურნალობა უტარდება ყველა აივ ინფიცირებულს იმუნური სტატუსის და დაავადების სტადიის მიუხედავად. ასეთმა მიდგომამ უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი“.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა უფასო და ანონიმური ტესტირება. ღონისძიების ფარგლებში, შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს. ღონისძიებაში პარლამენტარებთან ერთად, სამედიცინო სფეროს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ამ დღესვე ქვეყნის მასშტაბით გაიმართა  სხვადასხვა აქტივობები, რომლის მიზანიც საზოგადოების ფართო ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლებაა, რომ ადამიანებს კიდევ ერთხელ შეახსენონ – საზოგადოების გაერთიანებით შესაძლებელია შიდსის პანდემიის დასრულება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა მოხალისეებმა კი მონაწილეობა მიიღეს დაავადების შესახებ საინფორმაციო მასალებისა და კონდომების გავრცელებაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა მოხალისეებმა კი მონაწილეობა მიიღეს დაავადების შესახებ საინფორმაციო მასალების გავრცელებაში. აქტივობა დაიწყო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან და საინფორმაციო მასალები დარიგდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება და მიზნად ისახავს მთავარი გზავნილის შეხსენებას, რომ საზოგადოების გაერთიანებით შესაძლებელია შიდსის პანდემიის დასრულება.

ცნობისათვის, UNAID-ის უახლესი სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში აივ ინფექციით 38 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, 40 მილიონზე მეტი აივ ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთი ინფიცირებული სარგებლობს ანტირეტროვირუსული თერაპიით, არიან პაციენტები, რომლებსაც მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ. UNAID-ის ანგარიშის თანახმად, შარშან მსოფლიოში შიდსის 1,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალურ სამიზნეს ერთი მილიონით აღემატება. დაახლოებით 650 ათასი ადამიანი კი შიდსთან ასოცირებული დაავადებებით დაიღუპა. სწორედ ამიტომ, AHF მოუწოდებს მსოფლიოს, განაახლოს შიდსთან ბრძოლა, გაააქტიუროს მოწოდებები ტესტირებასა და მკურნალობაზე და ისაუბროს დაგვიანებული მიმართვიანობის პრობლემაზე  იმ ადამიანების პატივსაცემად, ვინც შიდსთან დაკავშირებულ დაავადებებთან ბრძოლაში დამარცხდა, ან ამ დრომდე ბრძოლას აგრძელებს. AHF-მა 45 ქვეყანაში არაერთი ღონისძიება დაგეგმა, მათ შორის იყო ვირტუალური კონფერენციებიც. AHF-ს წარმომადგენლები განაგრძობენ მუშაობას, რათა მსოფლიო ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცეს აივ ინფექცია და ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრობენ.

ინფორმაცია შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) შესახებ

შიდსის ჯანდაცვის ფონდი შიდსთან დაკავშირებული უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, ამჟამად, 45 ქვეყანაში 1,6 მილიონზე მეტ ადამიანს უწევს სამედიცინო მომსახურებას. AHF-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდსა და ოფიციალურ გვერდებს სოციალურ ქსელებში:

 

www.aidshealth.org

www.facebook.com/aidshealth

იხილეთ ასევე

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა 80%-მდე უნდა იყოს, თბილისში კი მხოლოდ 18%-ია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში პისიარ ტესტირება ჩაერთვება – ასეთია განახლებული გაიდლაინი, რომელსაც სკრინინგის ეროვნული ცენტრი …