მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სპეციალურ ონლაინ-პლატფორმაში საქართველოში მოქმედი ყველა სოფლის ამბულატორია ჩაერთო

სპეციალურ ონლაინ-პლატფორმაში საქართველოში მოქმედი ყველა სოფლის ამბულატორია ჩაერთო

 

საქართველოში მოქმედი ყველა სოფლის ამბულატორია ინტერნეტითაა აღჭურვილი. ასევე, ყველა სოფლის ექიმს აქვს წვდომა უახლეს პროფესიულ ინფორმაციაზე საერთო საინფორმაციო ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. ამის შესახებ jandacva.ge-ს საგანგებო სიტუაციების  კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, რომლის ბაზაზეც აღნიშნული პლატფორმაა განთავსებული.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან პარტნიორობით, გადამზადდნენ სოფლის პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალები კორონავირუსის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევების მართვის საკითხებზე.

შეგახსენებთ, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევების ეფექტიანი მართვისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სოფლის ექიმებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა გასული წლის დეკემბერში დანერგა. პლატფორმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით შეიქმნა.

ერთერთი ამბულატორია, რომელიც ინტერნეტით აღიჭურვა, სოფელ გეგუთში ფუნქციონირებს.

გეგუთის სოფლის ექიმის ამირან მუშკუდიანის განცხადებით, აღნიშნული პლატფორმის დანერგვის მიზნით მათთან სპეციალისტები რამდენიმე თვის წინ მივიდნენ, ჩართეს ინტერნეტ ქსელი, მიიტანეს კომპიუტერები და აქტიურად დაიწყეს ახალი სამედიცინო პლატფორმის სწავლა.

„ამ პლატფორმის მეშვეობით, ბევრი რამ გამარტივდა – წამლის რეცეპტის გამოწერა, იმუნიზაციის მონაცემების შეტანა, ანგარიშების შედგენა, ონლაინ ტრენინგებზე დასწრება. ტრენინგები იძლევა ძალიან დიდ გამოცდილებას, სიახლეები მოგვეწოდება ფაქტიურად ყოველწუთიერად. ერთმანეთზე უკეთესი ექიმები გვიტარებენ ტრენინგებს, ამ ონლაინ შეხვედრებზე მთელი რაიონის სოფლის ექიმები გავერთიანდით და ერთმანეთშიც ვცვლით ინფორმაციას, ვის რა საჭიროება აქვს, ვის რითი შეუძლია დახმარება. სიახლეების სწავლა ყოველთვის რთულია და შეიძლება თავიდან მოგეჩვენოს, რომ საქმის ძველებურად კეთება, როგორც მიჩვეული იყავი ისე ჯობდა. მაგრამ ცოტა მეტი ცნობისმოყვარეობა თუ გექნება, მეტი ინტერესი, უცებ აუღებ ალღოს სიახლეს და მიხვდები, რომ ახალი ცოდნით ბევრად ეფექტური და სწრაფი ხდება მთლიანი პროცესი. უკვე სახლში ან შენს კაბინეტში გაქვს ყველაფერი, როგორ შეიძლება ეს არ მოგწონდეს? ეს პლატფორმა ჩემი მარჯვენა ხელია.” – აცხადებს ამირან მუშკუდიანი.

იხილეთ ასევე

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% …