მთავარი » დაზღვევა » სტომატოლოგიისა და ხელოვნური განაყოფიერების სრული დაფინანსება – კიდევ რას ითვალისწინებს მოდელი, რომელზეც საქართველო გადადის

სტომატოლოგიისა და ხელოვნური განაყოფიერების სრული დაფინანსება – კიდევ რას ითვალისწინებს მოდელი, რომელზეც საქართველო გადადის

საქართველო გეგმავს, სოციალური კოდექსის ფარგლებში, განახორციელოს სადაზღვევო რეფორმა, რომელიც დამყარებული იქნება სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებულ მოდელზე, რომელიც ევროპაში მოქმედებს.

აღნიშნული პრაქტიკა საქართველოში დღეს არსებულ სისტემასთან შედარებით, მოსახლეობის მნიშვნელოვნად მეტ საჭიროებას ფარავს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მიერ 7 ივლისს წარმოდგენილ გეგმაშია აღნიშნული, რომელიც 2030 წლამდე პერიოდში სოციალური და ჯანდაცვის სისტემების რეფორმას ითვალისწინებს.

პრეზენტაციაში სამინისტროს წარმოდგენილი აქვს ის პრინციპები, რომელზე გადასვლასაც ქვეყანა უახლოეს 10 წელიწადში გეგმავს.

კერძოდ, საუბარია გერმანულ მოდელზე, რომლის მიხედვითაც, 100%-ით ფინანსდება გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორია და ქირურგია, მედიკამენტები, ონკოლოგია, პალიატიური ზრუნვა, მშობიარობა, პრევენცია, პროფილაქტიკა, შინ მოვლა, რეაბილიტაცია, სტომატოლოგია, ბავშვთა გეგმიური შემოწმება, ხელოვნური განაყოფიერება, შრომის/ფსიქო/სოციო თერაპია, პედიატრიული მომსახურება და სხვა.

ამჟამინდელი მოდელით კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 85-75%-ის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორია და ქირურგია, კარდიოქირურგია, ქიმიო, ჰორმონო, სხივური თერაპია, მშობიარობა.

ცნობისთვის: გერმანიაში სოციალური დაზღვევა 1883 წლიდან ხორციელდება. სავალდებულო სოციალურ დაზღვევას ექვემდებარება ყველა დაქირავებული თანამშრომელი, რომლებიც შემოსავლის სახით გარკვეულ თანხაზე ნაკლებს იღებენ.

გერმანიის სამედიცინო დაზღვევის სისტემას ავტონომიური ხასიათი აქვს და არ არის დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტზე. ის ითვალისწინებს როგორც ჯანმრთელობის, ისე უმუშევრობის დაზღვევას.

თანხის ნახევარს დასაქმებული იხდის, მეორე ნახევარს კი – დამსაქმებელი. უბედური შემთხვევისგან სადაზღვევო შენატანს კი სახელმწიფო ახორციელებს.

კონკრეტულად, რომელი მოდელი და რა სახით იქნება განხორციელებული საქართველოში, ეს სოციალურ კოდექსში განისაზღვრება, რომელზე მუშაობაც 2 წელიწადში დასრულდება.

 

იხილეთ ასევე

სადაზღვევო პაკეტები სამედიცინო სერვისების დიდ ნაწილს არ ფარავს – რატომ არ იზრდება პოლისის საშუალო ღირებულება

საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო დაზღვევა არსებული სამედიცინო სერვისების დაახლოებით 40%-ს ფარავს, განვითარებულ ქვეყნებში კი …