მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „სტომატოლოგიურ კლინიკებს საანესთეზიო საშუალებების დეფიციტი არ ექნებათ“ – რამ გამოიწვია სექტორში პანიკა

„სტომატოლოგიურ კლინიკებს საანესთეზიო საშუალებების დეფიციტი არ ექნებათ“ – რამ გამოიწვია სექტორში პანიკა

GDP-ს ვალდებულების ამოქმედების შემდეგ სტომატოლოგიური მასალების საბითუმო დისტრიბუტორებისთვის საანესთეზიო საშუალებების დისტრიბუციისთვის ახალი სტანდარტის დაკმაყოფილება გახდა საჭირო, რამაც სტომატოლოგიურ კლინიკებში აღნიშნული მედიკამენტების მომარაგების დეფიციტის შიში შექმნა.

ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს GDP-GMP ექსპერტი გოგიტა დათუკიშვილი, რომლის განცხადებითაც, სახელმწიფომ უკვე შექმნა მექანიზმი, რომელმაც ეს პრობლემა საუკეთესო გზით მოაგვარა.

კერძოდ, ბჟენებისა და სხვა მასალების დისტრიბუცია გათავისუფლდა „ჯიდიპისაუცილებლობისგან, რადგან ისინი ფარმაცევტულ მასალად აღარ ითვლება.

„იმ დისტრიბუტორებმა, ვისაც ეს მასალები შემოაქვთ, უნდა გააუქმონ ჯანდაცვის სამინისტროში ძველი შეტყობინება და გააკეთონ ახალი შეტყობინება, როგორც სტომატოლოგიური მასალების დისტრიბუტორებმა, რაც საშუალებას მისცემთ, ყველანაირი სტანდარტის გვერდის ავლით მოამარაგონ კლინიკები.

თუმცა დარჩა მცირე სეგმენტი, რომლის გარეშეც სტომატოლოგია წარმოუდგენელია – ესაა საანესთეზიო საშუალებების დისტრიბუცია. ეს საშუალებები ფარმაცევტული პროდუქტია ამ და მათი რეალიზაციისთვის  დისტრიბუტორებმა უნდა დააკმაყოფილონ “ჯიდიპი” სტანდარტი. ამიტომ დადგა პრობლემა, რომ მათ აღარ შეუძლიათ ამ პრეპარატების ბითუმად გაყიდვა, სანამ აღნიშნულ სტანდარტს არ დააკმაყოფილებენ. აქ ასეთი გამოსავალია: დისტრიბუტორს შეუძლია, დარეგისტრირდეს ბროკერად, განაბაჟოს საკუთარი პროდუქცია და ის მიყიდოს „ჯიდიპის“ მქონე წამლის სადისტრიბუციო კომპანიას, რომელსაც აქვს მედიკამენტების დისტრიბუციის ლიცენზია და საწყობები. ამას სჭირდება 5 დღე, რათა დაიდოს ხელშეკრულება “ჯიდიპის” მქონე რეალიზატორებთან. პრობლემა მარტივად გვარდება და ბაზარზე არანაირი პანიკა არ შეიქმნება,“- განაცხადა გოგიტა დათუკიშვილმა.

მისივე თქმით, ის და სხვა ექსპერტები მზად არიან ყველანაირად დაეხმარონ დისტრიბუტორებს,  ვისაც არ სურს ბროკერად დარჩენა და აქვს სურვილი, საკუთარი საწყობი ჰქონდეს და „ჯიდიპი“ მიიღოს.

ფარმაცევტული საწარმოებისა და დისტრიბუტორებისთვის ჯიემპი“ და „ჯიდიპი“ სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო 2022 წლის 1 იანვრიდან გახდა.

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტების ფასების ნაწილში NDI-ს კვლევის მეთოდოლოგიის მიმართ შეკითხვები გაჩნდა 

წამლების საფასური მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია აღნიშნული. კითხვაზე …