მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ტატიშვილის კლინიკამ, პირველად საქართველოში, ფილტვების ულტრაბგერითი კვლევა დაიწყო

ტატიშვილის კლინიკამ, პირველად საქართველოში, ფილტვების ულტრაბგერითი კვლევა დაიწყო

ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში ფილტვების ულტრაბგერითი კვლევის მეთოდი დაინერგა, რომელიც აქამდე საქართველოში არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ ტარდება. როგორც ამ მეთოდის დანერგვის ინიციატორმა,  რადიოლოგმა ალექსანდრე მინდაძემ jandacva.ge-ს განუცხადა, აღნიშნული მეთოდი უცხოეთში 20 წელზე მეტია აქტიურად გამოიყენება, საქართველოში კი დღემდე არ ყოფილა გამოყენებული. ალექსანდრე მინდაძის განმარტებით, ეს მეთოდი შესაძლებლობას იძლევა, ფილტვის სხვადასხვა დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება მოხდეს.

ფილტვის კვლევის ყველაზე ეფექტური მეთოდი კომპიუტერული ტომოგრაფიაა, თუმცა ულტრაბგერით კვლევას აქვს უპირატესობები, როგორიცაა მაღალი ინფორმატიულობა, სიიაფე, არაინვაზიურობა და უვნებლობა, მრავალჯერადად გამეორების შესაძლებლობა და პროცედურის სიმარტივე.

ფილტვის პათოლოგიები, რომელთა დროსაც გამოიყენება ულტრაბგერითი კვლევა, შემდეგია:  პნევნოთორაქსი (მეთოდის მგრძნობელობა 97-100%), პლევრის ღრუში სითხის არსებობა (მგრძნობელობა 97-100%), ფილტვების ინტერსტიციალური დაზიანება, რომელიც შეიძლება დავყოთ 3 პათოლოგიად: 1.     ფილტვის ფიბროზი-(მგრძ.89%), 2.       პნევმონია (მათ შორის კოვიდი)-მგრძ.87-95%, ფილტვის შეგუბება, როგორც კარდიოგენური, ასევე არაკარდიოგენური გენეზის  (მგრძნობელობა-95%).

ეს მეთოდი ასევე გამოიყენება დიალიზზე მყოფ პაციენტებში.

„ამერიკელი მკვლევარების შეფასებით, პაციენტების სიკვდილიანობა, რომელთაც არ უტარდებოდათ მკურნალობის კორექცია ულტრაბგერითი კვლევით გამოვლენილი ფილტვის შეგუბების ხარისხის გათვალისწინებით, არის 4-ჯერ მეტი. ამავე პაციენტებში გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან არის 3-ჯერ მეტი, რაც საჭიროებს გადაუდებელ სტაციონარულ მკურნალობას, ეს კი დაკავშირებულია დიდ ფინანსურ დანახარჯებთან.

ჩვენ გამოვიკვლიეთ 300-მდე პაციენტი, რამაც საშუალება მოგვცა დაგვეხვეწა კვლევის მეთოდიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ასევე, ტატიშვილის ცენტრისა და მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გამოკვლევა ჩაუტარდა 24 პაციენტს, რომელთან უტარდებოდათ დიალიზი, მათ შორის 13 პაციენტს დიალიზამდე და დიალიზის შემდეგ. 13 პაციენტიდან 4-ს დაუდგინდა ფილტვის შეგუბების მსუბუქი ხარისხი, რომელიც ალაგდა დიალიზის შემდეგ. ერთ პაციენტს დაუდგინდა ფილტვის შეგუბების საშუალო ხარისხი, რომელიც დიალიზის შემდეგ გამოსწორდა. ერთ პაციენტს დაუდგინდა ფილტვის შეგუბების მძიმე ხარისხი, რომელიც დარჩა დიალიზის შემდეგაც,“ – განაცხადა ალექსანდრე მინდაძემ.

მსოფლიო სამედიცინო პრესაში არაერთი სტატია დაიწერა, სადაც ნათქვამია, რომ კოვიდ 19-მა 2020 წელს ჯანდაცვის სისტემებზე დიდი ზეწოლა გამოიწვია მთელ მსოფლიოში. სხვადასხვა მეთოდმა, მათ შორის ფილტვების ულტრაბგერითმა კვლევამ კი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პაციენტების დახარისხებაში – ანუ იმის განსაზღვრაში, რომელ პაციენტს უნდა გაეკეთებინა კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელი უნდა დარჩენილიყო სახლში, რომელი უნდა გადასულიყო ინტენსიურ განყოფილებაში. კვლევებში აღნიშნულია, რომ ულტრაბგერის გამოყენება რეკომენდებულია არაერთ კლინიკურ სიტუაციაში, რაც უკავშირდება რესპირატორულ, გულ-სისხლძარღვთა, თრომბოემბოლურ და კოვიდ 19-ის სხვა ასპექტებს.

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …