მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში ჯერ არ არის კატასტროფული მდგომარეობა, ჩვენ გვაქვს მესამე ტალღის დასაწყისი

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში ჯერ არ არის კატასტროფული მდგომარეობა, ჩვენ გვაქვს მესამე ტალღის დასაწყისი

ჩვენ გვაქვს მესამე ტალღა, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ არ გვაქვს მესამე ტალღის სრულმასშტაბიანი ვარიანტი, როგორც არის ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, – განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ 22 აპრილს, მსოფლიოში ახალი შემთხვევების აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა – 585 000 შემთხვევა. ამ მხრივ, საქართველოში ჯერ არ არის ასეთი კატასტროფული მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს მესამე ტალღის დასაწყისი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში, ჯერ გარდაცვალების შემთხვევების მატებაც კი არ შეინიშნება, რასაც კლინიკური სექტორი ახერხებს.

„ჩვენთან, ყოველდღე, ათის ფარგლებშია გარდაცვალების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ხდება ევროპასა და ამერიკაში, ეს რეკორდულად დაბალი რიცხვია. ყოველი 100 დაავადებულიდან ერთი ადამიანი ჩვენთან კვდება, თორემ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში, როგორც წესი, ორი, ან სამი ადამიანი კვდება. მოდით, ამას ნუ დავუკარგავთ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და ჩვენს ექიმებს. ზოგჯერ, ამას ისე აგდებით მოიხსენიებენ, თითქოს, არაფერი არ არის. არადა, როგორ არ არის?! ერთი და იგივე როგორ არის, წელიწადნახევრის მანძილზე 4 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა თუ 8 000, ან 12 000?! არ მესმის, რატომ არ უნდა ითქვას ამის შესახებ და რატომ არ უნდა აღინიშნოს ჯანდაცვის სისტემის და სისტემის დამსახურება?“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ახალი შემთხვევების მატება პირდაპირ ურტყამს ორ სექტორს – ჰოსპიტალურ სექტორს და ბიზნესს, ანუ ეკონომიკას, რაც საბოლოო ჯამში, ადამიანების კეთილდღეობას ურტყამს.

„კლინიკური სექტორი მესამე ტალღას ჯერჯერობით, კარგად მომზადებული შეხვდა. ნოემბერ-დეკემბრისგან განსხვავებით, არანაირი გადატვირთვა არ იგრძნობა და ჯერ, არავის დაუჩივლია, რომ ან სასწრაფომ დაიგვიანა, ან ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა, ან ვინმეს ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა. ეს იმიტომ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მოახდინა 5 000 საწოლის მობილიზება და რესურსი კიდევ მეტი აქვს. დღეს 3 600 ჰოსპიტალიზებული პაციენტი გვყავს, მაგრამ 1 400 ადგილი კიდევ თავისუფალია. ასევე, ძალიან გამართულად მუშაობს ოჯახის ექიმის ონლაინ კლინიკები, სასწრაფო დახმარება და ექიმებს ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდათ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში კოვიდის საწინააღმდეგო ეფექტიანი მედიკამენტის შექმნა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ სიმძიმის ცენტრმა ვაქცინებიდან მედიკამენტების კვლევაზე გადმოინაცვლა და არის რამდენიმე იმედის მომცემი მედიკამენტი, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ არსებობს ისეთი, რომელმაც კლინიკური კვლევის ყველა სტადია გაიარა და, რომელსაც ას პროცენტთან მიახლოებული, მაღალი ეფექტიანობა აქვს.

„უახლოეს თვეებში არ ველოდებით, მაგრამ სადღაც წლის ბოლოსთვის ველოდებით მედიკამენტებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იხილეთ ასევე

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% …