მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფასების კლების ტენდენცია თითქმის ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე ნარჩუნდება
2016 წლის მაისის თვიდან მედიკამენტთა ზოგიერთ ჯგუფზე ფასები უკვე შემცირდა.ტენდენცია თითქმის ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე 2016 წლის დეკემბრამდე ნარჩუნდება;

ფასების კლების ტენდენცია თითქმის ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე ნარჩუნდება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ფარმაცევტული ბაზრის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემულია ამ დარგში არსებული ძირითადი ტენდენციები, პრობლემები და მათ გადასაჭრელად საჭირო რეკომენდაციები.

კვლევის საანგარიშო პერიოდი ძირითადად 2012-2016 წლებს მოიცავს, თუმცა ზოგიერთ უფრო ადრინდელ საკითხსაც მოიცავს.

ანგარიშში შემდეგი ძირითადი მიგნებებია განსაკუთრებით აღსანიშნავი:

“რეცეპტების სისტემის დადებითი მხარეები მის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამო არც თუ ისე დიდია. ფარმაცევტული ქსელები მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისას ყოველთვის არ ჯარიმდებიან. ამ ქმედებისთვის კანონით განსაზღვრული ჯარიმები საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ დარღვევის პრევენცია მოხდეს; ქვეყანაში კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება პოლიპრაგმაზია (ავადმყოფისათვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა) და ფარმაკოზედამხედველობის სრულყოფილი სისტემის არარსებობა;

2013-2016 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად რეცეპტების (ელექტრონული რეცეპტების) შემოღებას და მასთან დაკავშირებულ თანმდევ პროცესებს ეხებოდა. ამავე პერიოდში განხორცილებული ცვლილებები, ასევე უკავშირდება ჯარიმების გამკაცრებას უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობაზე და ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევაზე. წესების დარღვევისას ბევრ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა.

2014 წელს, განსაკუთრებით კი აპრილის შემდეგ, ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვანად გაიზარდა. ზრდის ტემპმა პიკს 2015 წლის მეორე ნახევარში მიაღწია. 2015 წლის ნოემბრიდან ფასების ზრდის ტემპმა კლება დაიწყო და 2016 წლის მაისის თვიდან მედიკამენტთა ზოგიერთ ჯგუფზე ფასები უკვე შემცირდა. ფასების კლების ტენდენცია თითქმის ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე 2016 წლის დეკემბრამდე ნარჩუნდება;

იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით, საწარმოები „ავერსი-რაციონალი” და „ჯი-ემ-პი”მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში ფარმაცევტული წარმოების სექტორის განვითარებაში, მათ ბაზრის 97% უკავიათ.

ამჟამად ბაზარზე დაშვებულია 11,168 მედიკამენტი (წამლის ფორმის, დოზისა და შეფუთვაში რაოდენობის გათვალისწინებით), რომელთა შორის 1,367 ქართული წარმოებისაა, ეს კი ყველა მედიკამენტის რაოდენობის 12,25% შეადგენს, საქართველოში წარმოებული მედიკამენტებიდან 259 სამკურნალო საშუალებას აწარმოებს ,,ავერსი-რაციონალი“, ხოლო 237-ს – ,,ჯი-ემ-ფარმაცევტიკალსი“ (ჯი-ემ-პი). აქედან ცხადია, რომ საქართველოში არიან ისეთი მწარმოებლებიც, რომლებიც ფარმავცევტული პროდუქტს საქართველოში შეძენილი ნედლეულით აწარმოებენ;

2012 წელს ფარმაცევტულ კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა სახელისუფლო პარტიას „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა” მთლიანობაში 415,000 ათასი ლარი შესწირეს. მსგავსი შემთხვევები 2012 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა”, – ნათქვამია კვლევაში.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

ვატო სურგულაძე – რეფერენტული ფასები ბაზრიდან ხარისხიან მედიკამენტებს გააქრობს

ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის, ვატო სურგულაძის თქმით, წამლების ფასზე ზღვრის დაწესებამ, მიუხედავად რიგი ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილობრივ …