მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » თოდუას კლინიკა მწეველებს ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგს სთავაზობს  

თოდუას კლინიკა მწეველებს ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგს სთავაზობს  

ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ფილტვის კიბოს მომატებული რისკის მქონე მოქალაქეებს უფასო სკრინინგს – კომპიუტერულ ტომოგრაფიას სთავაზობს. სერვისს მიიღებენ ის პირები, რომელთა ასაკიც 55-75 წლამდეა და აქვთ მწეველობის ხანგრძლივი ისტორია.

სპეციალურ ვებ-გვერდზე, შესაბამისი ფორმის შევსების შემდეგ, მსურველი მიიღებს ინფორმაციას სკრინინგის საჭიროების შესახებ და ჩაეწერება წინასწარ – https://bit.ly/2QsYVFj

სკრინინგის პერიოდი 1 ივნისიდან 1 ივლისამდეა.

სკრინინგის პროგრამასთან დაკავშირებით შესაძლებელია თოდუას კლინიკასთან დაკავშირება ნომერზე: 032 2 600 600.

ფილტვის კიბო მსოფლიო მასშტაბით ონკოლოგიური ავადობისა და სიკვდილობის წამყვანი მიზეზია.

თოდუას სამედიცინო ცენტრის კლინიკური ონკოლოგის ნათია ჯოხაძის თქმით,

ბოლო ათწლეულებში მამაკაცებში ფილტვის კიბოს სიხშირე კლებულობს, ხოლო ქალებში 36%-ითაა გაზრდილი, რაც თამბაქოს მოხმარების ზრდის მიზეზია. ონკოლოგის თქმით, თამბაქოს მომხმარებელთა შორის ფილტვის კიბოს გაჩენის ალბათობა არამწეველებთან შედარებით 30%-ით მეტია.

„ავადობის სიხშირე არაა ამ დაავადების პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ ფილტვის კიბო მსოფლიოში სიმსივნური სიკვდილობის ყველაზე ხშირი მიზეზია,“ – აცხადებს ჯოხაძე და განმარტავს, რომ 2003 წელს დასრულდა ადამიანის გენომის პროექტი, რის შედეგადაც ადამიანის გენომი გაიშიფრა და მეცნიერებმა წაიკითხეს, რა იყო სხვადასხვა დაავადების გამოწვევის მიზეზი. ამის შემდეგ დაიწყო უდიდესი სამეცნიერო  რესურსების მობილიზაცია, რათა  სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრის გზები ეპოვათ. გამოჩნდა ბევრი მედიკამენტი და ახალი მეთოდი და  სხვადასხვა დაავადების გადარჩენადობის მაჩვენებელი შეიცვალა, თუმცა, უდიდესი სამეცნიერო რესურსის ჩადების მიუხედავად, ეს ფილტვის კიბოს არ შეეხო.  დღეს ფილტვის კიბოს შემთხვევაში 5-წლიანო გადარჩენადობის მაჩვენებელი 10-15%-ია. მედიკოსი განმარტავს, რომ ამის მიზეზი, გარდა დაავადების ბიოლოგიური აგრესიულობისა, გვიანი მიმართვიანობაა.

„შემთხვევათა 80-90%-ში ადამიანები მოგვმართავენ მაშინ, როდესაც დაავადება მე-3-მე-4 სტადიაზეა და რადიკალური მკურნალობის რესურსი არ გვაქვს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დაავადების ადრეულ სტადიაზე სიმპტომები არასპეციფიკურია – სისუსტე, დაღლილობა, ხველა, ტემპერატურა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია… ამ სიმპტომებით კი პაციენტები, როგორც წესი, ონკოლოგს არ მიმართავენ, იწყებენ თერაპიულად მკურნალობას და დრო იკარგება.  ონკოლოგებს კი მოგვმართავენ, როცა არის სისხლიანი ხველა, ტკივლები ძვლებში, სუნთქვის გაძნელება,“ – აცხადებს ნათია ჯოხაძე.

მისი ინფორმაციით, განვითარებულმა ქვეყნებმა ამ საკითხზე ზრუნვა დაიწყეს და მაღალი რისკი პაციენტებისთვის სკრინინგი დანერგეს. მსოფლიოში 2 ქვეყანაა – ამერიკა და ჩინეთი – სადაც ეს ხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. საქართველოში კი მსგავსი სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, თუმცა არის მეთოდი, რომლითაც ამ სახის კიბოს სკრინინგი ხდება. ესაა დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის ხანგრძლივობა მცირეა და დასხივების დოზა დაბალია.

იხილეთ ასევე

რა საფრთხეს გვიქმნის ახალი შტამები და მოქმედებს თუ არა მათ წინააღმდეგ საქართველოში არსებული ვაქცინები

რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული Covid-ის ახალი შტამები? რა ახალ რისკებს უქმნის ისინი მოქალაქეებს? მოქმედებს თუ არა …