მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » თურქეთი საქართველოსთვის, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მედიკამენტების დაბალ ფასად მიწოდებას გეგმავს

თურქეთი საქართველოსთვის, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მედიკამენტების დაბალ ფასად მიწოდებას გეგმავს

თურქულმა მხარემ საქართველოს,  სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში,  შესაძლოა,  ფარმაცევტული პროდუქცია დაბალ ფასში მიაწოდოს.

ამის შესახებ თურქეთში მყოფმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  გიორგი წოწკოლაურმა და   თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილემ თოლგა თოლუნაიმ ისაუბრეს. შეხვედრა ქალაქ ანკარაში გაიმართა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე თურქულმა მხარემ საქართველოში, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა. კერძოდ, საუბარი შეეხო ფარმაცევტული პროდუქციის მნიშვნელოვნად დაბალ ფასში მოწოდებას.

„მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ ორი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს შორის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯანდაცვის სამინისტოს განცხადებით, როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, მოხდება სამედიცინო ტრეინინგების ჩატარება, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებას კიდევ უფრო გაზრდის.

სამუშაო ვიზიტის მიზანი 2020 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ) შორის  ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმია.

მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების

განხორციელებასა და ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის

რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც ისაუბრეს. განიხილეს სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს.

იხილეთ ასევე

სად არის შესაძლებელი გრიპზე უფასო ვაქცინაცია – სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი

გამოქვეყნდა სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება შეუძლიათ. სია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე. …