მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაძვირების პროგნოზი არ გამართლდა

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაძვირების პროგნოზი არ გამართლდა

თურქეთიდან იმპორტირებული, იაფფასიანი მედიკამენტების გაძვირების პროგნოზები არ გამართლდა. როგორც თურქული მედიკამენტების ერთერთი უმსხვილესი იმპორტიორის „ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა jandacva.ge-ს განუცხადა, ფასების ზრდა პროდუქციის მცირე ნაწილზე, ისიც უმნიშვნმელოდ, მაქსიმუმ 5%-ის ფარგლებში დაფიქსირდა, რასაც თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

ამასთან, მისივე თქმით, მათ ქსელში თურქეთიდან შემოტანილი წამლების საკმაოდ დიდი ასორტიმენტია წარმოდგენილი და ამ კატეგორიის წამლების ჩამონათვალი მუდმივად იმატებს.

შეგახსენებთ: ივლისში ექსპერტების ნაწილი ქართულ ბაზარზე თურქული მედიკამენტების გაძვირებას პროგნოზირებდა. მიზეზად ისინი იმ ფაქტორს ასახელებდნენ, რომ თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდებოდა. საქმე ისაა, რომ ქვეყნის პირველი პირის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის 7 ივლისის ბრძანებით, დადგინდა ფარმაცევტული პროდუქტების ახალი ტარიფები. ძველი ტარიფების გადახედვის საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა.

საქართველოს სააფთიაქო ქსელებისა და ექსპერტების ნაწილი ამ მიზეზით ქართულ ბაზარზე შემოტანილი, იაფფასიანი თურქული მედიკამენტების 20%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს –  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა ივლისშივე  განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში საქართველოში თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 6,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა.

ოფიციალური სტატისტიკით, თურქული ბაზრის გახსნის გამო საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებში 80 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.

 

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების ბაზრიდან გასვლის რისკი დაზღვეულია – სამინისტროს პოზიცია

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება არ ქმნის რისკს, რომ დიდი ფარმაცევტული კომპანიებისთვის საქართველო მიმზიდველი აღარ იქნება …